ჯვარცმის სახარებისეული სიუჟეტის მხატვრული გადამუშავება კოლმ ტოიბინის რომანში, „ღვთისმშობლის სახარება”
საკვანძო სიტყვები:
კოლმ ტოიბინი, ღვთისმშობლის სახარება, ჯვარცმაანოტაცია
კოლმ ტოიბინის, თანამედროვე ირლანდიელი რომანისტის, დრამატურგის, პოეტისა და კრიტიკოსის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ლიტერატურული, მითოლოგიური თუ რელიგიური ალუზიების გამოყენებასა და მათ მხატვრულ გადამუშავებას, კონკრეტული ლიტერატურული ტექსტის კონტექსტში გარდასახვას უჭირავს. ტოიბინის ნაწარმოებთა ინტერტექსტუალური თავისებურებები როგორც სხვადასხვა სიუჟეტისა და მოტივის სესხებაში, ისე პერსონაჟთა პორტრეტების შექმნის სპეციფიკასა და გამოყენებულ პირველწყაროებში დატოვებული სიცარიელეების შევსებაში ვლინდება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია 2012 წელს გამოცემული რომანი, „ღვთისმშობლის სახარება”. ნაწარმოებში მოქმედება მაშინ ვითარდება, როცა ღვთისმშობელი უკვე ხანდაზმულია. ის ეფესოში ცხოვრობს და მასზე შვილის მეგობრები ზრუნავენ. რომანი პირველ პირშია დაწერილი. მისი სიუჟეტური ხაზი ღვთისმშობლის მოგონებებსა და ისეთი მოვლენების მისეულ აღქმაზეა აგებული, როგორიცაა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, ქორწილი კანაში, წყლის ღვინოდ ქცევის სასწაული და ჯვარცმა. ამის გათვალისწინებით, ტოიბინის რომანში თავად ღვთისმშობელი გვევლინება სახარებისეული პასაჟების მთხრობლად.
იმ სახარებისეულ სიუჟეტთა შორის, რომლებიც ტოიბინის რომანში ღვთისმშობლის პერსპექტივითაა გადმოცემული, აღსანიშნავია ჯვარცმა, რომელსაც მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს ქრისტიანულ ტრადიციაში. ის ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ის გარდამტეხი მოვლენაა, რომლის მიზანი, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მთელი კაცობრიობის გამოხსნა, ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა და მათთვის სამოთხის კარის კვლავ გახსნაა. იესო ქრისტეს ჯვარცმას მისი მკვდრეთით აღდგომა მოსდევს, რაც თითოეული ადამიანისთვის მოსალოდნელი ხსნის იმედის გაღვივების საფუძველია.
მოხსენების მიზანია, გააანალიზოს ჯვარცმის სახარებისეული სიუჟეტის მხატვრული გადამუშავების თავისებურებები „ღვთისმშობლის სახარებაში,” კერძოდ, ის, თუ როგორ აღიქმება ეს მოვლენა 21-ე საუკუნის ამ რომანში და რა სახეცვლილებებს განიცდის ის მხატვრულ ლიტერატურაში გადატანისას.
წინამდებარე მოხსენებაში განხილული იქნება ის ფაქტორები, რომლებიც ჯვარცმის სახარებისეული ეპიზოდის ზოგიერთი ასპექტის გარდასახვის ამა თუ იმ თავისებურებას განაპირობებს. მათგან აღსანიშნავია რომანში განსხვავებული პერსპექტივის შემოტანა. თუ სახარებაში ჯვარცმის შესახებ ქრისტეს ოთხი მოციქული, მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე მოგვითხრობს, ტოიბინის რომანის მთხრობელი ღვთისმშობელია, რომლის ცხოვრებასა და, მით უმეტეს, ქრისტეს ჯვარცმისას, ან მას შემდეგ განცდილზე სახარების ტექსტი ბევრს არაფერს გვეუბნება. ამდენად, ტოიბინის მიერ ღვთისმშობლის პერსპექტივის გამოყენება მისი მხრიდან ამ სიცარიელეების შევსების მცდელობად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც, ამავდროულად, ღვთისმშობლისა და, ზოგადად, ქალთა პერსპექტივის ფემინისტური თეოლოგიის ფარგლებში გაანალიზებისა და თანამედროვეობის კონტექსტში მისი მნიშვნელობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა.
ჯვარცმის სახარებისეული სიუჟეტის „ღვთისმშობლის სახარებაში” გადატანისას განცდილი სახეცვლილების განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი ტოიბინის მიერ ღვთისმშობლის სახის გადააზრებაა. ღვთისმშობელი, რომელსაც ტოიბინის რომანში ვხვდებით, ძირეულად განსხვავდება წმინდანის იმ ფიგურისგან, რომელიც ქრისტიანულ ტრადიციაშია ცნობილი. ის ადამიანია, რომელიც ისევე გრძნობს და განიცდის, როგორც სხვები და ხშირად მძიმე რეალობიდან გაქცევის, მისი უარყოფის სურვილი იპყრობს, მიდის ტაძარში არტემისის ქანდაკებასთან, მისგან შთაგონებულია, ზოგჯერ ამ ქალღმერთს ჩურჩულით ესაუბრება კიდეც და ა.შ. ის დედაა, რომელიც საკუთარი შვილის წამების მოწმე ხდება და დარჩენილ სიცოცხლეს ამ დანაკარგით გამოწვეული ტკივილით ატარებს, თუმცა, ამავდროულად, არ შორდება იმაზე ფიქრი, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრმა იქამდე გაქცევისკენ უბიძგა, ვიდრე ყველაფერი დამთავრდებოდა და, შესაბამისად, სიკვდილის პირას მყოფი შვილის მიტოვება აიძულა. რომანის ბოლოს იმასაც კი ამბობს, რომ ის, რაც თავისმა შვილმა გადაიტანა, ამად არ ღირდა, რითიც, ერთი შეხედვით, ემიჯნება მოსაზრებას იმის შესახებ რომ ჯვარცმის გზით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა მიიღწევა, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სიტყვებით ის საკუთარი შვილის აბსტრაქტულ მხსნელად წარმოჩენისა და ჯვარცმისთვის ზებუნებრივი დიდებულების მინიჭების წინააღმდეგ გამოდის.
ჯვარცმის სახარებისეული ეპიზოდის მხატვრული გადააზრების თავისებურებების ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სიუჟეტის ზოგიერთი ასპექტი ტოიბინის რომანში მნიშვნელოვან სახეცვლილებებს განიცდის, რაც ღვთისმშობლის სახის ტოიბინისეული აღქმით, ახალი კონტექსტითა და განსხვავებული პერსპექტივითაა განპირობებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
Cicero, K. R. (2017). “The Testament of Mary by Colm Tóibín.” Dandelion: Postgraduate Arts Journal and Research Network 8 (1). doi: https://doi.org/10.16995/ddl.365
Daly, G. (2014). “The Testament of Mary.” The Furrow, 65 (3), 165–168. http://www.jstor.org/stable/24635802
Elwes, T. (ed.). (1992). Women's Voices: Essays in Contemporary Feminist Theology. London: Marshall Pickering.
Miles, R. L. (2001). The Bonds of Freedom. Feminist Theology and Christian Realism. Oxford University Press.
Tóibín, C. (2024). A Guest at The Feast. United States: Scribner.
Tóibín, C. (2012). “The Inspiration for The Testament of Mary.” The Guardian. https://www.theguardian.com/books/2012/oct/19/inspiration-testament-mary-colm-toibin
Tóibín, C. (2014). The Testament of Mary. New York: Scribner.
Van Winkle, K. R. (2012). “You Had to Be There: Irish Theater in 2011.” New Hibernia Review / Iris Éireannach Nua, 16 (3), 133–146. http://www.jstor.org/stable/23266690
Walshe, E. (2013). A Different Story: The Writings of Colm Tóibín. Dublin: Irish Academic Press.