მართლმადიდებლური ჰერმენევტიკული პრინციპები და თანამედროვე დასავლური ჰერმენევტიკა
საკვანძო სიტყვები:
მართლმადიდებლობა, ჰერმენევტიკა, ტექსტი, ინტერპრეტაცია, ბიბლიაანოტაცია
მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიაში ჰერმენევტიკა ხორციელდება იმ პრინციპების მიხედვით, რომლებიც ვლინდება ეკლესიის ცხოვრებაში. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი მართლმადიდებლური ვიკი წარმოგვიდგენს მართლმადიდებლური ჰერმენევტიკის ათ პრინციპს ბიბლიასთან მიმართებაში:
1. ღმერთი ნამდვილად არის და ხორცშესხმულია ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ყველაფერი, რაც წმინდა წერილს ეხება, ქრისტოლოგიურად უნდა გავიგოთ. იესო ქრისტე არის ერთადერთი კარიბჭე, რომლითაც შეგვიძლია
შევიდეთ ბიბლიის გაგებაში.
2. მხოლოდ გულით წმინდანი იხილავენ ღმერთს. ჩვენი სულიერი მდგომარეობა უშუალო გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას გავუკეთებთ წმინდა წერილს. საკუთარი სიწმინდე პირდაპირ კავშირშია წიგნის სწორად ინტერპრეტაციის უნართან.
3. წმინდა წერილის გაგება მოაქვს მისი სწავლების მიხედვით ცხოვრებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს უმწიკვლო გონება და ცდილობდეს მიბაძოს წმინდანთა ცხოვრებას.
4. ბიბლიური ჰერმენევტიკის მთავარი მიზანია მთელი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი: განღმრთობა. ჩვენი მიზანი ბიბლიის გაგების მცდელობისას არ უნდა იყოს მხოლოდ აკადემიური კვლევა, არამედ უფრო მეტად განღმრთობილ ადამიანებად ქცევა.
5. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეიძლება ბიბლიის გაგება. წმინდა წერილი დაიწერა ეკლესიის მიერ, ეკლესიაში და
ეკლესიისთვის. ამდენად, ის არის ეკლესიის, ასე ვთქვათ, ოჯახური საბუთი, რომელიც წმინდა გადმოცემის უმაღლესი წერტილია.
6. წმინდა წერილი ჭეშმარიტების მოწმობაა და არა ქრისტიანული ცხოვრების შესახებ ამომწურავი წიგნი. თავად წმინდა წერილის სიტყვებში ვერსად ვერ ვიპოვით სწავლებას, რომ ის სრულიად საკმარისია ქრისტიანული ცხოვრებისთვის, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს წმინდა წერილს.
7. პატივი უნდა ვცეთ ბიბლიის კანონის მთლიანობას, როგორც ეს ეკლესიის ტრადიციაშია მოცემული. მოციქულთა ან წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი სხვა ტექსტების ძიება არ არის ეკლესიის ჰერმენევტიკული პროექტის ნაწილი. კანონიკური წიგნების ავტორობის ან ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენებაც ასევე ეკლესიის ცხოვრების მიღმაა.
8. ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ წმინდა წერილის სწორი ინტერპრეტაციისთვის, რათა ჩვენც მივიდეთ და სხვებიც მივიყვანოთ ჭეშმარიტების შემეცნებამდე, მაგრამ ამ რესურსების გამოყენების ცოდნაში სულიერი გამჭრიახობაა საჭირო.
9. წმინდა წერილს თავმდაბლობით უნდა მივეახლოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვაღიაროთ, რომ ჩვენი ინტერპრეტაციები შეიძლება მცდარი იყოს და ისინი ეკლესიის განსჯას მივანდოთ.
10. მეორადი სახით შეიძლება გამოვიყენოთ აკადემიური მეცნიერების რესურსები, იქნება ეს ლოგიკა, არქეოლოგია, ლინგვისტიკა თუ სხვა, მაგრამ მხოლოდ ყველა ზემოხსენებულ ჰერმენევტიკულ პრინციპთან ერთად.
მართლმადიდებლობის შეხვედრა XIX-XX საუკუნეების მანძილზე დასავლეთში განვითარებულ ფილოსოფიურ ჰერმენევტიკასთან შესაძლებელი ხდება აქ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ უკანასკნელი მართლმადიდებლური ჰერმენევტიკული პრინციპის საფუძველზე, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ თანამედროვე დასავლური ჰერმენევტიკა:
1) გარკვეულწილად პროტესტანტული რეფორმაციის გავლენის საფუძველზე აღმოცენდა და ამდენად, დაშორებულია მართლმადიდებლურ საეკლესიო ტრადიციას;
2) არსებითად სეკულარული და ფილოსოფიური ხასიათისაა, და შესაბამისად, მიწიერი სიბრძნისკენაა ორიენტირებული;
3) ერთ ჭრილში განიხილავს ბიბლიის ტექსტს (ღვთის სიტყვას) და სხვა ტექსტებს (ადამიანთა სიტყვებს);
4) ახასიათებს სუბიექტივიზმი, რელატივიზმი და პლურალიზმი, და ამდენად, არ მიისწრაფვის ობიექტური ჭეშმარიტებისკენ, რომელიც ერთია და აბსოლუტური;
5) დამოკიდებულია დროის მოთხოვნებზე და ამიტომაც, მუდამ ცვალებადია და ტენდენციური.
გერმანელი ფილოსოფოსების (ფ. შლაიერმახერი, ვ. დილთაი, მ. ჰაიდეგერი, ჰ.-გ. გადამერი) ჰერმენევტიკული კონცეფციებიდან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს ბიბლიის სწორი ინტერპრეტაციის მართლმადიდებლურ კრიტერიუმებს.
ამრიგად, მართლმადიდებლური ჰერმენევტიკული პრინციპების გვერდით თანამედროვე დასავლური ჰერმენევტიკა მეტად უსუსურად
გამოიყურება და არსებითად გამოუსადეგარია წმინდა წერილის სწორად გაგებისათვის.
თანამედროვე დასავლური ჰერმენევტიკის ცდომილება საღვთო წერილთან მიმართებით ვლინდება იმაშიც, რომ ის თითქმის უგულებელყოფს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამების ბიბლიურ სწავლებებსა და განმარტებებს.
ბიბლია ჩვენგან მოითხოვს როგორც მართებულ ინტერპრეტაციას, ისე მართებულ ყოფიერებას. ამგვარი ყოფიერება და ინტერპრეტაცია კი ერთმანეთს შეეწევა სრულყოფაში, ხოლო ადამიანს – სულიერ ზრდასა და მარადიულ ცხონებაში.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წერილთან მიმართებაში, მართლმადიდებლური ჰერმენევტიკული პრინციპები არა მხოლოდ მეთოდოლოგიურად განსხვავდება თანამედროვე დასავლური ჰერმენევტიკისგან, არამედ მიზნითაც: პირველი ცდილობს ინტერპრეტაცია მოარგოს ბიბლიას, მეორე კი – ინტერპრეტაციას მოარგოს ბიბლია.
ლიტერატურა:
OrthodoxWiki contributors. (2023). Hermeneutics. OrthodoxWiki. https://orthodoxwiki.org/Hermeneutics.
Ryan, M., Castle, G., Eaglestone, R., & Booker, M. K. (2011). The Encyclopedia of Literary and Cultural Theory. Wiley-Blackwell.
St. Athanasius Orthodox Academy. (2008). The Orthodox Study Bible. Thomas Nelson.