შიში და იდენტობის კრიზისი ანა ბერნსის რომანში “მერძევე”

ავტორები

  • ლალი გურგენაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

შიში და იდენტობის კრიზისი ანა ბერნსის რომანში “მერძევე”

ანოტაცია

 1960-1990 წლებში მიმდინარე მწვავე ეთნო-ეროვნული კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში მრავალ ისტორიულ თუ მხატვრულ ტექსტს დაედო საფუძვლად. არეულობებად(The Troubles) წოდებულმა სისხლისმღრვრელ პერიოდმა, რომელშიც ერთმანეთს პროტესტანტ უნიონისტები და კათოლიკე ნაციონალისტები დაუპირისპირდნენ, მრავალი ირლანდიელის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო გადარჩენილებს მძიმე დაღი დაასვა. წინამდებარე მოხსენებაში განხილულია თუ რა სახით ვლინდება ამ კონფლიქტის ფონზე შიში, საზოგადოების წნეხი და იდენტობის კრიზისი ანა ბერნსის რომანში “მერძევე”.

 პოსტტრავმული სტრესული აშლილობა(PTSD), ფსიქოლოგიური ზეწოლა, გამუდმებით სიკვდილის მოლოდინში ცხოვრება, აფეთქების ტალღები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლის წინაშეც ათწლეულების განმავლობაში იდგნენ ჩრდილოეთ ირლანდიის მკვიდრნი. იმ ყველაფერმა შეუქცევადი ზიანი მიაყენა საზოგადოების მყიფე ფსიქიკას. ჩრდილოეთ ირლანდიელი ავტორი ანა ბერნსი ამ მოვლენების უშუალო მონაწილეა და სწორედ მის საკუთარ გამოცდილებას ეფუძნება ბუკერის პრემიის გამარჯვებული “მერძევე”, თუმც კი ბერნსის სხვა რომანებშიც იგივე თემატიკას ვაწყდებით – პატარა ქალაქი მჭიდრო სოციუმითა და ახალგაზრდა გარიყული პროტაგონისტით.

“მერძევე” 2018 წელს გამოიცა და უკვე ცნობილ ბერნსს დიდი წარმატება მოუტანა. წიგნში მოქმედება ჩრდილოეთ ირლანდიაში, 1970იანი წლების უსახელო ქალაქში ხდება. ავტორი პირველ პირში თხზავს 18 წლის უსახელო გოგოს ისტორიას, რომელსაც ბევრად უფროსი მერძევე, რეალურად კი გასამხედროებული იატაკქვეშეთის წევრი შეუჩნდება, მათი ისტორიის აღწერით კი აჩვენებს პოლიტიკური ტერორისგან დაძაბული მცირერიცხვოვანი მოსახლეობის სიბრმავეს, რომელიც სიმართლეს თვალს ვერ უსწორებს და მარტივ გამოსავლად გოგონას ადანაშაულებს. პირველ რიგში ბერნსი აკრიტიკებს საზოგადოებას, რომლისთვისაც ყველა ეჭვმიტანილია იმ დანაშაულში, რომელიც არც არსებობს. იმ ყველაფერთან ერთად შემოდის აქტიური სოციო-ფემინისტური დისკურსი, რომელიც განუყოფელი ნაწილია ისეთი ნარატივებისა, რომლებშიც სექსუალური შევიწროება ფიგურირებს, რომლის მიმართაც საზოგადოება როგორც წესი, გულგრილია.

რომანის ძირითადი პრობლემატიკა შიშით გამოწვეულ სირთულეებს უკავშირდება, რომლებშიც მთავარი ადგილი უსაფრთხოების არარსებობასა და პირადი საზღვრების მოშლას უკავია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ფსიქო-პოლიტიკური გარემო, სადაც დაუწერელი კანონები მოქმედებდა და ამ კანონის დარღვევა ნებისმიერისთვის მოკვეთას უდრიდა. გულგარული მითქმა-მოთქმა  ჩვეულებრივი მოვლენა იყო კომპლექსურ, საკუთარ ნაჭუჭში მოქცეულ და ზედმეტად პურიტანულ უსახელო ქალაქში, რომელშიც სექსუალური საკითხებისადმი ინტერესი არაბუნებრივად მოჭარბებული იყო და თუ ერთხელ გახდებოდი ჭორების საბაბი, რეპუტაცია სამუდამოდ შებღალული გქონდა. სწორედ ეს დაღი დაესვა მთავარ პერსონაჟსაც და გოგონა, რომელიც მანამდე ყურადღებას მხოლოდ კითხვის სიყვარულით იქცევდა მოულოდნელად იქცა განტევების ვაცად. შიშითა და გაუცხოებით მოგვრილი იდენტობის კრიზისი მკაფიოდ სწორედ ამ პერსონაჟში ჩანს. ეს ფაქტორი განსაზღვრავს რომანის ფემინისტურ-დისტოპიური ინტერპრეტაციების სიმრავლეს. ბერნსი ტექსტში ცხადყოფს, რომ საზოგადოებისგან გაუცხოება და განდგომა გარშემომყოფებთან ემოციური და ფსიქოლოგიური კომუნიკაციის უნარის დაკარგვას იწვევს. ზოგჯერ ჩუმად ყოფნითა და ნეიტრალურობის შენარჩუნებით ადამიანი საკუთარ თავს სიმართლის თქმისა და დაცულობის შეგრძნების უფლებისგან ძარცვავს. 

იდენტობის კრიზისს ხაზს უსვამს წიგნში ყველასა და ყველაფრის უსახელობა. ბერნსი პერსონაჟებს ნათესაობით ან ოკუპაციურ სახელებს არქმევს, იქნება ეს შუათანა და, პირველი ძმა, ფრანგულის მასწავლებელი თუ მერძევე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ინდივიდს მოცემულ საზოგადოებაში სერიოზულად არავინ აღიქვამს და ადამიანის ღირებულება მხოლოდ სხვებთან მიმართებაში განისაზღვრება.

ანა ბერნსი რომანში განიხილავს სოციალური თუ პოლიტიკური ფაქტორებით გამოწვეულ წნეხს, რომელსაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა სამუდამოდ შეუძლია. “მერძევე” განმსჭვალულია საზოგადოებაში თავის დამკვიდრების უფლების მოსაპოვებლად მისაღები ნორმების მწვავე კრიტიკით. ავტორი ხაზს უსვამს ფსიქოლოგიურ და ანთროპოლოგიურ ნიუანსებს, რომლებიც საბოლოო ჯამში იდენტობის ჩამოყალიბების მთავარი ფაქტორები ხდება.

 

ლიტერატურა:

ბერნსი, ა,. (2023). მერძევე. თბილისი: ქარჩხაძის გამომცემლობა

ეკო, უ,. (2023). მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები. თბილისი: დიოგენე

Downes, D. (2021). Anna Burns’ Milkman. Studies: An Irish Quarterly Review, 110(438), 231–240. https://www.jstor.org/stable/10.35939/studiesirishrev.110.438.0231

Fuchs, A. (2022). The Translocalisation of Place: Sectarian Neighbourhoods, Boundaries and Transgressive Practices in Anna Burns’ Belfast. In S. Ehrig, B. C. Jung, & G. Schaffer (Eds.), Exploring the Transnational Neighbourhood: Perspectives on Community-Building, Identity and Belonging (pp. 139–160). Leuven University Press. https://doi.org/10.2307/j.ctv30dxwr8.9

Jenkinson, R. (2021). The Troubles with Northern Irish literature. Fortnight, 483, 30–32. https://www.jstor.org/stable/27176227

 

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-15

გამოცემა

სექცია

სტატიები