„შოთა ჩანტლაძე: ქუჩებისა და ბაღების პოეტი“
საკვანძო სიტყვები:
შოთა ჩანტლაძე, პოეზია, ურბანიზმი.ანოტაცია
„ქალაქის იდუმალი ხმების მოყურიადე, მისი ტკივილების მოზიარე, ქუჩების ანბანის წამკითხველი“, ასე მოიხსენიებს შოთა ჩანტლაძეს პოეტი და მთარგმნელი ჯარჯი ფხოველი.
შოთა ჩანტლაძის შემოქმედების არც ერთი ნიმუში პოეტის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა (როგორც თავად ამბობდა, ოთხასი ლექსი ჰქონდა დაწერილი). მისი ხმა ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთებიდან, ლიტერატორთა წრის ტრიბუნებიდან არ ისმოდა. „ერთადერთი ტრიბუნა, რომელიც სიცოცხლეში არავინ დაუჭირა, თბილისის ქუჩები, უნივერსიტეტისა და ვერის ბაღები გახლდათ“, შენიშნავს პოეტი იზა ორჯონიკიძე.
შოთა ჩანტლაძის პოეზიაში ურბანიზმის მნიშვნელობის გამოსახატად, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქალაქს კი არ ეხება მისი ლექსი, არამედ პოეტი ქალაქს აქცევს ლექსად. ურბანული ლიტერატურის არსის განმსაზღვრელი, მაგისტრალური თვისება სწორედ ქალაქის ტექსტად ქცევაა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ქალაქის გააზრებას, განცდას, მასთან გაშინაურებას (ან, საპირისპიროდ, გაუცხოებას), ურბანიზმისაგან განუყოფელ ნიშანთა გაშიფვრისა და ქალაქური ყოველდღიურობისაგან შემოთავაზებული გამოცდილების ამოკითხვას. შოთა ჩანტლაძე ქალაქში მოხეტიალე პოეტია, რომელიც ქუჩების ვიზუალურ და ხმოვან გამოცდილებას ჯერ თავად კითხულობს, პოეტურ ფიქრად გარდაქმნის და შემდეგ ამ გამოცდილებას ტექსტად აქცევს. მისთვის ქალაქი ერთდროულად დასაწერი და მრავალჯერ წასაკითხი წიგნია („ეს ქალაქი ჩემთვის წიგნია, […] მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა“).
ქალაქის ხატი ურანულ ლიტერატურაში ინდივიდის მონაწილეობის, პესონაჟის შინაგანი და გარეგანი სივრცეების თანხვედრის გარეშე ვერ შეიქმნება. ამგვარადვე, შოთა ჩანტლაძის ურბანული ნიმუშები პოეტის უშუალო მონაწილეობის, ყოველივეს შუაგულში ყოფნის გარეშე არ არსებობს. მის პოეზიაში ნაკლებად ვხვდებით არქიტექტურული ელემენტების თავმოყრას, თბილისელთა სახეების შექმნას, ანდა დედაქალაქის სიმბოლოებად ქცეულ (მაგ: მტკვარი, მთაწმინდა) პეიზაჟთა მონუმენტიზაციას. მისი ლექსები ეყრდნობა ქალაქის წაკითხვის განსხვავებულ წესს - საკუთარი, პირადი, ყოველდღიური გამოცდილების ასახვას, რომელშიც თავისთავად და ბუნებრივად იყრიან თავს ქალაქელი პერსონაჟები (ზოგჯერ უპიროვნოები, ზოგჯერ სახელდებულები), ადგილები, მარშრუტები, ტრანსპორტი, ქალაქური სიტუაციები.
შოთა ჩანტლაძის ურბანული ლექსები მოძრაობის, გადაადგილების ტექსტებია. მისი შემოქმედების ქალაქური ნიმუშები ხშირად პასიურ, დამკვირვებლურ გამოცდილებას ეყრდნობა, შთაბეჭდილებათა მისაღებად შესაფერისი მდგომარეობა კი უსაქმო, დროის გაყვანის მიზნით ხეტიალია (მაგ: ლექსები: „ხანდახან უმიზნოდ გამოხვალ სახლიდან“ (1957), „საათი“ (1957)), თუმცა პოეტს, აგრეთვე, შეუძლია გამოვიდეს პასიური დამკვირვებლის როლიდან და თავად მოგვევლინოს ყოვლისმცოდნე გონებად, მეხსიერების საცავად, რომელშიც ინახება ქალაქის ყველა პროსპექტის, ქუჩის, ჩიხის, მოედნის, ბაღის, ქალაქის მცხოვრებთა შესახებ ინფორმაცია („ჩემი მაგიდის წიგნი“ (1958)).
„ტრამვაის (რეკვიემი)“ (1958) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ურბანული პოემაა ქალაქის ყოველდღიურ, მოსაწყენ ცხოვრებაზე. პოემის ფოკუსში მეტალის უსულო ქმნილებაა. ტრამვაის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ძალიან ცოცხალი სურათის შექმნისათვის პოეტი მას ადამიანისათვის დამახასიათებელ მდგომარეობებს მიაწერს: ის იღვიძებს, ფხიზლდება, ფიქრობს, განიცდის, ნატრობს, იძინებს, ესიზმრება - ე. ი. სულიერი არსების მსგავსად დღე-ღამის სრულ ციკლს გადის. ტრამვაი იქცევა პოემის კოსმოსად, რომლის საზღვრებშიც ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე, ათასობით ამბავი იყრის თავს. ავტორი ტრანსპორტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესის პრაგმატული გამოვლინების, სრულიად არაპრაგმატულ პერსპექტივას სთავაზობს მკითველს.
შოთა ჩანტლაძის შემოქმედება ევროპული მოდერნისტული ესთეტიკით განმსჭვალული, პიროვნული გამოცდილებების, ინდივიდუალური ძიებების პოეზიაა. პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის, სიტყვებით, ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში ურბანიზმი არავისთან არ არის ისეთი ძლიერი და ხაზგასმული, როგორც შოთა ჩანტლაძის შემოქმედებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia. (2018). „შოთა ჩანტლაძის ლექსების კითხვა“. Facebook. https://shorturl.at/E5vIs
- ფირცხალავა, ნ. (2022). „თბილისი როგორც ტექსტი“. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“, N7 (307).
- ჩანტლაძე, შ. (1998). მე მოვალ. თბ.: გამომცემლობა „ლიტერატურის მატიანე“.
- ჩანტლაძე, შ. (2010). 100 ლექსი. თბ.: გამომცემლობა „ინტელექტი“.
- წიფურია, ბ. (2021). „შოთა ჩანტლაძე - არასაბჭოთა პოეტი საბჭოთა საქართველოში“, https://literature.iliauni.edu.ge/rubrika/shotha-chantladze-arasabtchotha-poeti-sabtchotha-saqarthveloshi/
- ხარბედია, მ. (2017). „ბაღი და ხეტიალი“, საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“. https://shorturl.at/MfNOt