ტექსტის ინტერპრეტაცია იდეოლოგიური დისკურსის პირობებში:გოეთეს “ფაუსტის” ინტერპრეტაცია საბჭოთა პერიოდის ქართულ გერმანისტიკაში

ავტორები

  • კონსტანტინე ბრეგაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-4

საკვანძო სიტყვები:

გოეთე, „ფაუსტი“, ინტერპრეტაცია, იდეოლოგია, დისკურსი

ანოტაცია

საბჭოთა პერიოდში (1921-1990 წწ.) გოეთეს „ფაუსტს“ უპირატესად პირველი თაობის ქართველი გერმანისტები განიხილავდნენ თავიანთ გამოკვლევებში: კერძოდ,  ოთარ ჯინორია - იხ. მისი მონოგრაფია „გოეთეს შემოქმედებითი გზა (1966, გვ. 259-396), გრიგოლ ხავთასი - იხ. მისი ნარკვევები „გოეთეს ფაუსტის პრობლემისათვის“ და „გოეთეს დამოკიდებულება საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციისადმი“ მისივე წიგნიდან „ნარკვევები გერმანული კლასიკური ლიტერატურიდან“ (1975, გვ. 196-231, 258-283) და დავით ლაშქარაძე - იხ. მისი ნაშრომი „გოეთე ქართულ ლიტერატურაში“ (1983; გვ. 110-241), ასევე, ლიტერატურათმცოდნე, პროფ. მიხეილ კვესელავა - იხ. მისი მონოგრაფია „ფაუსტური  პარადიგმები“, წიგნი I (1961, გვ. 372-453). 

ვინაიდან ამ ავტორთა გამოკვლევები საბჭოთა პერიოდში იწერებოდა და ვინაიდან ისინი იზიარებდნენ კვლევის მარქსისტულ მეთოდებს (დიალექტიკური მატერიალიზმი) და კლასთა ბრძოლის პოსტულატს, ცხადია, რომ მათ მიერ განხილულ გოეთეს „ფაუსტს“ საბჭოთა იდეოლოგიური დაღი აზის: კერძოდ, მათ ნაშრომებში გოეთეს ტრაგედია უპირატესად ბურჟუაზიული და სოციალისტური რევოლუციური იდეების, ბურჟუაზიულ-ფეოდალური სოციალური ყოფის კრიტიკის, კლასთა ბრძოლისა თუ კომუნისტური ესქატოლოგიის პერსპექტივებიდანაა განხილულ-წაკითხული, ან დიალექტიკური მატერიალიზმის, ფრ. ენგელსის ვულგარული ისტორიზმისა თუ რადიკალური საბჭოთა მარქსიზმის პერსპექტივებიდან. იმავე,               მ. კვესელავას “ფაუსტური პარადიგმებისადმი” მიძღვნილ ვრცელ რეცენზიაში შ. ნუცუბიძე ავტორს სწორედ კვლევის “მარქსისტულ მეთოდოლოგიას” (ანუ, დიალექტიკური მატერიალიზმის მეთოდს) და “მარქსისტულ მსოფლგაგებას” უწონებს (1966, გვ. 360), ხოლო                  ო. ჯინორიას ნაშრომში “გოეთეს შემოქმედებითი გზა” მთელი შვიდი გვერდი ეძღვნება დასავლური ბურჟუაზიის კრიტიკას მარქს-ენგელსისა და გ. პლეხანოვის ნაშრომებზე დაყრდნობით (1966, გვ. 300-307), რათა შემდგომ კლასობრივი ბრძოლის თუ კლასთა ბრძოლის პერსპექტივიდან დაასაბუთოს მეფისტოფელის ცალსახად “ბურჟუაზიული” არსი.

ამ იდეოლოგიზებულ ინტერპრეტაციებს კი მკვლევრები             (ო. ჯინორია, მ. კვესელავა, გრ. ხავთასი და სხვ.) მიჰყავს, რბილად რომ ვთქვა, კურიოზულ დასკვნებამდე და საფუძველშივე მცდარ თვალსაზრისებამდე, თითქოს “ფაუსტს” “არსებითად მაინც იაკობინური სული” ედგას, თითქოს გოეთესა და მის პერსონაჟ ფაუსტს “რევოლუციური ბრძოლის იდეა შეეთვისებინოთ” და გოეთეს ლიტერატურულ მემკვიდრეობას (მათ შორის “ფაუსტს”) “რევოლუციური არსი” ჰქონდეს (ჯინორია, 1966, გვ. 109, 110, 371), თითქოს გოეთე და ფაუსტი “რევოლუციონერი” “იაკობინელები”, “მებრძოლი კომუნისტები” ყოფილიყვნენ (ჯინორია, 1966, გვ. 112, 113, 466) ან მომავალში “სოციალისტური სახელმწიფოს” მშენებლობას გეგმავდნენ (ჯინორია, 1966, გვ. 465-466), ან ფაუსტური იდეების განახლებული გენერირებით “კომუნისტური საზოგადოების” მშენებლობას აპირებდნენ (კვესელავა, 1961, გვ. 209), თითქოს გოეთე და ფაუსტი საფრანგეთის 1789 წლის დიდი რევოლუციის იდეებს მეტ-ნაკლებად იზიარებდნენ (ხავთასი 1975, გვ. 268, 282), ანდა, სულაც, ამ იდეებით ყოფილიყვნენ “გაზრდილნი” და თავად “ფაუსტი” “რევოლუციური იდეის” მატარებელი ნაწარმოები ყოფილიყოს (ჯინორია, 1966, გვ. 387, 390), თითქოს ისინი “უკლასო კომუნისტური საზოგადოების” ჩამოყალიბებისაკენ ისწრაფვოდნენ (ჯინორია, 1966, გვ. 112, 318; კვესელავა, 1961, გვ. 105-106), თითქოს ფაუსტისა და მეფისტოფელის დაპირისპირება ალეგორიულად დასავლური ბურჟუაზიული საზოგადოების შიგნით მიმდინარე “კლასთა ბრძოლას” ასახავდეს (კვესელავა, 1961, გვ. 104), თითქოს ფაუსტი “კაპიტალისტურ საზოგადოებასთან” “შეურიგებელ წინააღმდეგობაში მოდიოდეს” (ჯინორია, 1966, გვ. 390), ხოლო თავად ისტორიული ფაუსტი  -  გეორგიუს ფაუსტუსი (მ. კვესელავას მიხედვით კი, იოჰან ფაუსტი) - ჩამოყალიბებული “მემარცხენე” ყოფილიყოს (კვესელავა, 1961, გვ. 205), ანდა თითქოს “ფაუსტი” “გოეთეს მატერიალისტურ-ჰუმანისტური აზრის გვირგვინი” ყოფილიყოს (ჯინორია, 1966, გვ. 274) და თურმე “გოეთე იმის სიმბოლურ სურათს გვიჩვენებს, მეფისტოფელურ-კაპიტალისტური სინამდვილის წინააღმდეგობებიდან თუ როგორ აღმოცენდება მათი იდეური დაძლევისა და მოხსნის სახით ფაუსტურ-სოციალისტური ჰუმანიზმი” (ჯინორია, 1966, გვ. 466), ხოლო თავად ფაუსტს თითქოს “სოციალისტური ოცნება” ჰქონდა (ჯინორია, 1966, გვ. 463) და მისთ.

გარდა იმისა რომ საბჭოთა პერიოდის “ფაუსტის” მკვლევარი ქართველი გერმანისტები აბსურდულ დასკვნებამდე მიდიან, მსგავსი აბსურდული და იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციების ფონზე საბჭოთა პერიოდის ქართული გერმანისტიკის ფაუსტურ კვლევებში სრულიად იგნორირებულია გოეთეს “ფაუსტის” სიმბოლიკისა (სახისმეტყველებისა) და პოეტიკის საკითხები, ე. ი. წმინდად ლიტმცოდნეობითი და პოეტოლოგიური საკითხების დეტალური განხილვა, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი “მარქსისტი” “გოეთოლოგები” თუ “ფაუსტმცოდნენი” ისე გაიტაცა დიალექტიკური მატერიალიზმის, კლასთა ბრძოლისა თუ კომუნისტური ექსატოლოგიის პერსპექტივებიდან „ფაუსტის” ინტერპრეტირებამ, რომ ტრაგედიის ტექსტის პოეტიკის საკითხები იმთავითვე განზე დარჩათ.

ამგვარად, აქ ზუსტად ის ვითარებაა, რა ვითარებაც იყო კომუნისტურ გერმანიაში, ე. წ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ, DDR), სადაც “ფაუსტის” კვლევა მეტწილად ასევე იდეოლოგიზებული იყო და გოეთეს ტრაგედია ასევე კლასთა ბრძოლისა თუ კომუნისტური ესქატოლოგიის პერსპექტივებიდან და სოციალიზმის მშენებლობის კონტექსტში განიხილებოდა (Schmidt, 2011,  p. 316-319).

ასეთ იდეოლოგიზებულ ინტერპრეტაციებში კი ფაუსტი გამოყვანილი იყო “რეფორმატორად”, მანქანურ-ტექნიკური “პროგრესის” “მედროშედ” და ახალი “სოციალისტური სახელმწიფოს” აღმშენებელად. ამიტომაც ის, როგორც პერსონაჟი, ხშირად იყო ჰეროიზებული, ხოლო მისი საქმენი - იდეალიზებული: შდრ., “ხალხთა ბედნიერებისათვის გაბედული მებრძოლი”, “ხალხთა საკეთილდღეოდ გამიზნული მისი პრაქტიკული საქმიანობა” (ხავთასი, 1975, გვ. 214, 218), “მებრძოლი ჰუმანისტი” (ჯინორია, 1966, გვ. 377) და მისთ.

ბელადომანიით შეპყრობილ მოძალადე ფაუსტში, - რომელიც თავისი კოლონიის მოსახლეობას მუდმივად “ყმებად” (“Knechte”) მოიხსენიებდა და მათ თავის  თაყვანისცემას აიძულებდა, - ალბათ, სწორედ მისი ვიზიონერულ-უტოპისტურ-დიქტატორული პოზა იზიდავდათ და ხიბლავდათ როგორც ნაცისტური გერმანიის, ისე კომუნისტური გერმანიის (გდრ-ის) იდეოლოგებსა და ტირან მმართველებს და ისინი გოეთეს ტრაგედიას სწორედ საკუთარი რეჟიმების ლეგიტიმაციის განმტკიცების ბერკეტადაც იყენებდნენ, რასაც ხელს უწყობდა როგორც ნაცისტური, ისე კომუნისტური გერმანიის (გდრ-ის) “გოეთოლოგიასა” და გერმანისტიკაში აპრობირებული და დომინირებული “ფაუსტის” იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციები.

როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, ანალოგიური ვითარება იყო საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს გერმანისტიკასა და „გოეთოლოგიაშიც“, სადაც „ფაუსტის” ასევე იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციები საბჭოთა რეჟიმის ლეგიტიმაციისა და ბოლშევიკურ-კომუნისტური პარტიის მიერ დასახული უტოპისტური კომუნისტური სწრაფვების პროპაგანდის ერთ-ერთი ბერკეტი იყო. საბჭოთა სივრცეში გოეთეს “ფაუსტის” ეს იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციები და ფაუსტის პერსონაჟის პოლიტიკურ ბელადად ჰეროიზაცია, იმავე, საბჭოეთის განათლების სახალხო კომისარ, ა. ლუნაჩარსკისაგან უნდა იღებდეს სათავეს, რომელსაც ხშირად ციტირებს ო. ჯინორია თავი ნაშრომში (ჯინორია, 1966, 415-416).

ავტორის ბიოგრაფია

  • კონსტანტინე ბრეგაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ასოცირებული პროფესორი

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

გამოცემა

სექცია

სტატიები