კოლექტიური სიმბოლიკით გამოსახული პერსონაჟთა არაცნობიერი შერვუდ ანდერსონის „უაინსბურგი, ოჰაიოში“

ავტორები

  • სოფიკო გელიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სიმბოლო, არაცნობიერი, უაინსბურგი, ანდერსონი

ანოტაცია

შერვუდ ანდერსონის ყველაზე ცნობილი ტექსტი, 1919 წელს გამოცემული „უაინსბურგი, ოჰაიო“, ოცდაორ მოთხრობას აერთიანებს. პატარა ქალაქ კლაიდში გაზრდილი ავტორისთვის მოდერნისტულ ტექსტად გარდაქმნის შთაგონებად იქცა მაცხოვრებელთა სივრცული თუ დროისმიერი ბარიერით გარშემორტყმული კოლექტიური ყოფა.

ოჰაიოს შტატის ფიქციურ ქალაქ უაინსბურგში მიმდინარე მოვლენები ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტორიებია: ავტორი აღწერს პერსონაჟთა ხასიათის განმსაზღვრელ ფაქტორებს და მათ ცხოვრებაში მომხდარ გარდამტეხ ცვლილებებს. ოცდაორივე ისტორიის მთლიანობაში აღქმის შემდეგ იკვეთება აქამდე უხილავი ძაფები, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს საერთო ნიშნით აკავშირებს, თუმცა სუბიექტურად მორგებული შტრიხით გამოარჩევს. მოთხრობებს შორის არსებული ისეთი მსგავსებები, როგორებიცაა: ყველა პერსონაჟისათვის დამახასიათებელი მარტოობის აუტანელი განცდა, სიყვარულის ცნების მხოლოდ დესტრუქციული ფორმა, მშობლებისა და შვილების გაუცხოება, აკვიატებათა თუ აფექტურ ქმედებათა მთელი რიგი - თითოეული მოთხრობის შემთხვევაში ძირითადად სამი, შეიძლება ითქვას კოლექტიური სიმბოლოს საშუალებით გამოვლინდება: ხელები, ფანჯარა და ლოცვა ის სიმბოლოებია, რომელთაც შერვუდ ანდერსონი კრებულის ყველა ტექსტში პერსონაჟთა არაცნობიერის გამომხატველ საშუალებებად იყენებს. ჩამოთვლილი სიმბოლოები კი ადამიანის არსის განმსაზღვრელ სამ ცნებას შეგვიძლია დავუკავშიროთ: ხელები - საქმიანობა სოციუმში, ასევე ემოციებისა და განზრახვების გამომხატველი ფიზიკურ საშუალება; ფანჯარა - მსოფლმხედველობა. ასევე პერსონაჟთა თვალით დანახული მათი ადგილი სამყაროში; ლოცვა - რწმენის გამომხატველი მეტად სუბიექტური აქტი, რომელიც სრულ თანხვედრაშია თითოეული პერსონაჟის ხასიათთან. მოხსენებაში აღნიშნული სიმბოლიკა განხილულია ექვსი მოთხრობის მაგალითზე, რომელთაგან თითოეული - სიმბოლოს გამოყენების განსხვავებულ მოტივს წარმოაჩენს.

კრებულის პირველი მოთხრობა „გროტესკულ ფიგურათა წიგნი“, რომელიც პროლოგადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სწორედ ფანჯარასთან მიახლოებით იწყება. ხელების თემატიკას ეძღვნება მოთხრობა „ხელები“, რომელიც როგორც ანდერსონი წერს არა უინგ ბიდლბომის, არამედ მისი ხელების ამბავია. „ნერვული, პატარა ხელების“ მქონე ყოფილი მასწავლებლის ამბავი პირველ რიგში ჯოისთან, „დუბლინელების“ პირველ მოთხრობა „დებთან“ გვაბრუნებს. მამა ფლინის პერსონაჟი ერთგვარ პროტოტიპად შეგვიძლია მივიჩნიოთ უინგ ბიდლბომისა იმ განსხვავებით, რომ მღვდელს საკუთარ თავთან კითხვები არ აქვს, უინგს კი დარწმუნებით ვერ გაუგია რა დაუშავეს მისმა ხელებმა სკოლის მოსწავლეებს. კაცის ხელები, რომლთაც პატრონი კრიტიკულ მომენტებში ჯიბეში ათავსებს, ერთგვარი ორიენტირი, საწყისი წერტილია ყველა სხვა პერსონაჟის ხელებისა, ისევე როგორც მთხრობელის თვალით დანახული უინგის ლოცვის ინსცენირება.

„უზარმაზარი ხელები“ აქვს „ქაღალდების ბურთულების“ მთავარ პერსონაჟს ექიმ რიფს, რომლის ჩვევა - ქაღალდის ნაგლეჯებზე საკუთარი ფიქრების წერა, შემდგომ მათი ბურთულებად ქცევა, ჯიბეში ჩაწყობა და გადავსების შემდეგ ხალხისათვის სახეში შეყრა - მას როგორც ფილოსოფიურ, ისე პარანოიდულ სახედ წარმოაჩენს.

ელიზაბეტ უილარდი მოთხრობიდან „დედა“ ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც ავტორი სამივე სიმბოლოს საშუალებით გამოხატავს. ორგვარ ემოციას ავლენს ქალის ხელები, ისევე როგორც აგრესიით და მუქარის ტონით წარმოთქმული ლოცვა. ფანჯარა კი მედიუმია ქალსა და წარსულს შორის, რადგან აწმყო და მომავალი მისთვის არარსებული ცნებებია.

მოთხრობა „ფილოსოფოსის“ მთავარი გმირი, ექიმი პერსივალი, რომლის სახელიც წმინდა გრაალის მაძიებელი რაინდი პერსივალის ალუზიას აჩენს, ტექსტში მხოლოდ ერთი სიმბოლოთი წარმოგვიდგება. გამომდინარე იქიდან, რომ პერსივალი უარს ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ნახვაზე, ავტორი მისი ხელების აღწერას საჭიროდ არ თვლის. თუმცა ვხედავთ იმ მაგიდასთან მუხლმოყრილ ექიმს, რომელზედაც ფული დევს.

პერსივალის მსგავსად, ანდერსონი არც ჯესი ბენტლის ხელებს გვიჩვენებს მოთხრობიდან „ღვთისმოსაობა“, რადგან მისი საქმიანობა მხოლოდ ფანჯარასთან ჯდომა და როგორც არსებული, ისე მომავალი ილუზორული რეალობით ტკბობაა. პარადოქსულია „ღვთისმოსავი“ ჯესის ლოცვაც, რომელიც სასწაულის ხილვის სურვილით ეცემა მუხლებზე. პერსონაჟისთვის ერთგვარი ესთეტიკური სიამოვნებაა იმის წარმოდგენა, თუ როგორ იხილავს დაჩოქილი სასწაულს.

ფანჯრისა და ხელების მეტად სპეციფიკურ დანიშნულებას ვხედავთ ენოქ რობინსონის პერსონაჟთან მოთხრობაში „მარტოობა“. კითხვის მოყვარული, ხელოვანი და ბიბლიური სახელის მატარებელი ენოქი ამქვეყნიურ ცხოვრებას ვერაფრით უწყობს ფეხს. ნიუ-იორკში, წარმოსახვითი ადამიანი-აჩრდილების გვერდით მცხოვრებ ენოქს ფანჯრიდან ყურება არ სჭირდება. მიწიერი ცხოვრებისგან იზოლირება შეგვიძლია ჩავთვალოთ ენოქის ლოცვად, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ენოქის წიგნი“ ბიბლიის ნაწილად არ ითვლება, ამიტომ წინასწარმეტყველის მოდერნისტული სახე არასანდრო და ორაზროვანია. ფანჯარა და ხელები კი პერსონაჟის ცხოვრებაში მხოლოდ უაინსბურგში დაბრუნების შემდეგ ხდება აქტუალური.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ანდერსონი, შ. (2023). უაინსბურგი, ოჰაიო. გამომცემლობა წიგნები ბათუმში

ბიბლია. (1989). საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა

Esplugas, C. (1989). “Winesburg, Ohion”: An Existential Microcosm. CLA Journal, Vol. 33 N 2, pp.130-144

Love, Glen, A. (1968). Winesburg, Ohio and the Rhetoric of Silence. American Literature, Vol. 40, N1, pp.38-57

Joyce, J. (2011) Dubliners. Collins Classics

ტექსტი და ინტერპრეტაცია N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-09

გამოცემა

სექცია

სტატიები