სენეკას “ფედრას” მხატვრული სახის გარდასახვა სარა კეინის პიესაში „ფედრას სიყვარული“
საკვანძო სიტყვები:
სენეკა, ფედრა, სარა კეინი, გარდასახვა.ანოტაცია
ნაშრომში გაანალიზებულია სენეკას „ფედრას“ სახის მხატვრული გარდასახვა ბრიტანელი დრამატურგის სარა კეინის პიესაში „ფედრას სიყვარული“.
ფედრას სახის მხატვრულ გარდასახვაზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსი“. ქეთევან ნადარეიშვილი თავის სტატიაში „ფედრას სახე ევრიპიდეს ჰიპოლიტოსში“ აღნიშნავს, ევრიპიდესეული ფედრას სახე ბერძნული ტრაგედიის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ლიტერატურულ ხასიათადაა მიჩნეული.
ტრაგედიის შინაარსი, ეგრეთ წოდებული „პოტიფარის მოტივის“ ვარიაციაა. პოტიფარის მოტივი პოპულარული იყო მსოფლიოს გარშემო არსებულ გადმოცემებსა თუ საგებში და მისი აგებულება ყველასათვის კარგად ცნობილია.
ევრიპიდეს „ჰიპოლიტოსში“ პროცესის მთავარი წარმმართველი აფროდიტეა, სწორედ ის განსაზღვრავს ფედრას ტრაგიკულ ბედსა და გადაწყვეტილებას.
განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს სენეკა თავის ტრაგედიაში „ფედრა“, რომლის ცენტრალურ ფიგურად, როგორც სათაურიდანაც ცხადად ვიგებთ ქალი ქცეულა. სენეკა, თავისი წინამორბედების მსგავსად ბერძნულ მითოლოგიას ეყრდნობა და პირდაპირად თუ არაპირდაპირად განიცდის სამი დიდი ბერძენი მწერლის გავლენას, რომელთა შორისაც არიან ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე.
ბერძნული ტრაგედიის პერსონაჟები ხშირ შემთხვევაში თავის ემოციებს და მოტივაციას სხვა პერსონაჟთან დიალოგის დროს ამჟღავნებენ. თუმცა, სენეკას პიესებში ნაკლები დიალოგები და უფრო მეტი პერსონაჟთა მონოლოგებია, რომლებიც გვეხმარება ამოვხსნათ ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელი.
ყველაზე კარგად ამ მაგალითის ასახსნელად ფედრას მონოლოგები გამოდგება. ემოციაზე ყურადღების გამახვილებას - კერძოდ კი ბრაზისა და ვნების გამანადგურებელ ეფექტებს მივყავართ სტოიკურ ფილოსოფიასთან, რომლითაც სენეკა ძალიან იყო დაინტერესებული. სტოიკოსები ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ადამიანის ფსიქოლოგიით, სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა რომ სენეკას გმირებიც ასეთი ღრმა ფსიქოლოგიის მქონენი არიან.
ევრიპიდეს პიესისაგან განსხვავებით, სენეკას პიესაში ღმერთების ნება არათუ მინიმუმამდეა დაყვანილი, არამედ მთელი დანაშაული პიესის ორ გმირზე ნაწილდება. ერთ-ერთი მათგანი ფედრაა.
სენეკას პიესაში ფედრა უფრო მეტად სასტიკია. სასოწარკვეთილი და უარყოფილი მძიმე გადაწყვეტილებას იღებს. თანაც აქ უკვე ევრიპიდეს პიესისაგან განსხვავებით ღმერთების ძალა არაფერ შუაშია. სენეკას პიესაში წმინდა ადამიანურ გრძნობებთან გვაქვს შეხება, რომელსაც დედოფალი პიესის დასაწყისშივე თავად აჟღერებს, დიდი ტანჯვით, ტკივილით, მაგრამ ამავდროულად ღირსებითა და სიამაყით.
ადამიანური გრძნობების, გაუცხოების, ნიჰილიზმის თემებს ვხედავთ სარა კეინის პიესაში - „ფედრას სიყვარული“.
1996 წელს სარა კეინს London’s Gate Theatre-მ შესთავაზა ახალი პიესა დაეწერა, რომელიც გამოძახილი იქნებოდა ბერძნული ან რომაული კლასიკური ნაწარმოებისა, მან კი ასეთი ფრაზა თქვა : „ო, მე ყოველთვის მძულდა ეს პიესები. იქ ხომ ყველაფერი სცენის მიღმა ხდება და მაშინ რა აზრი აქვს ამის გაკეთებას ? (Tabert 1998, 11.)
მართლაც ძველი ბერძნული დრამატურგია ცოტა საერთოს თუ იპოვის კეინის ბრუტალურ, სასტიკ და ძალადობის სცენებით სავსე პიესებთან, რომლებიც ხშირად სცენაზე ძალიან რთული განსახორციელებელია, თუმცა თავად პიესების ავტორი სხვანაირად ფიქრობდა. ის თვლიდა, რომ რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, მაშინ ამის ჩვენებაც უნდა იყოს შესაძლებელი.
როგორც ერიკა ბექსლი აღნიშნავს თავის სტატიაში „Show or Tell Seneca’s and Sarah Kane’s Phaedra Plays” კლასიკური ფილოლოგებისთვის გასაკვირი ნამდვილად არ აღმოჩნდება ის ფაქტი, რომ კეინმა თავისი პიესის საფუძვლად სენეკას და არა ევრიპიდეს მოდელი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ კეინი თავადვე აღნიშნავს, რომ პიესაზე მუშაობისას მხოლოდ ერთხელ გადაიკითხა სენეკას პიესა, კეინი უფრო მეტადაა „დავალებული“ სენეკასგან ვიდრე ევრიპიდესგან.
ლიტერატურა:
ბექსლი ე. „Show or Tell Seneca’s and Sarah Kane’s Phaedra Plays” Trends in Classics, vol. 3, pp. 365–393, Walter de Gruyter 2011.
კეინი ს. 2001. Sarah Kane, Complete Plays. Methuen Drama, 2001.
სანდერსი გ. ( 2002) “Love me or kill me” Sarah Kane and the theatre of extremes. Manchester University Press, 2002.
სენეკა - ფედრა, 2024. თარგმანი ნინი ქუთელიასი.
სიერზი ა. ( 2001) “In-Yer- Face Theatre” British Drama Today. Faber and Faber, 2001.