„ნაცარქექიას“ ინტერპრეტაციისა და ინსცენირების საკითხი ქართულ თეატრში
საკვანძო სიტყვები:
თეატრი, საბავშვო თეატრი, ზღაპრის ინტერპრეტაცია, ნაცარქექიაანოტაცია
ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრი 1927 წელს თბილისში დაარსდა. ახალ თეატრს შესაბამისი რეპერტუარი სჭირდებოდა, პირველ ორ სეზონში დაიდგა 9 პიესა, აქედან მხოლოდ სამი იყო ორიგინალური ქართული პიესა: „ბოთე და კუსპარა“, „გოჩა“ და „ეშმაკი.“ პირველი 10 წლის განმავლობაში დაიდგა 42 პიესა, რომელთა ძირითადი თემები იყო: წარსული რევოლუციური ბრძოლების ნიმუშები, სამოქალაქო ომის ეპიზოდები, პარტიზანული მოძრაობა, დიდი ბელადებისა და რევოლუციონერების გმირული ცხოვრება და მოღვაწეობა, კომკავშირელთა ბრძოლა სოციალისტური სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სოციალისტური, კულტურული ცხოვრება, გამომგონებლები და ტექნიკის მიღწევები, ბავშვთა სოციალური, ინტერნაციონალური, ანტირელიგიური აღზრდა, მუშათა და ახალგაზრდათა რევოლუციური მოძრაობა კაპიტალისტურ ქვეყნებში და სხვა.
დაარსებიდან რამდენიმე წელიწადის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრი მწვავედ განიცდიდა საბავშვო დრამატურგიის ნაკლებობას. ქართველი მწერლების ნაწილს ჰქონდა ამ სფეროში მუშაობის მცდელობა, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ თითო პიესით თუ შემოიფარგლებოდა. 1934 წლის საკავშირო ყრილობაზე ცნობილი საბჭოთა მწერლის, სამუილ მარშაკის მოწოდებამ თეატრების რეპერტუარში ზღაპრების დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი გავლენა მოახდინა ყველა საბავშვო თეატრზე. მოხდა ზღაპრის, როგორც ჟანრის ერთგვარი „რეაბილიტაცია“ და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მოზარდ მაყურებელთა ქართულმა თეატრმა მუშაობა ხალხური ზღაპრების ლიტერატურულად დამუშავების მიმართულებით. ერთ-ერთი პირველი მცდელობა გიორგი ნახუცრიშვილსა და ბორის გამრეკელს ეკუთვნის - ქართული ზღაპარი „ნაცარქექია“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში პირველად 1936 წელს დაიდგა.
გიორგი ნახუცრიშვილისა და ბორის გამრეკელის ინსცენირებაში ნაცარქექიას უკვე ჩამოყალიბებული სახე აქვს, ყოველი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟია: მხდალი, მშიშარა, მკვეხარაც, მაგრამ ამავე დროს გამჭრიახი გონების პატრონი. ტვინით სავსე ვარ, ტვინიან კაცს კი მოხერხება აქვსო - ეს ნაცარქექიას სიტყვებია. ავტორებმა გარკვეულწილად მისი შელახული სახელის რეაბილიტაცია სცადეს და პერსონაჟი დაუპირისპირეს ხალხის მძარცველებს, უსამართლობას, ბოროტ ძალას, ცრუ მოსამართლეებსა და გაუმაძღარ მონარქს. ამგვარად ხალხურმა ზღაპარმა სახე იცვალა და სულ სხვა მორალის, სხვა იდეის მატარებელი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ გ. ნახუცრიშვილს ჰყავდა წინამორბედები ამ ზღაპრის ტექსტის ლიტერატურული ინტერპრეტაციის საქმეში და ეს პიესა შემდეგაც არაერთხელ გადამუშავებულა, გარკვეულ მიზეზთა გამო სწორედ გიორგი ნახუცრიშვილის ვარიანტი ითვლება ერთგვარ ქრესტომათიულ პიესად, რომელსაც დღემდე ეყრდნობიან რეჟისორები.
თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა, პიესა „ნაცარქექია“ სხვადასხვა დროს მრავალჯერ დაიდგა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა დრამატულ, თოჯინების, სახალხო თეატრებში; სკოლებთან არსებული სამოყვარულო დასები და თეატრალური სტუდიებიც კი დღემდე ხშირად ირჩევენ გიორგი ნახუცრიშვილის მიერ გაპიესებულ ამ ზღაპარს. საინტერესოა, რომ პიესა ხშირად განიცდის ტრანსფორმაციას, ზოგჯერ დამდგმელი რეჟისორები გარკვეულ სცენებს ან პერსონაჟებს ამოიღებენ, ან, პირიქით, ჩაამატებენ ხოლმე, თუმცა, როგორც წესი, ეს ცვლილებები კონკრეტულად გ.ნახუცრიშვილის მიერ გადამუშავებული ზღაპარ-პიესის ფარგლებში ხდება და არა თავად ზღაპრის დედანში. როგორც ვხედავთ, „ნაცარქექიას“ ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესი ქართულ პროფესიულ თუ სამოყვარულო თეატრში კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა, სამომავლოდ მან კიდევ სხვაგვარი მიმართულებაც შეიძინოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
გვარაძე ნ. თეატრალური მემუარები, წიგნი მეორე; გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1952
თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო რუსული თეატრი, შემდგენელი - კოტე ნინიკაშვილი, რედაქტორი - ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თბილისი, 1977 წ
კუპრაშვილი გ. „მე ისევ თქვენზე ვფიქრობ“, გამომცემლობა ხელოვნება, 1962
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი - 90, საიუბილეო ალბომი, თბილისი, 2018
ქორქია რ. გაზ. „კომუნისტი“, „მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მუშაობისთვის“; 1934 წ
ღვინიაშვილი ა. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი, გამომცემლობა ხელოვნება, თბილისი, 1956 წ
ჭაბაშვილი მ. მოგონებები, დიოგენე, 2006 წ