აგამემნონის მხატვრული პორტრეტის პოსტმოდერნისტული წარმოდგენა კოლმ ტოიბინის რომანში „სახელების სახლი“
საკვანძო სიტყვები:
კოლმ ტოიბინი, სახელების სახლი, პოსტმოდერნიზმიანოტაცია
აგამემნონი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ტრაგიკული გმირია მსოფლიო ლიტერატურაში. მისი ამბივალენტურობა და ღალატის, ძალადობის, მკველობისა და შურისძიების მოტივებით გაჯერებული ოჯახური გარემო იმ ფაქტორებს შორისაა, რომელთა გამოც პერსონაჟი არასდროს კარგავს აქტუალობას. აგამემნონი მისი ფიგურით დაინტერესებული მკითხველების, მკვლევრებსა და სხვადასხვა ავტორის ყურადღებას იპყრობს, თუმცა მისი ოჯახური ტრაგედიის ლიტერატურული ვარიაციების მრავალფეროვნება გმირისადმი არსებული ინტერესის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ.
აგამემნონის სახე და მისი ოჯახური ტრაგედია არაერთი შემოქმედისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. მისი მითის მხატვრულ გადამუშავებათა ნიმუშებს შორისაა როგორც ანტიკური, ისე – თანამედროვე დრამატურგიული, პოეტური თუ პროზაული ნაწარმოებები. თითოეულ მათგანში აგამემნონის პერსონაჟი ახალ შრეებს იძენს და ამდენად, სხვასასხვა რაკურსით წარმოჩინდება, რაც გმირის სახის გააზრების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
აგამემნონის ფიგურისა და მისი ოჯახური ტრაგედიის თანამედროვე ინტერპრეტაციათა შორისაა ირლანდიელი მწერლის, კოლმ ტოიბინის 2017 წელს გამოქვეყნებული რომანი, „სახელების სახლი“, რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული „ირლანდიურ ორესტეად“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ნაწარმოების ძირითად ნაწილს პირველწყარო არ მოეპოვება, თუმცა რომანის პროტაგონისტები და თხრობის მანერა აღებულია ევრიპიდეს ტრაგედიებიდან: „იფიგენია ავლისში“, „ელექტრა“ და „ორესტესი“, ესქილეს ტრილოგიიდან, „ორესტეა“ და სოფოკლეს „ელექტრადან.“ “სახელების სახლის” ინტერტექსტუალური თავისებურებები ნაწარმოებს კომპლექსურ ფორმას აძლევს და პერსონაჟთა მხატვრული პორტრეტების მრავალშრიანობას განაპირობებს.
ტოიბინი ერთ-ერთი მთავარი გმირის, აგამემნონის პორტრეტს პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის ფარგლებში ქმნის და, ამდენად, მას რეფერენციებით დამოწმებულ პირველწყაროებში წარმოდგენილ ანალოგიურ ფიგურათა ერთგვარ კოლაჟად წარმოგვიდგენს.
წინამდებარე მოხსენებაში გაანალიზებულია, თუ როგორ წარმოჩინდება აგამემნონის პორტრეტი „სახელების სახლში“ გამოყენებულ ინტერტექსტუალურ წყაროებში და როგორაა გადამუშავებული გმირის მხატვრული სახის მათში გამოკვეთილი ასპექტები 21-ე საუკუნის რომანის მხატვრულ ქსოვილში. კერძოდ, მოხსენება განიხილავს აგამემნონის სიუჟეტური ფუნქციის, ქალიშვილის მსხვერპლშეწირვის გადაწყვეტილების, ბრალეულობისა და სიკვდილის შემდეგ ნაწარმოებში კვლავ გამოჩენის ასახვის ინტერტექსტუალურ თავისებურებებს.
„სახელების სახლი“ ექვს ნაწილად იყოფა, რომლებიც სამი პროტაგონისტის (კლიტემნესტრას, ორესტესისა და ელექტრას) პერსპექტივიდან დანახულ ამბავს გადმოგვცემს. რომანში არ ჟღერს აგამემნონის ხმა, რაც კონტრასტს ქმნის ევრიპიდეს ტრაგედიასთან „იფიგენია ავლისში“, რომელშიც პერსონაჟი აქტიურადაა ჩართული ნაწარმოებში განვითარებულ მოქმედებაში. გარდა ამისა, რომანის სტრუქტურული ორგანიზების ამ თავისებურების გამოყენებით ტოიბინი, ერთი მხრივ, იმეორებს ესქილეს „ორესტეას“ სტრუქტურას, რომელიც ასევე დაყოფილია ნაწილებად და, მეორე მხრივ, კონსტრასტს ქმნის მასთან, იმ თვალსაზრისით, რომ გვთავაზობს პერსპექტივათა მუდმივ ცვლილებას და აგამემნონის სახის უშუალო სიუჟეტური განვითარებისგან დისტანცირებას. თუ ესქილეს ტრილოგიის პირველი ნაწილი „აგამემნონია“, „სახელების სახლი“ „კლიტემნესტრათი“ იწყება, აგამემნონი კი რომანის დასაწყისშივე მკვდარია, მისი და კასანრას გვამები კლიტემნესტრას ბრძანებით მზეზე ყრია. ამდენად, აგამემნონი რომანის სიუჟეტურ განვითარებაში მხოლოდ არაპირდაპირ, სხვა პერსონაჟთა მონათხრობის სახით მონაწილეობს. უშუალო როლის არქონის მიუხედავად, ის ნაწარმოებში განვითარებულ მოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც ევრიპიდეს „ორესტესს“ მოგვაგონებს, რომლის დასაწყისში აგამემნონი მკვდარია, თუმცა მაინც დიდი როლი აქვს თავისი ოჯახის წევრების ბედზე. საინტერესო დეტალია ისიც, რომ პირდაპირი სიუჟეტური ფუნქციის არმქონე აგამემნონი „სახელების სახლში“ ელექტრას ეცხადება და უტოვებს განცდას, თითქოს ყოველდღიურად მამასთან ერთად ცხოვრობს. გამოცხადების ელემენტს ასევე ვხვდებით სოფოკლეს „ელექტრაში“. პიესაში აგამემნონი კლიტემნესტრას სიზმარში ჩნდება.
რაც შეეხება გმირის გადაწყვეტილებას ქალიშვილის მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით, ტოიბინის აგამემნონი ევრიპიდეს ტრაგედიაში, „იგიგენია ავლისში“ წარმოდგენილი აგამემნონის სხვადასხვა ასპექტის ერთგვარი კოლაჟია. პერსონაჟის ბრალეულობის საკითხის რეპრეზენტაციისას კი ასოციაციურ პირველწყაროებად ევრიპიდეს „ელექტრა“ და ესქილეს „ორესტეა“ შეიძლება მივიჩნიოთ.
აგემემნონის მხატვრული პორტრეტის ასახვის პოსტმოდერნისტული თავისებურებების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „სახელების სახლი“ აგამემნონის მითის თანამედროვე მხატვრულ გადამუშავებას წარმოადგენს.
ლიტერატურა:
თარხნიშვილი, თ., (2004). „იფიგენია – მსხვერპლი და ქურუმი.” ლოგოსი, 153-157;
Eco, U., (2004). On Literature. Harcourt, Inc;
Edwards, M. W., (1977). “Agamemnon’s Decision: Freedom and Folly in Aeschylus.” California Studies in Classical Antiquity, 10, 17–38. https://doi.org/10.2307/25010711
Euripides, (1988). Electra. Aris & Phillips Ltd;
Fowler, D., (1988). “Matricide and the Mother’s Revenge: ‘As I Lay Dying’.” The Faulkner Journal, 4(1/2), 113–125. http://www.jstor.org/stable/24907575
Homer, (2018). The Odyssey. W. W. Norton & Company, Inc;
Siegel, H., (1981). “Agamemnon in Euripides’ ‘Iphigenia at Aulis’.” Hermes, 109(3), 257–265. http://www.jstor.org/stable/4476212
Sophocles, (2001). Electra. Oxford University Press;
Storm, W., (2019). After Dionysus: A Theory of the Tragic. Cornell University Press;
Tóibín, C., & Costello-Sullivan, K., (2019). The Irish Oresteia: An Interview with Colm Tóibín. American Journal of Irish Studies, 15, 3–13. https://www.jstor.org/stable/26859677
Tóibín, C., (2017). House of Names. The Heather Blazing Ltd.