მართლმადიდებლობა და „ჰამლეტი“
საკვანძო სიტყვები:
მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, შექსპირი, ჰამლეტიანოტაცია
„ჰამლეტში“ არეკლილ პროტესტანტულ და კათოლიკურ ტენდენციებზე მრავალი დაწერილა, მაგრამ თითქმის არაფერი თქმულა ამ პიესაში მართლმადიდებლური ქრისტიანული ტენდენციების შესაძლო არსებობაზე, რადგან შექსპირი არ იყო მართლმადიდებელი, ისევე როგორ მისი შემოქმედების მკვლევართა უმრავლესობა. იმ უიშვიათეს შემთხვევებში, როდესაც შექსპირთან მიმართებაში ნახსენებია მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ძირითადად წარმოჩენილია მხოლოდ ისეთი მართლმადიდებლური მახასიათებლები, რომელთა ქონაზეც შეუძლია პრეტენზია განაცხადოს კათოლიციზმსაც ან/და პროტესტანტიზმსაც. ამიტომაც, მისაკვლევია „ჰამლეტში“ ისეთი მართლმადიდებლური მახასიათებლები, რომლებიც შეუსაბამოა როგორც კათოლიკურ ხედვასთან, ისე პროტესტანტულთან, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ საკუთრივ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების ანარეკლებზე პიესაში.
შექსპირი ცხოვრობდა პროტესტანტულ ინგლისში, თუმცა რამდენიმე ათწლეულით ადრე მისი სამშობლო კათოლიციზმის მიმდევარი იყო. ინგლისელ ერში ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული კათოლიციზმიდან პროტესტანტიზმზე გადასვლის რთული პროცესი. სწორედ ამ ისტორიულ-რელიგიური კონტექსტის პირდაპირი გამოძახილია „ჰამლეტში“ წარმოდგენილი პროტესტანტულ-კათოლიკური ორაზროვნებაც. შექსპირზე ყველაზე დიდი გავლენა იმ ეპოქას ექნებოდა, რომლის შვილიც თავად იყო, მაგრამ როცა მის შემოქმედებას ვაკავშირებთ მართლმადიდებლობასთან, ალბათ არ უნდა უგულებელვყოთ ინგლისის უფრო ადრეული რელიგიური წარსულიც, რომ შექსპირის ეპოქამდე დაახლოებით ხუთი საუკუნით ადრე ინგლისელი ერი მართლმადიდებელი იყო. მართლმადიდებლობის ისტორია ინგლისში მოიცავს პერიოდს ანგლო-საქსების ქრისტიანიზაციიდან კათოლიკე ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობამდე. ამრიგად, თითქოს ჩვენს წინაშეა პროტესტანტი შექსპირი, აშკარა კათოლიკური გავლენით, მაგრამ ამავდროულად შესაძლო შორეული მართლმადიდებლური სულიერი გენეტიკითაც. რამდენად ასეა ეს, ამაზე ერთგვარად გვპასუხობს მისი „ჰამლეტი“.
პიესაში დასაწყისშივე შემოდის რელიგიური ორაზროვნების მოტივი. შუაღამეს ელსინორის ციხესიმაგრის საგუშაგოზე ბერნარდოსთან და მარცელუსთან ერთად დგას ჰორაციო, ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროტესტანტი სტუდენტი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს სულებისა და აჩრდილების გამოცხადების რეალურობას. მაგრამ აჩრდილი ეცხადება მათ, და ჰორაციოს პროტესტანტულ რწმენას ეჭვქვეშ აყენებს. შემდეგ ღამეს კი ჰამლეტთან საუბარში აჩრდილი აცხადებს, რომ იგი უფლისწულის მამის, გარდაცვლილი მეფის სულია, განსაწმენდელიდან ამოსული, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ ეწინააღმდეგება პროტესტანტულ ხედვას და ეთანხმება კათოლიციზმის შემოღებულ სწავლებას განსაწმენდელის შესახებ.
ორაზროვნებასთან ერთად პიესაში თავიდანვე შემოდის ჭეშმარიტების ძიების სულისკვეთებაც. ჰამლეტისთვის ერთობ საჭირბოროტო ხდება აჩრდილის ფენომენის მართებული ახსნა. იგი ბრმად არ იჯერებს აჩრდილის სიტყვებს, არც საკუთარ ან სხვის ფანტაზიებსა და ინტერპრეტაციებს ენდობა. მისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაარკვიოს სიმართლე, ყოველგვარი სუბიექტურობისგან თავისუფალი, რადგან თუ პირად წარმოდგენებს აყვება, იცის, რომ აუცილებლად შეცდება. ამიტომაც, ჰამლეტი ობიექტურ სიმართლეს ეძებს, რომელიც ერთადერთია, და უარყოფს ადამიანურ წარმოსახვას, რომელიც თავისი მრავალგვარობით საფუძველს უდებს არასწორ ინტერპრეტაციებს.
ჰამლეტის შემოქმედებითი კონცეფცია არსებითად ორთოდოქსულია, ორიენტირებულია სიმართლის სწორად ასახვაზე, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. ის მსახიობებს მოუწოდებს სცენაზე გონივრული ზომიერებისკენ, რათა თეატრი ბუნების სარკედ იქცეს. ორთოდოქსული დრამატული კონცეფციიდან განდგომილ მსახიობებს ჰამლეტი მეტად კიცხავს. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ პიესას ხომ სიმართლის დადგენის ფუნქციაც აკისრია. სიკვდილის წინაც ჰამლეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამოაშკარავდეს, რა როგორ მოხდა სინამდვილეში. მართლმადიდებლობისთვისაც სწორედ სუბიექტური წარმოსახვისგან უცვლელი ობიექტური ჭეშმარიტებაა მთავარი. მისთვის სულიერი სიკვდილის ტოლფასია ჭეშმარიტებიდან ოდნავი გადახვევაც, ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლების მცირედი დამახინჯებაც, მრწამსისა და საეკლესიო დოგმატიკის შეცვლა, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება გუშინ სხვა ყოფილიყო, დღეს სხვა იყოს და ხვალ კიდევ სხვა.
ლიტერატურა:
ბიბლია. (2009). თბილისი: საქართველოს საპატრიარქო.
Greenblatt, S. (2013). Hamlet in Purgatory. Princeton: Princeton University Press.
Moss, V. (2016) Essays on True Orthodox Christianity. Vol. 4. Lulu Publishing.
Shakespeare, W. (2019) Hamlet, Prince of Denmark. Ed. Philip Edwards. 3rd ed. New Cambridge Shakespeare. Cambridge: Cambridge University Press.