ჩვენი დროის რასტინიაკის ტოპონიმური ოდისეა

ავტორები

  • ნინო ქავთარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

უელბეკი, რასტინიაკი, ტოპონიმი

ანოტაცია

           1994 წელს, უკვე გაწაფულმა პოეტმა და კინემატოგრაფიაში ბედნაცადმა მიშელ უელბეკმა საბოლოოდ მონახა თავისი ფიქრების თუ გრძნობებისთვის შესაფერი მხატვრული გამომსახველობითი ფორმა: მან გამოსცა რომანი სახელწოდებით  – ,,ბრძოლის ველის განვრცობა’’. რომანი, რომლიც მავანმა გამომცემლობამ დაიწუნა, უელბეკის საყოველთაო აღიარების საწინდარი გახდა. ნაწარმოები საშუალო რგოლის მოხელის აღსარებაა, რომელიც გვიყვება უსახელო პროტაგონსტის აზრებზე, მის მსოფლმედველობაზე თუ საკუთარი იდენტობის ძიების პროცესზე.

          უელებეკი, რომელსაც  სტილის უქონლობას საყვედურობენ, აღიარებს, რომ  ბალზაკის და დოსტოევსკის შემოქმედებითაა დავალებული. უღიმღამო ყოფით და რაიმის შეცვლის უუნარობით გადაღლილი  უელბეკის მხატვულ-ლიტერატურული ტექსტის პერსონაჟის მიმართ სიბრალული დოსტოევსკის მკითხველისთვის უცხო არ იქნება.

          უელბეკის რომანში ბრძოლის ველი, ერთი შეხედვით, მონსტრად ქცეული ურბანული პარიზია, რომლის დაპყრობასაც ,,ადამიანური კომედიის’’ პერსონაჟი, რასტინიაკი ერთი საუკუნით ადრე ცდილობდა: ,,ახლა ერთი ერთზე!’’– ასე უპასუხა გამოწვევას ბალზაკის რომანის გმირმა, როდესაც ორი გზის გასაყარზე კრავივით შეწირვას მგლად ყოფნა არჩია.

           მეცხრამეტე საუკუნიდან პარიზმის საზღვრები კიდევ უფრო გაფართობდა. თითქოს ამის საპასუხოდ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის რასტინიკმა საკუთარი თავის შეცნობისთვის საპირისპირო, ცენტრისკენული კი არა, ცენტრიდანული გზა არჩია და პარიზიდან საფრანგეთის რეგიონებისკენ გასწია. ულებეკის უსახელო პერსონაჟმა თავის დამკვიდრების რასტინიაკულ ინსტინქტს  მისი მოძღვრის, ვოტრენის ცინიზმიც შეუთავსა და თავად ,,სურვილების კაპიტალიზმის’’ ექსპერიმენტის მისდაუნებურმა ობიექტმა საცდელი თეთრი მღრღნელის როლი სხვას მოარგო. 

           თანამედროვე ფრანგი მწერლის ტრადიციების ერთგულება მედიასაშუალებების, თუნდაც ყვითელ პრესაში აჭრელელბული სათაურების მიმართ  უელბეკის ინტერესსაც არ გამორიცხავს:   ნაწარმოებში ბევრი მოდური ფილოსოფია, ფსიქოანალიზი, უპასუხოდ დატოვებული შეკითხვა და ალუზიაა, რომელიც ლიტერატურულ ურბანულ ჯუნგლებში გზამკვლევად გამოდგება.

          ,,მარსელთა შუაგულში’’– მეორე თავის სათაურია. ამ თავში მეთვრამეტე პარიზულ არონდისმანში მდებარე მარსელ სემბას და მარსელ დასოს ქუჩებია მოხსენიებული. რომანის ინკიპიტში სწორედ ამ ქუჩებში ეძებს დაკარგულ მანქანას პროტაგონისტი და იქიდანვე იწყება  გადაადგილების საშუალებას მოკლებული  პერსონაჟის ოდისეაც.

           ნაწარმოების ქვესათაური მარსელ პრუსტთანაც გვაკავშირებს, რომლის მადლენის დაგემოვნების ჯადოსნობა დანარჩენი ორი მარსელის სახელობის ქუჩის მოხსენიების გააზრებისკენ გვიბიძგებს. მაშ რატომ ეს ორი ქუჩა და თანაც ამ თანმიმდევრობით, როდესაც მანამდე არცაა ნახენები მოქმედების ადგილი? თანამედროვე ეპოქის დასაწყისში, სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი მარსელ სემბა ადამიანათა უფლებათა დაცვის კომიტეტს თავჯდომარეობდა. ავიოინჟინერმა და პოლიტიკოსმა მარსელ დასომ კი თავისი ფინანსური იმპერია კაპიტალისტური წარმოების წყალობით შექმნა. ჩვენი დროის რასტინიაკიც ორი იდეოლოგიის გზაჯვარედინზე დგას. საშუალო რგოლის მოხელე საზოგადობის მაღალ წრეში ყოფნასა თუ ფინანსულ კეთილდღეობაზე კი არ ოცნებობს, არც უფლებების დაცვაზე, არამედ – ადამიანურ ურთიერთობებზე, რასაც იგი, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, მოკლებულია მის მიერვე მხარდაჭერილი ტექნოლოგიების ეპოქაში.

           პარიზის მიერ მიტაცებულ გარეუბანში დაწყებული ოდისეა მოძრაობასაც გულისხმობს; ამიტომ იძვრის უელბეკის რომანის პერსონაჟი მარხცნიდან მარჯვნივ, ცენტრიდან რეგიონებისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ისევ ცენტრისკენ ... მეტროთი, ავტობუსით, მატარებლით. მკითხველიც მოგზაურობს რუსოდან კამიუმდე თუ სარტრიდან მიშელ კლუსკარამდე. რასტინიაკისგან განსხვავებით, უელბეკის რომანის პროტაგონისტი  არაფერს ირჩევს: მას ისღა დარჩენია გამოყენებითი ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით, თავსმოხვეული პოლიტიკური იდეოლოგიებით ნაკარნახებ და სოციალური ანთროპოლოგიით დადგენილ  მარტოობას შეეგუოს და გადაადგილდეს, თუნდაც ველოსიპედით.        

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. უელბეკი, მ., ბრძოლის ველის განვრცობა, გამომცემლობა ,,აგორა’’, თბილისი, 2012, 2016
  2. Balzac, O. de., Le père Goriot, La Bibliothèque électronique du Québec, Édition de reference: Alexandre Houssiaux, Éditeur, Paris, 1855
  3. Clouscard, M., Le capitalism de la seduction, https://archive.org/details/1981LeCapitalismeDeLaSeductionMichelClouscard/page/n5/mode/2uu
  4. Houellebecq, M., Extention du domaine de la lutte, Editeur, «J’ai lu», (EPUB), Paris, 2005
  5. Houellebecq de A à Z: B comme Balzac, ვიდეოინტერვიუ, https://www.dailymotion.com/video/x6pegh, 2005
text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-15

გამოცემა

სექცია

სტატიები