შექსპირის „ოტელოს“ თანამედროვე სცენური ინტერპრეტაცია

ავტორები

  • მარინე (მაკა) ვასაძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

შექსპირი, დრამატურგია, ინტერპრეტაცია, სპექტაკლი, ნრატივი, ტექსტი

ანოტაცია

მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რადიკალურად შეიცვალა თეატრის დანიშნულება, ფორმები, ჟანრები, სტილისტიკა. ფილოსოფოსები, სახელოვნებო თუ სათეატრო მკვლევრები, სათეატრო ხელოვნების ამ ახალ პერიოდს - პოსტმოდერნულ, ან, პოსტდრამატულ თეატრს უწოდებენ. დღევანდელ სათეატრო ხელოვნებაზე, თუ, კონკრეტულ სპექტაკლზე საუბრისას, ანალიზისას ხმარობენ ტერმინებს: „დეკონსტრუქციული თეატრი“, „მულტიმედიური თეატრი“, „რიგი თეატრალური პირობითობის აღმდგენი - ნეოტრადიციონალისტური თეატრი“, „ჟესტისა და მოძრაობის თეატრი“, „პერფორმანსული თეატრი“, „ჰეფენინგები“, „ფიზიკური მოძრაობის თეატრი“ და ა. შ. თანამედროვე თეატრი უფრო მეტად ვიზუალური, სანახაობითი გახდა. უახლეს თეატრში მკვეთრად არის გაყოფილი დრამატურგიული ტექსტი და თეატრალური, სასცენო ტექსტი. უფრო მეტიც, დრამატურგიული ტექსტი თეატრალური სანახაობის მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად იქცა. ნარატივი ან, თუნდაც ფაბულა პოსტდრამატულ თეატრში, სპექტაკლში აღარ არის მნიშვნელოვანი.

პოსტდრამატულ თეატრში რეჟისორი სპექტაკლის სრულუფლებიანი ავტორია. რეჟისორი სათქმელის გადმოსაცემად ამა თუ იმ ნაწარმოების მიხედვით ქმნის სასცენო ტექსტს.

საქართველოში შექსპირის დადგმას დიდი ტრადიცია აქვს. ბოლო პერიოდში, შექსპირის რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია ვიხილეთ თბილისისა თუ რეგიონის თეატრებში: ავთო ვარსიმაშვილის „ოტელო“ თავისუფალ თეატრში, საბა ასლამაზიშვილის „ქარიშხალი“ ფოთის თეატრში, დავით დოიაშვილის „მეფე ლირი“ ახალ თეატრში. ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოსაჩენად ხელოვანები მუდამ თანამედროვე შექსპირის დრამატურგიას მიმართავენ. ლევან წულაძემაც ახალი სათეატრო სივრცის - თეატრის სახელოსნო 42 - გახსნისთვის არჩევანი შექსპირზე შეაჩერა. „ოტელო“ არ არის უბრალოდ ახალ სივრცეში გაკეთებული სპექტაკლი, ეს არის რეჟისორის ახალი ხედვითა და ახალი ესთეტიკით შექმნილი წარმოდგენა, სადაც მსახიობთან მუშაობაზე და შექსპირისეული სიტყვის წინ წამოწევაზეა ყურადღება გამახვილებული.

ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, ფსიქოლოგიური და რომანტიკული დრამის ხერხებით დადგმულ სპექტაკლში რეჟისორმა და მსახიობებმა თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური სახეები შექმნეს. ეს არის სამსახიობო ანსამბლზე დაფუძნებული ნამუშევარი, სადაც არ არსებობს მეორეხარისხოვანი როლი, ყველას თავისი ხაზი აქვს და ყოველ პერსონაჟს თავისი მნიშვნელოვანი სათქმელი. ამ სპექტაკლშიც, სხვასთან ერთად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრში დადგმული ტრილოგიის: „კრეიცერის სონატა“, „დანაშაული და სასჯელი“, „ფიგაროს ქორწინება“ - ქალთა უფლებების თემას აგრძელებს. მინიმალისტური ხერხებით შექმნილ, თანამედროვედ ინტერპრეტირებულ „ოტელოში“ - რეჟისორმა შურითა და ღვარძლით აღვსილი სამყარო ასახა, სამყარო სადაც სიყვარული ეჭვებს ეწირება, სამყარო სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ.

ლევან წულაძემ შექსპირის ინტერპრეტირებისას ტექსტი საგრძნობლად შეამოკლა, აქცენტები გადააადგილა და  ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული, სადა, უბრალო, ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული სპექტაკლი დადგა.

 

ლიტერატურა:

 ვასაძე, მ. (2023), სამყარო სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ,  ქართული  თეატრის ელექტრონული არქივი https://www.theatrelife.ge/samkarosadc

 ყიასაშვილი, ნ. (1959), ქართული შექსპირიანა, თბილისი

შექსპირი, უ. (1980), ტრაგედიები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“

Барт Р. (1989) Избранные работы. Семиотика, поэтика. М.

Брук, П. (1964), Шекспир в наше время, Англия 2, , Англия, ст. 2-18

Лотман, Ю. (2005), Об Искусстве, структура художественного текста, семиотика кино и проблемы киноэстетики, статии, заметки, выступления.  СП: «Искусство»

Леман, Х.Т. (2013), Постдраматический театр, Москва:  ABC design

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-18

გამოცემა

სექცია

სტატიები