“ჰამლეტი” ტ.ს ელიოტის ინტერპრეტაციაში

ავტორები

  • ლია გელეიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-8

საკვანძო სიტყვები:

ელიოტი, ესეები, “ჰამლეტი”, ინტერპრეტაცია

ანოტაცია

ტ.ს ელიოტის კრიტიკულ ესეებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მწერლის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნის პროცესში და ზოგადად, მოდერნისტული წერის ტექნიკის თავისებურებების თეორიული სახით ჩამოყალიბებაში. ამას გარდა, ელიოტის სხვადასხვა წლებში შექმნილი თეორიული ნაშრომები მისი აზროვნების მიმართულებისა და შემოქმედებითი მიდგომების შეცვლას ნათლად აღსაქმელს ხდიან. ერთი მხრივ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მისი კონკრეტული მწერლებისა და ცალკეული ნაწარმოებებისაკენ მიმართული კრიტიკა უკიდურესად არასამართლიანი და სუბიექტურია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მათგან გამოწვეულმა ნეგატიურმა შეფასებებმა თუ საპირისპირო მოსაზრებებმა ელიოტს უბიძგა საკითხისადმი ახალი მიდგომების შემოთავაზება. როგორც შემოქმედი 1927 წელს შექსპირისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ახალ ესეში წერს, უმჯობესია მწერალმა საკუთარი შეცდომების მიმართულება შეცვალოს, ვიდრე მუდამ თავდაპირველ ინტერპრეტაციას დაუბრუნდეს.

1919 წელს გამოქვეყნებული ესე “ჰამლეტი და მისი პრობლემა” ელიოტის ერთ-ერთი ასეთი არასათანადო კრიტიკის ნიმუშია. რეალურად, მასში გაჩენილი ახალი ტერმინი “ობიექტური კორელატივი” ხდის თეორიულ ნაშრომს უფრო მიმზიდველს, ვიდრე ელიოტის პიესისადმი გაუგებარი დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ ელიოტი შექსპირის სუბიექტური ემოციების გამოხატვაში დადანაშაულებითა და “ჰამლეტის” მარცხად გამოცხადებით არც იწყებს და მითუმეტეს, არც ამთავრებს პიესასთან გადაკვეთას. მომდევნო წლების შემოქმედებითი ნიმუშებისა თუ კრიტიკული წერილების შექმნისას, იგი აგრძელებს მის საკუთარ შემოქმედებაში ინტერპრეტაციასა და მასზე ახალი მოსაზრებების გამოთქმას. გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ ეს ახალი ესეები და პიესიდან გამოყენებული ალუზიები ხსნიან მისი დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც მოდერნისტებისთვის მისაღები “საშინელების” გამოხატვის ფორმაში უნდა ვეძებოთ.

პიესის ახსნისა და შექსპირის მცდელობის განმარტების პარალელურად, უნდა აღინიშნოს ელიოტის ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული ახალი ტერმინები. მისი კრიტიკა არ რჩება მხოლოდ თეორიად, იგი საკუთარ შემოქმედებას მათი მიხედვით აგებს. “ჰამლეტისადმი” მიმართული კრიტიკის მიზეზების ძიებისას, განსახილველია შემდეგი ტერმინები: ‘ობიექტური კორელატივი’, ‘შემოქმედებითი მედიტირება’ და ‘პერსონაჟის საკუთარი თავის დრამატიზების შემთხვევა’. მრავალი ცდის შემდეგ, ელიოტი ესეში “შექსპირი და სენეკას სტოიციზმი” წინ წამოწევს პერსონაჟის განსხვავებული ცნობიერების ხარისხს, პიროვნულ თვისებებსა და მასში სხვადასხვა ფილოსოფიური შეხედულებების არსებობას. სენეკას გმირებთან შექსპირის პერსონაჟების დაკავშირებით, მაკიაველისა და მონტენის ფილოსოფიურ შეხედულებების იდენტიფიცირებით და თავად, ელიზაბეთური დრამის თავისებურებებზე საუბრით, ელიოტი ათავისუფლებს “ჰამლეტს” შექსპირის ტკივილების გამოხატვის ბრალდებებისაგან და მიდის “იმპერსონალიზმის” საკითხამდე.

სტატიაში განხილულია ტ.ს ელიოტის “Selected Essays”, რომელშიც შესული სხვადასხვა წლის ესეები გამოკვეთენ პიესა “ჰამლეტისადმი” მიმართული კრიტიკის სხვადასხვა ინტერპრეტაციას. ელიოტის ლიტერატურის თეორიის პრაქტიკულობაზე ხაზგასასმელად, გაანალიზებულია პერსონაჟი ჰამლეტისა და პიესიდან გამოყენებული ცალკეული ალუზიების დანიშნულება ელიოტის შემოქმედების ნიმუშებში. შედარებით ვრცელი ანალიზი ეთმობა “ჯ. ალფრედ პრუფროკის სიყვარულის სიმღერას”, ასევე გაანალიზებულია “ბერბანქისა” და “უნაყოფო მიწის” ის ეპიზოდები, სადაც შემოქმედი იყენებს “ჰამლეტთან” დაკავშირებულ ალუზიებს. ქართულ რეალობაში, ელიოტის კვლევის საქმეში უდიდესი როლი პროფესორმა თემურ კობახიძემ შეასრულა. ამის გათვალისწინებით, სტატიაში მისი მონოგრაფიიდან “ტ.ს ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა” გამოყენებულია დასკვნები იმის შესახებ, თუ რას ემსახურება პიესიდან აღებული ალუზიები  მოდერნისტული წერის ტექნიკის ფარგლებში და რის მიღწევას ცდილობდა ელიოტი ამით საკუთარ შემოქმედებაში. აგრეთვე, შეჯამებულია ის კონკრეტული მიზეზები, რითაც ელიოტი საკუთარი კარიერის დასაწყისში აკრიტიკებს შექსპირის პიესას და თვალს ხუჭავს პერსონაჟის თვისებებსა და სხვა მიმდინარე მოქმედებებზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • ლია გელეიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    დოქტორანტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    ინგლისური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

გამოცემა

სექცია

სტატიები