ჯოისისეული ირლანდია კლერ კიგანის რომანში “ასეთი წვრილმანები”

ავტორები

  • ლალი გურგენაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ჯოისისეული ირლანდია კლერ კიგანის რომანში “ასეთი წვრილმანები”

ანოტაცია

   მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ირლანდიურ ლიტერატურას მრავალი ტექსტი შეემატა ტრავმირებული ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებსაც პათოლოგიებით აღსავსე ახალგაზრდობა ელით წინ. ჯეიმს ჯოისის ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ტექსტადაა მიჩნეული ასეთი ლიტერატურის წინა პლანზე წამოწევაში, ხოლო დუბლინელების პირველი სამი მოთხრობა პირდაპირ წინაპრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ირლანდიელი მწრლების შემდეგი თაობების მიერ ბავშვებზე დაწერილ მოთხრობებსა თუ რომანებში. კლერ კიგანი თანამედროვე ირლადნიურ ლიტერატურაში ჯოისის ტრადიციას აგრძელებს და წერს ადამიანურ კრიზისზე, რომელიც პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ თემებთანაა მჭიდრო კავშირში. ამ მოხსენებაში კონკრეტულად განხილული იქნება კიგანის რომანის, ასეთი წვრილმანების პრობლემატიკა ბავშვთა ჩაგვრის, ინდივიდუალური პასუხისხმგებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის ჭრილში.

   მოხსენებაში განხილული იქნება თუ როგორ ჰპოვებს ჯოისისეული ირლანდია ასახვას კიგანის რომანში, რომელიც დროითა და ლოკალიზაციით დაშორებულია იმ დუბლინისგან, რომელსაც ჯოისი ღიად აკრიტიკებს დუბლინელებში. ჯოისის მიერ აღწერილი პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუების მაპარალიზებელი გავლენა მოსახლეობაზე ასეთ წვრილმანებში ახალი მაგალითითაა წარმოდგენილი, კონკრეტულად კი კათოლიკური ეკლესიის მიერ მართული მაგდალენის სამრეცხაოებით. ავტორის თქმით, წიგნი მხატვრული ნაწარმოებია და არ ეფუძნება კონკრეტული პირების ისტორიას, თუმცა მაგდალენის სამრეცხაოები ირლანდიის ისტორიის ლაქად რჩება. ამ დაწესებულებებში მონაზვნები მიტოვებულ, “დაცემულ” გოგონებს იფარებდნენ, ეწეოდნენ მათ შრომით ექსპლუატაციას, მათ ჩვილებს კი უკანონოდ აშვილებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. მოსახლეობა დუმდა. ასეთ წვრილმანების მთავარი პერსონაჟი ბილ ფერლონგი კი ერთ-ერთ გოგონას გამოიხსნის მონაზვნების ტყვეობიდან. ფერლონგის გადაწყვეტილების მაგალითით ნაჩვენები იქნება ინდივიდუალური პასუხსიმგებლობისა ძალისხმევის მნიშვნელობა სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუებით მართული დანაშაულის წინაშე. ტექსტის ანალიზით განხილული იქნება ღრმადრელიგიური საზოგადოების შექმნილი ბავშვის სპეტაკი სახე-ხატის სიყალბე, რომელსაც ჯოისი და კიგანი ინტენსიურად ასახავენ თავიანთ ტექსტებში. მათ ლიტერატურაში ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვი არც ოჯახში, არც სოციუმში და არც რელიგიურ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადამიანთან ბოროტებისგან დაცული არაა. 

   განსახილველი საკითხისადმი სოციო-ფილოსოფიური მიდგომით იკვეთება რომ სოციალური წნეხი ადამიანებზე ბორკილებივით მოქმედებს, აჯაჭვებს რა მათ ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და ართმევს შანს, რომ გააცნობიერონ ვინაა მათი რეალური მტერი. კიგანის კრიტიკა სახელმწიფოსადმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და არა პირად უკმაყოფილებას. ეს კრიტიკა აღქმული უნდა იქნეს როგორც დაპირისპირება პრობლემისადმი და არა სახელმწიფოსადმი; მწერლები არ არიან ვალში სამშობლოსადმი მძიმე წარსულის დასაფარად. ჯოისის მსგავსად, კიგანი არ უფრთხის მძიმე რეალობის აღწერას, ამართლებს რა ნათქვამს: თუ ირლანდიას უყვარხარ როგორც მწერალი, მაშინ რაღაცს არასწორად უნდა აკეთებდე(ენრაითი 2010: 133).

ბიბლიოგრაფია

  1. კიგანი, კ., (2023). ასეთი წვრილმანები. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  2. Enright, A,. (2010). Punch and Poetry: The Irish Short Story in the Twenty-first Century. The Princeton University Library Chronicle, 72(1), 129–136. https://doi.org/10.25290/prinunivlibrchro.72.1.0129
  3. Fogarty, A. (2015). “It Was Like A Baby Crying”: Representations of the Child in Contemporary Irish Fiction. Journal of Irish Studies, 30, 13–26. http://www.jstor.org/stable/43737506
  4. Foucault, Michel., (2012). Discipline and Punish - the Birth of the Prison. New-York: KnopfDoubleday Publishing Group;
  5. Kaufman, Walter. (ed.). Existentialism from Dostoyevsky to Sartre. New-York: Meridian Books Inc.
  6. Lynch, V. V. (2015). “Families Can Be Awful Places”: The Toxic Parents of Claire Keegan’s Fiction. New Hibernia Review / Iris Éireannach Nua, 19(1), 131–146. http://www.jstor.org/stable/24624323
  7. O’Hagan, S. (2010). “Claire Keegan: Short Stories Are Limited. I'm Cornered Into Writing What I Can.” Guardian. https://www.theguardian.com/books/2010/sep/05/claire-keegan-short-story-interview
text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-18

გამოცემა

სექცია

სტატიები