ეს არის მოძველებული ვერსია, რომელიც გამოქვეყნდა 2024-08-08. წაიკითხეთ უახლესი ვერსია.

„პლოტინუსთან დამეგობრება“ - წყლის პოეტური ხატი და ნეოპლატონიზმის გავლენა უ. ბ. იეიტსის პოეზიაზე

ავტორები

  • ქეთევან გრძელიძე კავკასიის უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-11

საკვანძო სიტყვები:

იეიტსი, პლოტინუსი, ნეოპლატონიზმი, ანარეკლი, ბიზანტია

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს უ. ბ. იეიტსის გვიანდელ პოეზიაში წყლის პოეტური ხატის ფორმირებას ნეოპლატონიზმის, კონკრეტულად კი პლოტინუსისა და პორფირიუსის ნაშრომების გავლენით. ნეოპლატონიზმითა და სოკრატემდელი ფილოსოფიით უ. ბ. იეიტსი ბლეიკისადმი აღფრთოვანებისა და, ასევე, პერენიალიზმითა და ოკულტიზმით გატაცების გამო დაინტერესდა. იეიტსი პლოტინუსის და პორფირიუსის ნაშრომების ფრაგმენტებს თომას ტეილორის თარგმანების საშუალებით იცნობდა, როცა ე. ჯ. ელისთან ერთად ბლეიკის ნაშრომების პირველ კრებულზე მუშაობდა (1893). თუმცა, ნეოპლატონიზმის და, ზოგადად, ანტიკური ფილოსოფიის გავლენა იეიტსის პოეზიას მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოსკენ დაეტყო, როცა, როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი (მანი და სხვ., 2012) აღნიშნავს, უხილავმა „ინსტრუქტორებმა“ ფილოსოფიის კითხვაზე ხანგრძლივი და საკმაოდ მავნე „ემბარგო მოუხსნეს“. ეს ემბარგო, ერთი მხრივ, განპირობებული იყო აკადემიური ცოდნისა და მეცნიერებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით, რომელიც იეიტსს ბლეიკისგან გამოჰყვა, მეორე მხრივ კი იეიტსის გულუბრყვილო რწმენით, რომ სრული სიბრმავე თუ სრული უმეცრება აუცილებელია სამყაროს ჭეშმარიტების შესაცნობად. ეს შეხედულება, თვითონ იეიტსის სასიხარულოდ, მალევე გაქარწყლდა, როცა იეიტსმა პლატონსა და პლოტინუსთან „დამეგობრება“ გამოაცხადა ლექსში The Tower.

იეიტსის პოეზიაზე ნეოპლატონიზმის გავლენაზე საუბრისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ეს დამეგობრება არ ნიშნავდა იეიტსის სრულ ერთგულებას პლატონისა თუ პლოტინუსის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი ისევ ხშირად არასწორად ციტირებს და იაზრებს ფილოსოფოსთა ნააზრევს, მათი შესწავლა იეიტსის პოეზიას სიღრმეს, კომპლექსურობას სძენს და თავისებურად ხვეწს, რაც კარგად ჩანს წყლის პოეტური ხატისა და მისი მრავალგვარი ვარიაციის განვითარების საშუალებით. წყლის ხატის ვარიაციები, პირობითად, ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: 1) წყალი, როგორც ნეოპლატონური ერთი - მარადიული ერთისგან გადმომავალი სიკეთე და მის დეგრადირება / განფენა შედარებით დაბალ ფორმებში, პლატონის სხეულთაგან ურთულესი, რომელიც შედარებით პრიმიტიულ ფორმებად ნაწევრდება (იეიტსის შადრევანი და „მოჭარბებულის“ გადმოდინება, რომელიც, სხვებთან ერთად, შელისა და მილტონისეული შადრევნების მნიშვნელობასაც იტევს); და 2) წყალი, როგორც წარმომშობი - სიბრტყე, უძრავი გუბე, პოტენციურ ფორმათა მომცველი მატერია, რომელიც გარე ძალის, დემიურგოსის, ენერგიის - ფილოსოფიური ქვის - ზემოქმედებით წარმოშობს ფორმებს (და პოეტურ ხატებს). წყლის, როგორც წარმომშობი მატერიის ნეოპლატონურ ხატს (თუმცა კი იეიტსს გულწრფელად სჯეროდა მშრალი და ნოტიო სულების არსებობა, რომლებსაც პორფირიუსი აღწერს) პოეტი უთანაბრებს სიბრტყეს, ობიექტურს, პირველადს (primary), ხოლო მასზე მოქმედი ანტითეზური (antithetical) ძალა დროა, რომელიც მოძრაობა და სიბრტყის თავისებური განსივრცებაა (ეს ცნება იეიტსმა ჯოვანი ჯენტილესგან ისესხა); წყლის ამ მეორე გაგებასთან კავშირშია ანარეკლის (რაც, თავის მხრივ, პლატონის იდეათა სამყაროს და მის იეიტსისეულ აღქმას უკავშირდება), სარკისა და კრისტალის (პრიზმის) მოტივი, რომელიც იეიტსის სხვადასხვა ლექსში შემოდის. სტატიაში განხილულია  წყლის ხატის ამგვარი ვარიაციის რამდენიმე მაგალითი (ლექსები Byzantium, Statues, Coole and Ballylee, 1931), ასევე, ანარეკლისა და სარკის კონცეფციის ზემოქმედება თავად პოეტურ მეთოდზე.

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14 — განახლებულია 2024-08-08

ვერსიები

გამოცემა

სექცია

სტატიები