„მაგრამ სახლში კი აბსოლუტურად ვერ შემოხვედით“ (მეფისტო): ფიხტეს სუბიექტური იდეალიზმის რეცეფცია გოეთეს „ფაუსტში“
საკვანძო სიტყვები:
იოჰან ვოლფგანგ გოეთე, იოჰან გოტლიბ ფიხტე, „ფაუსტი“, „მეცნიერებათმცოდნეობა“, (მო)ქმედება, აბსოლუტური „მე“ანოტაცია
1.გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილის მეორე მოქმედებაში (სცენა: „სამუშაო ოთახი II“, “Studierzimmer II”) ფაუსტად გადაცმული მეფისტოფელი ფრაზით „მაგრამ სახლში კი აბსოლუტურად ვერ შემოხვედით“ („kommt nur nicht absolut nach Haus“) [V. 6736] (Goethe 2001: 63) სარკასტულად მიმართავს ყოფილ სტუდენტსა და აწ უკვე ბაკალავრს და ამ ფრაზაში აშკარაა იოჰან გოტლიბ ფიხტეს ფილოსოფიის მთავარ ცნებაზე, კერძოდ, „აბსოლუტურ მე“-ზე („das Absolute Ich“) მინიშნება (Gaier 2004: 87). ამ ფრაზაში ასევე თვალსაჩინოა თავად ამ ცნებისა და მთელი ფიხტეს ფილოსოფიისადმი გოეთეს კრიტიკული დამოკიდებულება. და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფიხტეს ლანდი გოეთეს ტექსტში გაკრთება: „ფაუსტის“ მთელს ტექსტში ფიხტეანური ფილოსოფიის კრიტიკა და რეცეფცია გამჭოლადაა მოცემული და ის, რომ ტრაგედიის პირველ ნაწილში ფაუსტი იოანეს სახარების თარგმნისას სახარების ბერძნულ ტექსტში მოცემულ ლოგოსს „საქმედ“, „ქმედებად“ (“die Tat”) თარგმნის, აქ, ჩემი აზრით, სწორედ ფიხტეანური ფილოსოფიიდან მომდინარე იმპულსებიც უნდა იყოს უკუფენილი.
2.აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ეს ბაკალავრი ფაუსტად გადაცმულ მეფისტოსთან დისკუსიისას წინ წამოსწევს ქმედებისა („da wird was getan”) და (შე)ქმნის („schafft“) ცნებებს, ეს ბაკალავრს დიდად აახლოვებს ფიხტეს იდეებთან და აქ ცხადი ხდება, რომ ის იზიარებს ქმედებისა („Tathandlung“) და მოქმედების (“Akt”) ფიხტესეული ცნებების საზრისს: „ადამიანის სიცოცხლეს ხომ სისხლი ამოძრავებს და ყველაზე მეტად სადა ჩქეფს იგი, თუ არ ახალგაზრდას ძარღვებში?! ესე არს ცხოველმყოფელი სისხლი, რომელიც ახალ ძალებს გვანიჭებს, რომელიც სიცოცხლიდან ახალ სიცოცხლეს ქმნის („schafft“). ის ამოძრავებს ყველაფერს, ისა ქმნის და ისა ქმედებს („da wird was getan“) [V. 6774-6784] (Goethe 2001: 64). აშკარაა, რომ ბაკალავრი „ფიხტეანელია“ და თავად ფაუსტად გადაცმული მეფისტოფელიც „ფიხტედ“ თუ „ფიხტეანელად“ აღიქვამს მას, როცა გაბაასებისას ორაზროვნად გაეშაყირება: „რაღაც ძალმოსილი და შეუპოვარი ხართ, მხნედ და ყოჩაღად გამოიყურებით კიდეც (აღსანიშნავია, რომ ეს შემართება, შეუპოვრობა და სიფიცხე ფიხტეს ცხოვრებაში დიდად ახასიათებდა _ კ. ბ.), მაგრამ სახლში კი აბსოლუტურად ვერ შემოხვედით“ („Ganz resolut und wacker seht Ihr aus / Kommt nur nicht absolut nach Haus“) [V. 6735-6736] (Goethe 2001: 63). როგორც შევნიშნე, აქ ცხადია, რომ სიტყვით „აბსოლუტურად“ („absolut“) მეფისტო მიანიშნებს ფიხტეს ფილოსოფიის ცენტრალურ ცნებაზე - „აბსოლუტური მე“ („das absolute Ich“) (Gaier 2004: 87). შესაბამისად, თავისი ორაზროვნებით მეფისტო სარკასტულად შენიშნავს ბაკალავრს, რომ აბსოლუტური მე რომ გახდე, ანუ ღმრთეებრივ სრულყოფილებას რომ მიაღწიო, - რაც ნიშნავს იმას, რომ სრულად შეიცნო მთელი სამყარო და სრულად შეიმეცნო საკუთარი თავი და შემდგომ საკუთარი ძალით ხელახლა შექმნა ახალი სრულყოფილი სამყარო, - კიდევ ბევრი გიკლია, ხოლო მთელობისაკენ, სრულობისაკენ, აბსოლუტისაკენ შენი სწრაფვა ამაოაო.
3.ამგვარად ის, რომ „ფაუსტის“ ტექსტში გერმანული იდეალიზმის „ტერმინები“, ფრაზეოლოგია და ფორმულირებები ჩნდება, - მაგ., გოეთესეული ქმედებისა („Tat”) და საქმიანობის („Tätigkeit“) ცნებები შეესატყვისება ფიხტესეულ ქმედებისა („Tathandung“) და აქტის („Akt“) ცნებებს, ხოლო ფიხტესეული მოქმედებისა („Handeln“) და გოეთესეული სწრაფვის („შტრებენ“, „streben”) ცნებათა შინაარსი ეთიკური და შემეცნებითი თვალსაზრისით ერთმანეთს თანხვდება, - სულაც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან გერმანული იდეალიზმი სწორედ მოდერნული ფილოსოფიის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა და „ფაუსტში“, როგორც მოდერნულ ტექსტში, სადაც მოდერნული ისტორიის, მოდერნის ეპოქის მოვლენებია უკუფენილი (ბრეგაძე 2024: 403-496), ბუნებრივია, რომ გერმანული იდეალიზმის კრიტიკაც და რეცეფციაც, გერმანული იდეალიზმის ტერმინოლოგიაც თუ აქედან აღებული ფორმულირებანიც მეტ-ნაკლებად იჩენდა თავს, მით უმეტეს, რომ გოეთე, კანტის გარდა, გერმანული იდეალიზმის ყველა სხვა წარმომადგენელს - ფიხტეს, ჰეგელს და შელლინგს - პირადად იცნობდა და მათთან ურთიერთობა ჰქონდა; და მით უმეტეს, რომ გოეთემ საფუძვლიანად შეისწავლა როგორც კანტის და ფიხტეს, ისე შელლინგისა და ჰეგელის ფილოსოფიური შრომები. ასე მაგალითად, გოეთეს დამუშავებული ჰქონდა ჰეგელის მთავარი ნაშრომი „გონის ფენომენოლოგია“ („Phänomenologie des Geistes“) (1807) (Safranski 2013: 474, 571) და ახალგაზრდა შელლინგის ნატურფილოსოფიური ნაშრომი „იდეები ბუნების ფილოსოფიისთვის“ („Ideen zu einer Philosophie der Natur“) (1797) (Metzler Goethe… 2004: 380). კანტის შესწავლას კი გოეთე იტალიური მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომ შეუდგა: 1790/1791 წლების ზამთარში გოეთემ კანტის კრიტიცისტული პერიოდის ორი ნაშრომი შეისწავლა _ „წმინდა გონების კრიტიკა“ („Kritik der reinen Vernunft“) (1781) და „განსჯის უნარის კრიტიკა“ („Kritik der Urteilskraft“) (1790) (Molnár 1998: 168-171).
დამოწმებანი:
ბრეგაძე, კ. (2024). გოეთეს „ფაუსტი“: სიმბოლიკა და პოეტიკა, თბილისი: „მერიდიანი“
Gaier, U. (2004). Erläuterungen und Dokumente: Johann Wolfgang Goethe. “Faust. Der
Tragödie Erster Teil”, Stuttgart: Reclam
Goethe, J. W. (2001). Faust. Der Tragödie Zweiter Teil, Stuttgart: Reclam
Metzler Goethe… (2004): Metzler Goethe Lexikon. Personen – Sachen – Begriffe,
Stuttgart/Weimar: Metzler
Molnár, G. von (1998). Goethes Einsicht in die „Wissenschaftslehre“, Athenäum. Jahrbuch
für Romantik, Jg. 7 (1997), p. 167-187, Paderborn: Schöningh
Safranski, R. (2013). Goethe. Kunstwerk des Lebens. Biographie, München: Hanser