დისკურსი პოსტმოდერნში: ტექსტის ინტერპრეტაცია თუ საკომუნიკაციო ფუნქციის რღვევა?
საკვანძო სიტყვები:
ენის ფუნქციები, სემიოტიკური ნიშანი, დისკურსი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმიანოტაცია
ენის საკომუნიკაციო ფუნქცია გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმაციის შემცველი შეტყობინების გადაცემას, არამედ ამ შეტყობინების დეკოდირება-გაგებას. რომან იაკობსონის მიხედვით, კომუნიკაციის განსახორციელებლად, აქტორების (resp. ადრესანტი და ადრესატი) და თავად გადასაცემი ინფორმაციის გარდა, აუცილებელია საერთო კულტურული ფონის (resp. დისკურსი) არსებობა. ნიშანი, რომელიც არის შინაარსისა და გამოხატულების პლანების სიმბიოზური მთლიანობა, ფუნქციონირებს მხოლოდ სოციუმში, რომელიც ამ ენაზე მოლაპარაკე ინდივიდთა საერთო დისკურსს ქმნის.
მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი იყო ნიშნის გამოხატულების პლანთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შედეგად ფორმის ნგრევა, პოსტმოდერნიზმის ძირითადი მახასიათებელი შინაარსის პლანის ექსპერიმენტული მანიპულაციებია, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული კი ერთიან დისკურსის გაქრობა და შინაარსის პლანის სრული მოშლაა.
ფ. დე სოსიურის მიხედვით, შეგრძნებებიდან მიღებული წარმოდგენების აბსტრაჰირებითა და კატეგორიზაციით ყალიბდება აბსტრაქტული, ზოგადი ცნება - კონცეპტი. სწორედ ამგვარი კონცეპტების (resp. აღსანიშნი) მონიშვნა-კოდირება (resp. მარკირება) ხდება გარკვეული, ასევე სპეციფიკური ნიშნებისგან განზოგადებული, აბსტრაქტული სამეტყველო ბგერით (ფონემით), რაც ქმნის ენობრივი ნიშნის ფორმას (resp. აღმნიშვნელი). მაგრამ, პოსტმოდერნული ნიშნის ფორმა არა კონცეპტთან, არამედ სპეციფიზირებულ, დისკურსულად დანაწევრებული აღქმებით მიღებულ წარმოდგენებთან ამყარებს სიმბიოზურ კავშირს და ამ კონკრეტულ დისკურსში ჩამოყალიბებული ცნებების მარკირებას ახდენს, რაც შეუძლებელს ხდის ენის მთავარი, საკომუნიკაციო ფუნქციის რეალიზებას: თუ კონკრეტული წარმოდგენების აბსტრაჰირება, ანუ კონცეპტუალიზაცია, ერთი ენის მატარებლებს შორის უნიფიცირებული არაა, სპეციფიკურ დისკურსებში მოქმედი სპეციფიკური აღქმა-წარმოდგენებით კომუნიკაცია ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორისაც კი შეუძლებელი ხდება, რამდენადაც ნიშნის დეკოდირება-იდენტიფიცირება მხოლოდ დანაწევრებულ დისკურსებში, ქვესოციუმებში ხდება შესაძლებელი. ასეთ დისკურსებს შორის კომუნიკაცია „თარგმანს“ უფრო ემსგავსება და, ამდენად, ბუნებრივად უკავშირდება ჩვეულებრივ მოტივაციას - უნდა კი ვინმეს რაიმე ტექსტის “თარგმნა”-გაგება?
ენის ეს მდგომარეობა, ვ. ფონ ჰუმბოლდტის თეორიული მიდგომით, ფაქტობრივად უფრო მძაფრ სურათს იძლევა: იქმნება ვირტუალური პარალელური სამყაროები და ამ ვირტუალურ სივრცეში მყოფ ადამიანებს შორის კომუნიკაცია, თარგმნის სურვილის გარეშე, შეუძლებელი ხდება.