ზღაპრის ეკრანული ინტერპრეტაციის სპეციფიკა

ავტორები

  • ელენე გოგიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ზღაპარი, კინო, ლიტერატურა, ტრადიცია

ანოტაცია

ზღაპრის ინტერპრეტაცია - როგორც ხალხური, ასევე ლიტერატურული ზღაპრების - იმ ინტერდისციპლინურ საკითხთაგანია, რომელიც გარდა ფილოლოგიური და ფოლკლორისტული კვლევისა, ინტერმედიალური ასპექტების გაშუქებასაც ითხოვს. ხალხური ზღაპრის შესწავლისას გასათვალისწინებელია მათი მუსიკალური, სასცენო და ლიტერატურული ადაპტაციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტრადიციულ სიტყვიერების გააზრებაზე მსმენელისა და მკითხველის მიერ. ზღაპრის ინტერმედიალური შესწავლა მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ფართო სპექტრს. ზღაპრის ტექსტობრივი კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს მიუზიკლს, ანიმაციას, ოპერას, ბალეტს, პანტომიმას და სხვა სასცენო და ვიზუალური ხელოვნების ფორმებს (Haase 2008: xxxvii). სხვადასხვა მედია ზღაპრის სხვადასხვა რეცეფციას სთავაზობს საზოგადოებას მის თანამედროვე სოციოკულტურულ გარემოში (Bendix 1997). ზღაპარს აქვს მრავალმხრივი პოტენციალი. ის მარტო ზეპირი და ლიტერატურული გზით არ გადაეცემა, არამედ თეატრის, თოჯინური სპექტაკლის,  მუსიკის, ცეკვის, ილუსტრაციის, რეკლამის, კომიქსის, გრაფიკის, ტელევიზიის, ფილმის და ინტერნეტის ჰიპერტექსტის მეშვეობით. ზღაპარი შეიძლება გამოჩნდეს სრულფასოვანი ნარატიული ფორმითაც და ფრაგმენტულადაც, როგორც მოტივი, ალუზია, ინტერტექსტი (Bacchilega 1997; Greenhill 2010).

ხალხური ზღაპარი, როგორც ჟანრი, კომპოზიციური მთლიანობით და თხრობის სადა სტილით გამოირჩევა. ამდენად, მისი შემდგომი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ამოუწურავია ყველა მიმართულებით, სიუჟეტურად, მსოფლმხედველობრივად, ექსპერიმენტებისთვის, თერაპიისთვის და ა.შ. ერთსა და იმავე მოტივზე და მოქმედ პირზე მუდმივად შეიძლება ახალი ისტორიის შექმნა.

ხალხური ზღაპრის ნარატიული სტრუქტურა სხვადასხვა ინტერპრეტაციისა და სპეკულაციის საგანი შეიძლება გახდეს. ყოველი ზღაპრის ადაპტაციას მკვლევრები უდგებიან იმ მიზნით, რომ  განმარტონ, ახსნან ურთიერთობის დინამიკა ზღაპრის ტექსტუალურ დამუშავებასა და მის ვიზუალიზაციას შორის.

მოხსენება, რომელიც ნაწილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისა „ზღაპარი და მუსიკა: ქართული ნარატიული და მუსიკალურ-სასცენო ჟანრების ინტერმედიალური შესწავლა“ [FR-23-2808], ეხება ზღაპრის ეკრანიზაციების თავისებურებებს.

ზღაპრის ჯადოსნურობა მდგომარეობს კონფლიქტში, რომელიც საბოლოოდ ბედნიერებად შემოტრიალდება. აქ შემდეგი მექანიზმი მუშაობს: ზღაპრის ჯადოსნურობა თავისთავადია და მაყურებელი ელოდება კეთილ დასასრულს. ზღაპრის ინტერპრეტაცია სხვადასხვა მედიის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია: ფილმი-ზღაპარი განსხვავდება იმავე სიუჟეტზე გადაღებული რომანტიკული კომედიისგან ან ტელესერიალისგან. თუ ზღაპრის რეალისტურ თემას და დაუჯერებელ სასწაულს ერთმანეთს შევადარებთ, ჯადოსნური ზღაპარი სწორედაც ძალიან „პატიოსნად“ იქცევა. ტრივიალური მოთხრობები ტელესერიალებში ცხოვრებისეულს ჰგავს, სირთულეები თითქოს რეალისტურად არის დაძლეული, მაგრამ ეს მოჩვენებითია. შეიძლება დამაჯერებელად იყოს მოთხრობილი, რომ ექიმი შემწედ ევლინება გმირს ან პრინცს ცოლად ექთანი მოჰყავს, მაგრამ მაყურებელმა იცის, რომ ეს ყველაფერი ილუზიურია. ფილმ-ზღაპრებში კი სასწაული ისეა ასახული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. ფილმი-ზღაპარი მაყურებელს ილუზიებს არ უქმნის, ის სხვა სამყაროს აჩვენებს.

ზღაპრის ეკრანიზაცია უფრო დაზუსტებით რომ აღვწეროთ, საჭიროა, დავსვათ შემდეგი კითხვა:

  • ზღაპრის რომელი ნიშანია ისეთი არსებითი, რომ მედია (კინო, ტელევიზია, თეატრი) დააინტერესოს ინტერპრეტაციისთვის? ზღაპრის რომელ კომპონენტს - სტილისტურს თუ შინაარსობრივს - სჭირდება მედიის დახმარება, უფრო გამომსახველი რომ გახდეს?

ზღაპრის სპეციფიკა, რომელიც მედიისგან დამოუკიდებლად არსებობს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მყარ სტრუქტურად თავისი სტრუქტურული ნიშნებით, მნიშვნელობითა და არსით. როცა ზღაპარი რომელიმე მედიის საშუალებით არის მოთხრობილი, მაშინ მედიის გამომსახველობითი საშუალებები იწევს წინა პლანზე და მაყურებელიც მას აღიქვამს, როგორც პრიორიტეტულს, თუმცა ზღაპრის სქემა არსად ქრება. თუ ერთი მედია მეორეში ტრანსფორმირდება, არც ამით დაირღვევა ზღაპრის მყარი სტრუქტურა. უფრო მეტიც, ახალ მედიასთან ერთად ახალ ინტერპრეტაციათა გზა გამოჩნდება.

 

ლიტერატურა:

 

Bacchilega, C. (1997). Postmodern Fairy Tales: Gender and Narrative Strategies. Philadelphia: University of Pennsylvania Press, 1997.

Bendix, R. (1997). In Search of Authenticity: The Formation of Folklore Studies. The University of Wisconsin Press, 1997.

Greenhill, P., Matrix, S. E. (eds.). (2010). Fairy Tale Films: Visions of Ambiguity. University Press of Colorado; Utah State University Press, 2010.

Haase, D. (2008). The Greenwood Encyclopedia of Folktales and Fairy Tales, Vol. 1–3. Edited by Donald Haase. Greenwood Press, 2008.

text and interpretation N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-09

გამოცემა

სექცია

სტატიები