ლეოპოლდ ბლუმის ურბანული ოდისეა ჯეიმზ ჯოისის ულისეში
საკვანძო სიტყვები:
ოდისევსი, დუბლინი, ურბანული სემიოტიკა, მითოპოეტური ქრონოტოპი, კოლონიალიზმი, მასს კულტურაანოტაცია
მოხსენების მიზანია, წარმოაჩინოს ჯეიმზ ჯოისის ულისეს პროტაგონისტის, ლეოპოლდ ბლუმის, თვალით დანახული დუბლინი და იმ წარმოსახვითი ხატის თავისებურებანი, რომელიც მას ქალაქის ქუჩებში ხეტიალისას უყალიბდება.
ლეოპოლდ ბლუმი უოლტერ ბენიამინისეული ფლანერია (Flâneur) - ასოციალური, უმიზნოდ მოხეტიალე ტიპი, რომელიც გარკვეული დისტანციიდან აკვირდება ქალაქს და იმდროინდელი ირლანდიის პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველ მრავლისმეტყველ სურათს გვიხატავს. ბლუმი, უნგრული წარმოშობის ებრაელი, რომელიც ირლანდიურ სოციუმში მარგინალად, „აუტსაიდერად“ აღიქმება, დუბლინის ჩამორჩენილობას ურბანული სივრცის დეკოდირების საშუალებით აღიქვამს. იგი, როგორც მოხეტიალე გმირი,ქალაქის სემიოტიკას - ურბანული სივრცის ნიშან-სიმბოლოებს -მისი თანამედროვე ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით კითხულობს. მისი მახვილი თვალი დუბლინის ურბანულ ტოპოსში კოლონიალიზმის სიმბოლოებს, მოჩვენებითი ინდუსტრალიზაციისა თუ პოპ-კულტურის ნიშნებს ამჩნევს.
დუბლინელი ფლანერი უკიდურესად ნატურალისტური შტრიხებით აღწერს პროვინციული ქალაქის ღარიბულ უბნებს, ქუჩებსა და გეორგიანული ეპოქის ხშირად ამორტიზებულ და საცხოვრებლად უვარგის სახლებს.
თანამედროვე ოდისევსისთვის შეუმჩნეველი არც დუბლინის მოჩვენებითი ინდუსტრალიზაცია რჩება. კოლონიური და პოსტკოლონიური კვლევების მიხედვით, ირლანდიური ლუდის წარმოების განვითარება, თუმცა იმ მოგებითაც, ლუდის საწარმოებს რომ მოჰქონდათ, ძირითადად ინგლისი სარგებლობდა.
ჯოისის მოხეტიალე ფლანერი დუბლინის სოციო-კულტურული თუ პოლიტიკური რეალიების დეკოდირებას გვთავაზობს. ულისეს ურბანული სივრცე ამბივალენტურია. ერთი მხრივ, მე-20 საუკუნის დასაწყისის დუბლინი წარმოგვიდგება ნაკლებად ინდუსტრალიზაებულ, პროვინციულ ქალაქად. მეორე მხრივ, მისი ურბანული სივრცე თანამედროვე მასკულტურისა და სარეკლამო ინდუსტრიის განსხეულებაა. ჯოისის ფლანერი სარეკლამის აგენტის პროფესიას ირჩევს, რაც მასმასობრივი კომუნიკაციის საშუალებების განვითარებითა და კულტურული ძვრებით გამოწვეული ცვლილებების დანახვის საშუალებას აძლევს. ლეოპოლდ ბლუმის თანამედროვე კულტურა სავსეა სარეკლამო აბრებითა და სააგენტოებით, მის ცნობიერებას გამუდმებით იზიდავს გაზეთები, პოპულარული წიგნები, სიმღერების ნაწყვეტები თუ გართობის ინდუსტრიის სხვა ელემენტები. ამ კუთხით, ულისე შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ერთგვარი პროტესტი მეოცე საუკუნის ევროპული მასკულტურის ტოტალიზაციისა და ჰეგემონიზაციის წინააღმდეგ, რაც უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ესთეტიკური საკითხებიდან მეორეხარისხოვანსა თუ უმნიშვნელოზე ყუირადღების გადატანას იწვევს.
ბლუმის პრაქტიკულსა და მახვილ თვალს არ გამოეპარება არცერთი რეკლამა, აფიშა, საგაზეთო სტატია, თუ სატელეფონო ხაზები, რომლებიც ურბანული სემიოტიკური სივრცის მნიშვნელოვან, განმსაზღვრელ ნიშნებად ქცეულა. რომანის თხრობაში გაფანტული საგაზეთო სათაურ-კლიშეებისა თუ ჟურნალისტური ყოფის (მე-7 ეპიზოდი „ეოლოსი“) ყველა ალუზია ირლანდიელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში მასობრივი კომუნიკაციებისა თუ მასკულტურის გაბატონებული მდგომარეობის გამოძახილია.
ქალაქის სემიოტიკის ელემენტებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჯარო დაწესებულებებს. დუბლინის ურბანული სიცრცის უმნიშვნელოვანესი ტოპოსია ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა. ბერძნული ქალღმერთების ქანდაკებები ვიქტორიანული ეპოქის ნეოკლასიკურ პალადიანურ სტილში აგებულ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ უფრო ამძაფრებენ ლეოპოლდ ბლუმის სენსუალიზმს.
ბლუმის კომერციულ ურბანულ სივრცეში ხეტიალისას მიღებული შთაბეჭდილებები და ამ ტოპოსით გაღვიძებული სევდიანი მოგონებები (შვილდაკარგული მამისა და თვითმკვლელი მამის ძის სტატუსი, უმიწაწყლობის, უსამშობლობის, გაუცხოების გაუცნობიერებელი განცდა, ადიულტერის ეჭვი და სხვა) კულმინაციურ წერტილს აღწევს რომანის ფანტასმაგორიულ ეპიზოდში ,,კირკე’’, რომელიც პერსონაჟის არაცნობიერის სიმბოლურ დრამატიზაციას გვთავაზობს. ერთდღიანი, უფრო ზუსტად, 18 საათიანი დუბლინური ოდისეა - ბლუმის ურბანული დაკვირვებები თუ ზმანებები - საბოლოოდ უნივერსალურ-მითოსურ განზომილებას იძენს, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისის დუბლინი მითოპოეტიკურ ქრონოტოპად გარდაიქმნება.
ლიტერატურა:
ბენიამინი, ვ. (2022). „პარიზი, XIX საუკუნის დედაქალაქი“. წიგნში: ვალტერ ბენიამინი. რჩეული ესეები. თბილისი: არილი: 133-150.
გაფრინდაშვილი, ნ. (2012). შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები. თბილისი: მერიდიანი.
ცხვედიანი, ი. (2006). ულისეს მითოპოეტიკა. ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა.
ჯოისი, ჯ. (1983). ულისე. ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნიკო ყიასაშვილმა. თბილისი: მერანი.
ჯოისი, ჯ. (2012). ულისე. ინგლისურიდან თარგმნა ნიკო ყიასაშვილმა. თარგმანი შეავსო და გამოსაცემად მოამზადა მაია ყიასაშვილმა. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
Kershner, R. B. (2010). The Culture of Joyce's Ulysses. 1st Edition. Palgrave Macmillan.
Lawrence, R. K. (2010). Who's afraid of James Joyce?. University Press of Florida.