სახარების პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაცია ენდრიუ ლოიდ უებერის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავში“

ავტორები

  • ანი ბაიდოშვილი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

სახარება, პოსტმოდერნიზმი, როკ-ოპერა, ინტერპრეტაცია

ანოტაცია

1970 წელს ენდრიუ ლოიდ უებერისა და ტიმ რაისის კოლაბორაციით შექმნილი კონცეპტუალური როკ-ალბომის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ გამოსვლამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 1971 წლიდან მოყოლებული როკ-ოპერამ ბროდვეის სცენაზე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი, მოგვიანებით კი პირველი კინოადაპტაციის გამოსვლით უებერისა და რაისის სახელებისამუდამოდ აისახა კაცობრიობის კულტურულ მეხსიერებაში.  როკ-ოპერა იესოს მიწიერი ცხოვრების ბოლო შვიდ დღეს ასახავს. ამასთან, უებერი და რაისი სახარებას ახალი კუთხით გვაჩვენებენ,- პოსტმოდერნისტული პერსპექტივით გადაფასებული სიუჟეტი სცდება ტრადიციულ თხრობას და დამახასიათებელი ირონიით, სკეპტიციზმითა და ჰუმანიზებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონიკურ ქრისტიანულ ნარატივს.
ალბომზე მუშაობის დასაწყისიდანვე უებერისა და რაისისთვის ცხადი გახდა, რომ სახარებისეული ნარატივის მათეული ვერსიისთვის განსაკუთრებული მედიუმის გამონახვა იყო საჭირო. ასე გაჩნდა ისტორიის როკ-ოპერის ფორმით მოთხრობის იდეა. ნიშანდობლივია, რომ „როკ-ოპერა“ კლასიკისა და ავანგარდის შერწყმას გამოხატავს, რაც ორმაგი კოდირების ბრწყინვალე მაგალითია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, პოსტმოდერნიზმის უმთავრესი პრინციპია.
„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“, როგორც ტრადიციული ნარატივის პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაცია, მეტწილად კონცენტრირებულია იუდას თვალთახედვაზე. ამით ტრადიციული მორალური დაყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება და საშუალება გვეძლევა, მოვლენები ანტაგონისტის პოზიციიდან შევაფასოთ. ამასთან, თხრობა დანაწევრებულია და მასში ჯერ
მარია მაგდალინელის, შემდგომ კი თვით იესოს მონოლოგი იჭრება. ეს ტრადიციული ნარატიული იერარქიის დეკონსტრუქციის შედეგია, რადგან ზღვარი მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს შორის მოშლილია.
რეალურსა და გამოგონილს შორის ზღვრის წაშლა პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ეს „იესო ქრისტე
სუპერვარსკვლავის“ სიუჟეტსა და მის მიღმა არსებულ კულტურულ რეაქციაშიც ვლინდება. ამას ადასტურებს ტედ ნილის შემთხვევაც: მსახიობი, რომელიც იესოს როლს თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ასრულებდა, ბევრისთვის არა მხოლოდ პერსონაჟი, არამედ ცოცხალი მესია გახდა. ზოგადად, „პოპულარობის კულტურა“ (celebrity culture) და პიარი (PR) როკ-
ოპერაში წამოჭრილი ერთ-ერთი მთავარი საკითხებია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავშია“ ასახული, კანონიკური ისტორიის გმირების
ფსიქოლოგიზმის წინა პლანზე გადმოტანაა. როკ-ოპერაში ყველა მოქმედი გმირი შინაგანი კონფლიქტითა და ეჭვებითაა შეპყრობილი, რაზეც თითოეული საკუთარ მონოლოგში მოგვითხრობს. ამ მხრივ განსაკუთრებით სკანდალურია იესოს პარტია „გეციმანია“, იგივე „მხოლოდ იმის თქმა მინდა“, ( Gethsemane ან I Only Want to Say) სადაც მესია საკუთარ შიშებსა და ეჭვებზე ჰყვება. ამასთან, კანონიკური ისტორიისგან განსხვავებით, „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ორაზროვნად მთავრდება,-როკ-ოპერაში ქრისტე ღვთაებრივად არ აღდგება. ყოველივე ეს დიდი მეტანარატივის, ანუ ქრისტიანობის, ეჭვქვეშ დაყენების ტენდენციის გამოვლინებაა.
უებერისა და რაისის როკ-ოპერა იუდას პარტიით სრულდება. ბოლო სცენაში იესოს სვლა გოლგოთისკენ კარნავალიზებულია. ფინალური პარტია მეტატექსტუალური კომენტარის სახეს იღებს,- იგი ერთდროულად ირონიზებს ნაწარმოების მთელ სიუჟეტზე და ამავე დროს ღიად სვამს იმ კითხვებს, რომლებიც ორი ათას წელზე მეტია ქრისტიანულ და არა მხოლოდ ქრისტიანულ სივრცეში განხილვის საგანს წარმოადგენს. როკ-ოპერაში, გოლგოთაზე კარნავალური სვლის დროს ქრისტეს, როგორც კარნავალურ
ხელმწიფეს, ჯერ ეკლების გვირგვინით ამკობენ, შემდეგი კი ჯვარცმისას განმკობენ.
მაშასადამე, „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ სახარებისეული სიუჟეტის პოსტმოდერნისტული გადაფასების გენიალური მაგალითია.

გამოყენებული ლიტერატურა:

ბიბლია (https://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/sarchevi.php)

ბახტინი მ. (2008). კარნავალიზებული ლიტერატურა. ჟურნალი „სჯანი“ IX;

მაზიაშვილი, დ. (2014) ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი, თბილისი: „24 საათი“;

ფანჯიკიძე გ. (1980) იქ სადაც ცხოვრობდნენ ადამი და ევა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“;

ქარუმიძე, ზ. (2010) პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი. არილი,  2 ივლისი, 2010. Arilimag.ge. http://arilimag.ge/ზურაბ-ქარუმიძე-პოსტსაბ-2/;

Hutcheon, L. (2004). A Poetics of Postmodernism, “Taylor & Francis e-Library”;

Race, T. (1999). Oh, What a Circus, London: “Hodde and Stoughton”;

ტექსტი და ინტერპრეტაცია N3

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-07

გამოცემა

სექცია

სტატიები