ვიქტორ ჰიუგოს ერთი ლექსის თარგმანის შესახებ

ავტორები

  • ნინო ქავთარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ვიქტორ ჰიუგო, ლექსი, თარგმანი

ანოტაცია

ვიქტორ ჰიუგოს (იუგო) ლექსების კრებული – ჭვრეტანი (Les Contemptations), 1856 წელს გამოიცა. კრებული შედგება პოეტის მიერ 1830-დან 1855 წლამდე შექმნილი 158 ლექსისგან. ლექსები ექვს წიგნშია თავმოყრილი  და, შინაარსობრივად,  ორ ნაწილადაა დაყოფილი: ადრე / ახლა (Autrefois / Aujourd’hui).   ლექსი ხვალ, მზის ამოსვლისთანავე (Demain, dès l’aube…) კრებულის მეოთხე წიგნის – Pauca meǽ  (რამდენიმე ლექსი ჩემს ქალიშვილს), რიგით მეთოთხმეტე ლექსია და 1843 წლით თარიღდება.  ფრანგული ლირიკული პოეზიის საგანძურში შესული ეს სამსტროფიანი ლექსი ვიქტორ ჰიუგომ მის უფროს ქალიშვილს, ცხრამეტი წლის ლეოპოლდინს მიუძღვნა, რომელიც მეუღლესთან, შარლ ვაკერისთან და ამ უკანასკნელის ნათესავებთან ერთად სენში, ნავით სეირნობისას დაიხრჩო. ჰიუგო ესპანეთიდან ბრუნდებოდა და შემზარავი ამბავი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როშფორის კაფეში, გაზეთიდან შეიტყო.

თარგმნის პროცესი ტექსტის პოეტიკის, ლინგვისტური და ფსიქოლოგიური ასპექტების გააზრებას, ავტორის ჩანაფიქრის ამოცნობას, დედააზრის სიზუსტით გადმოტანას,  კონკრეტული სიტყვების და გამონათქვამებისგან აბსტრაგირებას და შემდეგ, სამიზნე ენაზე ახალი ტექსტის შექმნას გულისხმობს. პირველ რიგში, ყურადსაღები ლექსთწყობის ერთგულების საკითხია. ჰიუგოს ლირიკული შედევრი თორმეტმარცვლიანი ალექსანდრიულითაა დაწერილი და პოეტური გზავნილი თორმეტ სტიქონზე ნაწილდება. ლექსის ქართული ვერსია (თარგმნილი ნ. ქავთარაძის მიერ) რვამარცვლიანია, ნაწილობრივ პირის ნაცვალსახელების ამოკლების ხარჯზე. ჰიუგოს ლექსის პოეტური ენის სისადავე ფრანგული ტექსტის თითქმის ყველა ენობრივი ერთეულის გადმოტანის საშუალებას იძლევა (თუმცა, ორიგინალს ამოაკლდა ათი, ქართულ თარგმანს დაემატა ექვსი; შესატყვისი სინონიმებით ან სინონიმური გამონათქვამებით შეიცვალა ოთხი სიტყვა).

ვიქტორ ჰიუგოს ლექსში ასახული მოგზაურობის სუბიექტური ხასიათი აძლიერებს ლირიზმს, რომელიც რომანტიზმის  ჭრილში პირადი განცდების განზოგადებას იწვევს. დროსა და სივრცეში რეალური თუ წარმოსახვითი  მოგზაურობის რიგრიგობა გრამატიკული დროების  (აწმყო / მომავალი) შენაცვლებით გამოიხატება.  ქართულ თარგმანში თითქმის დაცულია დროთა ცვალებადობა: ფრანგულ ტექსტში ზმნა რვაჯერაა მომავალ დროში გამოყენებული: ქართულ ვერსიაში – შვიდჯერ; ოთხჯერაა ზმნა აწმყო დროში ფრანგულსა თუ ქართულ ტექსტებში, თუმცა  ფრანგულ ტექტში მხოლოდ პირველ სტროფში გამოყენებული აწმყო დრო, თარგმანში პირველ ორ სტროფზე გადანაწილდა. ქართულ ტექსტს  წარსული დროც დაემატა, რომელმაც პირველ და მეორე სტროფში აწმყო დრო ჩაანაცვლა. ჰიუგოს ლექსის პოეტიკის უდიდეს მიღწევად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ლექსის კეთილხმოვანება და ნატიფი ორგანიზაცია ახასიათებს; სწორედ ამიტომ, ორიგინალის ერთგულება ,,სისადავის’’ შენარჩუნებაცაა.  ლექსში გამოყენებული  სტილისტური ხერხებიდან უარყოფითი ნაწილაკების რიტმული მონაცვლეობა ქართულ თარგმანში დაცულია. ლექსის ბოლოს, ოცნებასა და ზმანებას რეალობა ენაცვლება და კონკრეტიკისკენ სწრაფვით  გამოიხატება. მესამე სტროფში ნახსენებია ერთი ტოპონიმი – არფლორი, და ორი მცენარის სახელწოდება: ჰედერი და ჭყორი.  ნორმანდიის რეგიონის პატარა ქალაქი  არფლორი, სავარაუდოდ, რითმის შესაქმნელადაა გამოყენებული (fleur / Harfleur), რადგან ტრაგედიის ადგილმდებარეობას არ წარმოადგენს: ჰუგოს ქალიშვილი დაიღუპა ვილეკიეში, რომელიც საკუთრივ სენზეა. არფლორი მდინარე სენის მარჯვენა შენაკადზე მდებარეობს და  ახლოსაა ტრაგედიის ადგილიდან. ნორმანდიის მხარეს არსებობს კიდევ ერთი დასახლება – ჰორფლორი.

ლიტერატურული ანალიზის შედეგად განუსაზღვრელი ადგილების აქტუალიზაცია, კონკრეტიზაცია და რეკონსტრუქცია არა მარტო მხატვრული ტექსტის სწორ აღქმას, არამედ თარგმნისას მართებული გადაწყვეტილების მიღებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, ლექსში დასახელებულ ორ მცენარეს – ჭყორი და ჰედერი, ქართულ კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია, შესაბამისად, ქართველი მკითხველისთვის ამ მცენარეების მოხსენიება ასოციაციათა ჯაჭვს არ წარმოქმნის. ფრანგულ ხალხურ ტრადიციებში კი, ჭყორსაც და ჰედერსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ნეფე-პატარძალს ჰედერისგან დაწნულ გვირგვინებს ჩუქნიდნენ  მარადიული სიყვარულის ნიშნად.    ჭყორი ნელ-ნელა შემოდის ქართულ საშობაო ტრადიციებში: მის გამოსახულებას ხშირად ვხვდებით საშობაო თუ საახალწლო ატრიბუტებზე (სუფრა, სამშვენისი...). ქრისტიანულ კანონიკურ ტექსტებში ჭყორი არ ფიგურირებს, თუმცა  ხალხური გადმოცემით, ეს მცენარე უკავშირდება ბიბლიურ სიუჟეტს: როდესაც წმინდა ოჯახი ჰეროდეს მდევრებს ეგვიპტეში გაურბოდა, ჭყორის მარადმწვანე რტოებს შეაფარა თავი და შეპყრობას ასე გადაურჩა. ქართულ თარგმანში  ჭყორიცა და ჰედერიც უცვლელად გადმოვიდა. ჰიუგო მწვანე ჭყორს ახსენებს და, სავარაუდოდ, მცენარის ე.წ. ,,მარადმწვანეობას’’ უსვამს ხაზს, რომ თავისი გრძნობის, ძვირფასი ადამიანის ხსოვნის და მისი საფლავის მონახულების, მიცემული პირობის სამარადჟამო, გამეორებადი ხასიათი წარმოაჩინოს. თარგმანში  ყურადღება გამახვილებულია ჭყორის ნაყოფზე, რომელიც წითელი ფერისაა. ამ თვალსაზრისით, ლექსის ქართულ ვერსიაში შეიცვალა ფერთა პალიტრაც. იმავე სრიქონში დამატებული სიტყვა – იაგუნდი, რაც ყოველივე ძვირფასთან ასოცირდება და ლოგიკურად ებმის ლექსის სათაურში სიტყვას მზე, ასევე მეტყველებს ძლიერ გრძნობაზე, რომელიც ლექსის ლირიკულ მე-ს მის ნარატერთან აკავშირებს.

 

ლიტერატურა:

ბიბლია  (1989). თბილისი: ,,საქართველოს საპატრიარქო’’

ლიტერატურის თეორია  (2008). თბილისი: ,,ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა’’

ჭილაია, ა., ჭილაია ს., (1984). თბილისი: ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’

ჰიუგო, ვ. (2006). Hugo, V., Les Contemplations, https://www.ebooksgratuits. com/html/hugo_contemplations.html

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-21

გამოცემა

სექცია

სტატიები