ღვაწლი ერეკლე ტატიშვილისა

ავტორები

  • მანანა გელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ნიცშე, ესე იტყოდა ზარატუსტრა, ერეკლე ტატიშვილი, თარგმანი

ანოტაცია

ერეკლე ტატიშვილი (1884-1946) - ცნობილი ქართველი სწავლული, პოლიგლოტი, საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიის ისტორიის და დასავლეთევროპული ლიტერატურის უბადლო მცოდნე. განათლება ევროპაში მიიღო: ლაიპციგის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიასა და იურისპრუდენციას, შემდეგ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა თავისუფალი სკოლა დაამთავრა,  ლონდონსა და ედინბურგში ჟურნალისტიკას სწავლობდა.

 ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში ერეკლე ტატიშვილი საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიის ისტორიას ასწავლიდა. შემდგომ კი უცხო ენათა კათედრის დამაარსებელი და მისი პირველი გამგე იყო.

ერეკლე ტატიშვილის სახელს უკავშირდება დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის მკვლევარებისა და მთარგმნელების მთელი პლედის აღზრდა.

სტატიაში გაანალიზებულია 20-იან წლებში მის მიერ ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაციის ჟურნალ-გაზეთებში (,,კავკასიონი’’, ,,ქართული სიტყვა’’, ,,საქართველოს სამრეკლო’’ ,,ილიონი’’) გამოქვეყნებული ესეები და თარგმანები, მათ შორის , ორი ესე ,,ექსტაზის’’ და ,,Per aspera as astra’’, რომლებიც შემოქმედებითი პროცესის გააზრებას წარმოადგენს. ასევე განხილულია ერეკლე ტატიშვილის ორი ესე ინდურ ფილოსოფიაზე ,,საკია მუნი’’ და ,,კრიშნა’’. ორივე ესეს ახასიათებს მარადიული წრებრუნვისა და განახლება-გათავისუფლების მოტივი. ავტორს სურდა `საკია-მუნისა" და `კრიშნას" სახის ესეები შეექმნა ქრისტეზე, მიტრასა, აპოლონსა და დიონისეზე, რადგან, მისი აზრით,  სხვადასხვა რელიგიებში გაბნეული საკრალური ცოდნა ძირებში ერთმანეთს კი არ უარყოფს, არამედ ავსებს.

ის მცირედი თარგმანები, რომელიც ერეკლე ტატიშვილს დარჩა, ადამიანს განაცვიფრებს სტილური მრავალფეროვნებით. ასეთი მკაფიოდ გამოხატული სტილის  მქონე მთარგმნელისათვის თითქოს ადვილად უნდა შექმნილიყო საფრთხე თარგმნისას მწერლისათვის უნებლიედ საკუთარი წერის მანერა მოეხვია თავს. ამ თარგმანთა უბრალო გადახედვაც კი დაგვარწმუნებს ამგვარი შიშის უსაფუძვლობაში: ყოველ მათგანში განსხვავებული ინტონაციაა დაჭერილი და აჟღერებული. სტატიაში განხილულია ის მხატვრული თავისებურებები, რაც ედგარ პოს ,,სიჩუმეს’’ ახასიათებს და როგორ ხდება მათი ქართულ ენაზე გადმოტანა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ერეკლე ტატიშვილის მიერ თარგმნილ ნიცშეს ,,ესე იტყოდა ზარატუსტრას’’. ანალიზისთვის გამოყენებულია არა მხოლოდ თარგმანი, არამედ ერეკლე ტატიშვილის მიერ ჟურნალ ,,ალიონში’’ (რედ. კონსტანტინე გამსახურდია) 1922 წელს გამოქვეყნებული ესე ნიცშეს ფილოსოფიაზე. ჟურნალ ,,ილიონში’’ გამოქვეყნებული ეს ესე არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით არის საინტერესო, რომ ავტორის თვალსაზრისს გვაცნობს ნიცშეს ფილოსოფიაზე, არამედ იმითაც, რომ მასში ჩართულია საკმაოდ დიდი მონაკვეთები ,,ზარატუსტრადან’’, რომელთა შედარება 15-20 წლის შემდეგ დასრულებულ თარგმანთან ბევრ საინტერესო ნიუანსს წარმოაჩენს მთარგმნელობითი ოსტატობის კუთხით. ამგვარი შედარება მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელნაწერის ვარიანტები თითქმის არ არსებობს.

,,ესე იტყოდა ზარატუსტრას’’ თარგმანი მთარგმნელის ბედისწერად იქცა, რადგან წიგნი საბჭოთა სინამდვილისათვის მიუღებელი იყო არა მხოლოდ იდეოლოგიური, პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მხატვრულ-ესთეტური, პოეტიკური თვალსაზრისითაც, რომელიც შორს იყო საბჭოთა სინამდვილეში გაბატონებული სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკისგან.

 

დამოწმებანი:

ნიცშე, ფ. (1993). ესე იტყოდა ზარატუსტრა: წიგნი ყველასათვის და არავისთვის. გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა. რედ. თამაზ ბუაჩიძე, როსტომ ჩხეიძე. თბილისი: ფილოსოფიური ბიბლიოთეკა.

ტატიშვილი, ე. (1922). ფრიდრიჰ ნიცშე. ჟურნალი ,,ილიონი’’: პოეზია, ესთეტიკა, კრიტიკა: ყოველთვიური სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი. 1922. N 3. რედაქტორი კ. გამსახურდია ; გამომცემელი: "ილიონის" მწერალთა ჯგუფის პრეზიდიუმი (არისტო ჭუმბაძე და სხვანი). თბილისი.

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-29

გამოცემა

სექცია

სტატიები