„ლოდინის ციხე-კოშკი“ და „კაკადუ“ გივი მარგველაშვილის რომანში კაპიტანი ვაკუში. წიგნი პირველი. გერმანიაში
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-5საკვანძო სიტყვები:
ემიგრაცია, პოსტმოდერნიზმი, ვართბურგი, კაკადუ, ჯაზი.ანოტაცია
ქართული წარმომავლობის გერმანულენოვანი მწერალი, ფილოსოფოსი და ჯაზმენი გივი მარგველაშვილი (1927-2020) განსაკუთრებული მოვლენაა ლიტერატურის ისტორიაში. შემოქმედმა, რომელმაც ორი ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია, სულიერი სიმშვიდე „წიგნის ორ ყდას შორის“ იპოვა და პოსტმოდერნისტული მანერით მიგვითხრო ნანახისა და განცდილის შესახებ. კაპიტანი ვაკუშის შვიდი ტომი, რომელთაგან მხოლოდ სამია დაბეჭდილი, სწორედ მწერლის მიერ განვლილი გზის შესახებ მოგვითხრობს და, ამავდროულად, მისი ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებების მხატვრულ განსხეულებას წარმოადგენს.
კაპიტანი ვაკუში, იგივე ვახუშტი, გივი მარგველაშვილის ტექსტების მთავარი გმირი, მისი ალტერ ეგოა. ლოდინის ციხე-კოშკი, ანუ ვართბურგი, კი ემიგრანტი მშობლების სამოთახიანი ბინაა ბერლინში. მამისეულ ვართბურგში გერმანელი ძიძების მიერ გაზრდილი მწერალი „კაკადუში“ ჰპოვებდა სულიერ საზრდოს.
ისტორიული ვართბურგი, უმშვენიერესი ციხე-სიმაგრე ტიურინგიაში, სადაც მარტინ ლუთერმა ახალი აღთქმა თარგმნა და, სადაც, იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა, რომლის სახელსაც უკავშირდება შუა საუკუნეებში ცნობილი „პოეტთა პაექრობები“, ნოვალისმა უკვდავყო „ჰაირიხ ფონ ოფტერდინგენში“. მან ამ ნაწარმოებში განასხეულა იენის რომანტიზმის ლიტერატურულ-ესთეტიკური პრინციპები და შექმნა ისეთი აღზრდის, ანუ სულის რომანი, რომლის მთავარი იდეა საკუთარ თავზე ამაღლებაა. გივი მარგველაშვილიც თითქოს არ არღვევს აღზრდის რომანის ესთეტიკას და გვიჩვენებს ვაკუშის სულიერ ევოლუციას, მაგრამ, გიუნტერ გრასის თუნუქის დოლის მსგავსად, კაპიტანი ვაკუშის პირველი ნაწილი ანტიაღზრდის რომანის ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ. ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ვაკუშის აღზრდა-განვითარება და ცხოვრებისეული გზა არაერთხელ შეცვალა. ის რომ მწერალი ისტორიულ სამშობლოში მაინც გერმანულ ენაზე წერს, ესეც პროტესტის ერთგვარი ფორმაა სოციალისტური დიქტატურის წინააღმდეგ. მართალია, ფიზიკურად იგი საბჭოთა საქართველოშია, მაგრამ ცხოვრობს წარმოსახულ გერმანულენოვან სამყაროში, და კიდევ უფრო შორს მიდის. გივი მარგველაშვილი ერთ-ერთი თვალსაჩინო პოსტმოდერნისტია დასავლეთევროპულ ლიტერატურაში, რომელიც ქართული თემებითა და მხატვრული სახეებით სრულიად ორიგინალურ ტექსტებს ქმნის. ამავდროულად იგი წარმოგვიდგენს ისეთი ემიგრანტი ბიჭის ლიტერატურულ პორტრეტს ნაციონალ-სოციალიზმის დიქტატურის პერიოდში, რომლისთვისაც თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და პოულობს კიდეც მას ისევე როგორც მამისეულ ვართბურგში, ასევე „კაკადუში“, სადაც ჯაზის მოყვარული პიპოები სასწაულებს ახდენენ.
„კაკადუ“, ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარი გასული საუკუნის 30-იან წლებში, წარმოდგენილია კაპიტანი ვაკუშის პირველ წიგნში როგორც სასწაულებრივ გადარჩენილი თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა თავშეყრის ადგილი, რომელიც „იმპერიის ერთ-ერთ სარდაფში უპრეტენზიოდ განაგრძობდა არსებობას“.
გივი მარგველაშვილი რომ ლიტერატურული პორტრეტის დიდოსტატია, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ცნობილი იტალიელი ჯაზმენისა და ბენდის ხელმძღვანელის ტულიო მობილიას (1911-1991) მხატვრული სახე ნაწარმოებში. იგი და მისი სეპტეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ 1940-43 წლებში ბერლინში, ბავარიული კვარტლის ღამის კლუბებსა და „როზიტა ბარში“.
რომანში რეალური და გამოგონილი ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს და სატირისა და იუმორის საბურველში გახვეული გასაოცარ ეფექტს ახდენს მკითხველზე. ნაწარმოები, ფაქტობრივად, ისტორიული დოკუმენტია, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ, მიზეზთა გამო, ზუსტად არაა მითითებული კონკრეტული გეოგრაფიული ადგილები თუ პერსონაჟთა გვარ-სახელები, მკითხველი გრძნობს ნაციონალ-სოციალიზმის დიქტატურის სუსხს. მეცნიერებს კი შესაძლებლობა აქვთ მსუბუქად მოყოლილი ამბების მიღმა, ტექსტის სიღრმეში, ამოიკითხონ „დროის მოწმის“, დიქტატურის მსხვერპლის პირადი და, ამავდროულად, ეპოქის უდიდესი ტრაგედია.
ჯაზის სამყარო ვაკუშისთვის ის ადგილია, სადაც თავისუფლებას ზღვარი არა აქვს. „კაკადუს“ მუდმივმა ბინადრებმა, მუსიკის თაყვანისმცემელმა პიპოებმა (თავადაც ერთ-ერთი პიპოთაგანია), ყველაფერი იციან ჯაზის შესახებ, ხოლო ჯაზბენდის წყალობით „კაკადუ“ მთელი ღამე ბობოქრობს.
კაპიტანი ვაკუშის პირველ წიგნში კარგად ჩანს, რომ ჯერ კიდევ ყმაწვილი გივი მარგველაშვილისთვის ნათელი იყო თუ რა უფსკრული არსებობდა მის ისტორიულ სამშობლოს (სოციალისტური საქართველო), რეალურ სამშობლოს (ნაცისტური გერმანია) და იმ წარმოსახულ სამყაროს შორის, რომელსაც ვირტუოზი ჯაზმენები ქმნიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს იატაქვეშ.