ეზრა პაუნდი და პოსტკოლონიური თეორია: იმპერია, კულტურული იდენტობა და წინააღმდეგობა

ავტორები

  • თამარ ირემაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

კანტოები, პოსტკოლონიური თეორია, იმპერიული მემკვიდრეობა, ორიენტალიზმი, მოდერნიზმი.

ანოტაცია

სტატიის მიზანია, გამოიკვლიოს ეზრა პაუნდის პოეზიისა და პოსტკოლონიური თეორიის გადაკვეთის წერტილები, განსაკუთრებით ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა იმპერია, კულტურული იდენტობა და წინააღმდეგობა. მიუხედავად პაუნდის წინააღმდეგობრივი და სადავო პოლიტიკური შეხედულებებისა, მისი შემოქმედება—განსაკუთრებით კანტოები—ლიტერატურული მოდერნიზმის ბირთვად რჩება. ესეიში გაანალიზებული იქნება, თუ როგორ ასახავს და ართულებს პაუნდის პოეტური ხედვა იმპერიების ისტორიასთან, არაევროპულ კულტურებსა და ეკონომიკურ (განსაკუთრებით „უზურის“ მიმართ) კრიტიკასთან დაკავშირებულ პოსტკოლონიურ დისკურსს. პაუნდის პოლიტიკური პოზიციების ერთმნიშვნელოვანი, სწორხაზოვანი შეფასების  ნაცვლად, სტატია წარმოაჩენს იმ რთულ და წინააღმდეგობრივ ფორმებს, რომლებსაც დომინანტური იმპერიული ნარატივები მის პოეზიასა და თეორიულ-კრიტიკულ ნაწერებში იძენს.                                                      ესეიში ყურადღება გამახვილებული იქნება პაუნდის მიერ ჩინეთისა და იაპონიის, როგორც დასავლური ცივილიზაციის დეგრადაციისა და ეკონომიკური ექსპლუატაციის ალტერნატივის, აღქმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოდგენები არა-დასავლურ ცივილიზაციებზე ხშირად იდეოლოგიზირებული და ორიენტალისტური ხასიათისაა, ისინი წამოჭრის მნიშვნელოვან კითხვებს კულტურული ურთიერთობების, ისტორიული მეხსიერებისა და პოეტური ფორმის საშუალებით იდენტობის კონსტრუირების შესახებ. პაუნდის ინტერესი კონფუციანიზმისა და აღმოსავლური კლასიკური ტექსტების მიმართ გამოხატავს სტრატეგიულ, თუმცა შერჩევით მიდგომას არაევროპული ცოდნის სისტემების მიმართ. ამ საკითხებს სტატია განიხილავს ედუარდ საიდის, ფრანც ფანონის, ჰომი ბაბას, გაიათრი სპივაკისა და დიპეშ ჩაკრაბარტის კონცეფციების თეორიულ ჩარჩოში.                                                           

ესეიში ასევე განხილული იქნება კაპიტალიზმის, განსაკუთრებით „უზურის“, როგორც იმპერიული კონტროლის მეტაფორის, პაუნდისეული კრიტიკა. ამ ეკონომიკური იდეის პოეტური გამოსახვის ანალიზი აჩვენებს პაუნდის მსოფლმხედველობის წინააღმდეგობრივ ბუნებას, სადაც ანტიკაპიტალისტური რიტორიკა გადაჯაჭვულია კულტურულ კონსერვატიზმთან და იმპერიული წესრიგის იდეალიზებულ აღქმასთან.                    

ესეი აერთიანებს ტექსტუალურ ანალიზსა და პოსტკოლონიურ თეორიას, რაც საშუალებას იძლევა, პაუნდის პოეზია განვიხილოთ მოდერნისტული ლიტერატურისა და კოლონიური ძალაუფლების ურთიერთმიმართების ფართო კონტექსტში. ეყრდნობა რა ლიტერატურათმცოდნეობით მეთოდოლოგიას, კულტურის თეორიასა და ინტელექტუალურ ისტორიას, სტატია ავითარებს ინტერდისციპლინურ მიდგომას, რათა წარმოაჩინოს პოეტური ფორმის, პოლიტიკური იდეოლოგიისა და ისტორიული კონტექსტის გადაკვეთის წერტილები. სტატიაში ისეთი მოდერნისტული მხატვრული ხერხები, როგორიცაა ფრაგმენტაცია, ალუზია, მულტილინგვისტური შრეები, გააზრებულია,  როგორც იმპერიული იდეოლოგიებისადმი წინააღმდეგობის ფორმები, ან, პირიქით, მათი განმტკიცების საშუალება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოეტური ენის გამოყენებას, როგორც იდეოლოგიური სტრუქტურების დეკონსტრუქციის საშუალებას. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა პაუნდის ინტელექტუალური დიალოგი არაევროპულ აზროვნებასთან და ამ დიალოგის როლი მისი მოდერნისტული ესთეტიკის ფორმირებაში, მოდერნიზმის, კულტურული „სხვისა“ და იმპერიული ძალაუფლების ურთიერთმიმართება, კანონიკური ლიტერატურის რეინტერპრეტაციის შესაძლებლობა იმ თანამედროვე თეორიული ჩარჩოების მოშველიებით, რომლებიც ცვალებად გლობალურ პარადიგმებს აირეკლავს. სტატია წარმოაჩენს იმ ფარულ იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს, რომლებიც თავს იჩენს პაუნდის პოეტურ ტექსტებსა თუ თეორიულ-ესთეტიკურ ნააზრევში.                                       

ესეი ეზრა პაუნდის ლიტერატურული მემკვიდრეობისა და, ზოგადად, მოდერნიზმის  პოსტკოლონიური თეორიის ჭრილში გააზრების, მოდერნისტულ ესთეტიკასა და პოსტკოლონიურ კრიტიკას შორის ხიდის გადების  მცდელობაა, რაც აქტუალური ჩანს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით კვლევებში იმპერიული მემკვიდრეობის, კულტურული იდენტობისა და გლობალური მიგრაციის წინა პლანზე წამოწევის ფონზე.

text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-15

გამოცემა

სექცია

სტატიები