დავით კლდიაშვილისა და გარსია ლორკას რამდენიმე პიესის უახლესი სასცენო ინტერპრეტაციები
საკვანძო სიტყვები:
ქართული თეატრი, კლდიაშვილი, ლორკა, უბედურება, ბერნარდა ალბა, ასლამაზიშვილი, კაშია, უნივერსიტეტი.ანოტაცია
თანამედროვე ქართული სათეატრო ხელოვნება რადიკალურად განსხვავდება წინამორბედი პერიოდისგან. დღეს ხშირად საუბრობენ ქართულ თეატრში დამკვიდრებულ კრიზისზე. ამ მოსაზრებისადმი ორმაგი დამოკიდებლება მაქვს, - ვიზიარებ და არც ვიზიარებ. ხშირად გვესმის მეორე მოსაზრებაც რობერტ სტურუას სპექტაკლებმა რა ასწავლა საზოგადოებას?.. ეს აზრი დამაფიქრებელია. გასული საუკუნის სახელოვანი ქართული თეატრის მიღწევებისაგან განსხვავებით (რომლითაც ყველა ვამაყობთ), უახლესი პერიოდის ქართული თეატრი, ანუ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, ძალზე ახლოს მიდის საზოგადოების ყველა ფენასთან. ეს ფაქტი, ხშირ შემთხვევაში უფროსების ე.წ. ამბოხსაც იწვევს, რადგან სხვადასხვა გემოვნების მაყურებლის „სამსახური“, ბუნებრივად იწვევს თითოეული მათგანის მოთხოვნებთან და გემოვნებასთანაც ადაპტირებას. გარდა ამისა, თეატრებისა და რეჟისორების რაოდენობაც საქართველოში თითქმის ყოველდღიურად იზრდება (სპექტაკლებს დგამენ მსახიობებიც და სხვა მონათესავე პროფესიის წარმომადგენლებიც). საინტერესო ტენდენციებია რეგიონალურ თეატრებშიც, სადაც კომუნისტური ეპოქისაგან განსხვავებით, რეჟისორები ხალისით მიემგზავრებიან. აქვე აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის „სასწავლო თეატრიც“, თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობს. შესაძლებელია ითქვას, რომ სტუდენტური „თეატრი“ დედაქალაქის მთავარი თეატრების სარეპერტუარო სპექტაკლების ხარისხს ხშირად არც ჩამოუვარდება. ყოველივედან გამომდინარე კონკურენცია მზარდია და თითოეული მათგანი ცდილობს არ დაკარგოს მაყურებელი. ამ მიმართებით უაღრესად საინტერესოა რეჟისორების მიერ განხორციელებული კლასიკური დრამატურგიის სასცენო ინტერპრეტაციების მთავარი ვექტორი, რაც უმთავრესად კვლავ მრავალფეროვანი მაყურებლის ინტერესებსა და არსებულ უმწვავეს პრობლემებზეა ორიენტირებული. სამსჯელოდ შევარჩიე კლასიკური პიესების სასცენო ინტერპრეტაციები, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით იდგმება. კერძოდ, ჩემი ყურადღების ობიექტია ქართველი და ესპანელი კლასიკოსების დავით კლდიაშვილისა და გარსია ლორკას პიესების ინტერპრეტაცია.
დავით კლდიაშვილის დრამატურგია მისი შექმნისთანავე აქტიურად იდგმება ქართულ სცენაზე და სახეცვლილებას განიცდის არა მხოლოდ სასცენო ტექსტი, არამედ ჟანრიც. ანალოგიურია გარსია ლორკას პიესებისადმი ქართველი რეჟისორების დამოკიდებულებაც. მისი მთავარი პიესები -„ბერნარდა ალბას სახლი“ და „სისხლიანი ქორწილი“ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩნდება ქართულ სცენაზე, თუმცა შემდგომ მისდამი ინტერესი სტაგნაციას განიცდის (არ შექმნილა რამდენადმე საყურადღებო წარმოდგენა), ხოლო 90-იანი წლებიდან უჩვეულოდ იზრდება მისდამი ლტოლვა, ტექსტის ადაპტირების პროცესი ჩვენში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შედეგად გვაქვს ადრეული დადგმებისაგან სრულიად განსხვავებული, ახალი სათეატრო ტენდენციების გამომსახველი ინტერპრეტაციები, დადგმული სხვადასხვა თაობის რეჟისორთა მიერ. მათში მასიურადაა ტექსტისადმი ისეთი, უკიდურესად თავისუფალი მიდგომა, რაც 2011 წელს, რობერტ სტურუას „დარისპანის გასაჭირის“ დადგმისას, უპატიებელ ცოდვად ჩაუთვალეს თეატრმცოდნეებმა, ხოლო რეჟისორზე თავდასხმამ ისეთი უკიდურესი ფორმები შეიძინა, რომ მაესტროს დიდხანს უხდებოდა კრიტიკის მოგერიება. ამჯერად კი, უხვად გვაქვს ტექსტის თავისუფალი ინტერპრეტაციაც, მასში ჩარევაც და უკიდურესად თანამედროვე ფორმებიც. სწორედ ამ მხრივ გთავაზობთ გავიაზროთ უკანასკნელ პერიოდში დადგმული კლასიკური დრამატურგიის სასცენო ტექსტი და მისი მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრსა და სხვა თეატრებში. კერძოდ:
- დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, (სპექტაკლი განხორციელდა ღია ცის ქვეშ, ხელოვნურად მოწყობილ ნაგავსაყრელსა და ჭაობში, 2021),
- დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ (რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი, თავისუფალი თეატრი, 2021),
- დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი გიორგი კაშია, ზუგდიდის თეატრი, 2024),
- დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რეჟისორი გიორგი კაშია, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის „სასწავლო თეატრი“, 2022),
- გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ (რეჟისორი მაია დობორჯგინიძე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის „სასწავლო თეატრი“, 2022),
- გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ (რეჟისორი გიორგი კაშია, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის „სასწავლო თეატრი“ (2023).
გამოყენებული ლიტერატურა:
ბარდაველიძე, ბ. (1981). დავით კლდიაშვილის მხატვრული პროზა, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,
გურაბანიძე, ნ. (2012) ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე“, თბილისი: „კენტავრი“.
კიკნაძე, ვ. (1973) დავით კლდიაშვილის თეატრი, თბილისი: ხელოვნება,
კიკნაძე, ვ. (1990). სინამდვილე და სახიობა, თბილისი: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი,
კლდიაშვილი, დ. (1995). ტ. II, თბილისი: საქართველო,
მუმლაძე, დ. ქუთათელაძე, თ. (2014). „ქართული დრამატურგიის ისტორია“, თბილისი: კენტავრი,
კლდიაშვილი, დ. (1988). ქართველი მწერლები სკოლაში, თბილისი: განათლება,
ქიაჩელი, ლ. (1972). ტ. II, თბილისი: საქართველო,
ქადაგიძე, ლ. „ფედერიკო გარსია ლორკა“, ჟურნ. „ხელოვნება“, 1998, # 1,2.