შექსპირის ტრაგედიების ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართულ თეატრში

ავტორები

  • ლელა წიფურია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ტრეგედია, ეჭვიანობა, ღირსება, ვნება, კათარზისი.

ანოტაცია

ოცდამეერთე საუკუნის ქართული სათეატრო ხელოვნება შექსპირის ინტერპრეტაციების მრავაგვარობის ტრადიციის გამგრძელებლად მოიაზრება. მოხსენებაში განხილული იქნება თბილისის ორი უახლესი დადგმა, რომელთა დამდგმელი რეჟისორებიც- ლევან წულაძე და დავით დოიაშვილი თანამედროვე ქართული თეატრის გამორჩეულ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნებიან.

ლევან წულაძის „თეატრი სახელოსნო 42“ ახალი სათეატრო სივრცეა არასათეატრო შენობაში, ყოფილი „კოკა კოლას“ ქარხანაში. აქ თანამედროვე დარბაზი გაიხსნა, რომელიც  ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

რით არის საინტერესო გაბოროტებული იაგოს და ეჭვიანი მავრის დატრიალებული მკვლელობამდე მისვლის პროცესი და შურისძიების შედეგი ოცდამეერთე საუკუნის რეჟისორისთვის?  როგორ ითრევს დასი ამ პროცესში მაყურებელს?  მოხსენებაში შევეცდები ამოვხსნა ეს ვითარება.

თეთრი „მავრი“ შავ ტანსაცმელში- პერანგსა და შარვალში, ისევე, როგორც სხვა მამაკაცი პერსონაჟები, თანამედროვე სამოსელით მოქმედებენ სცენაზე. შუა საუკუნეებიდან მათ მხოლოდ ერთი და წარმოდგენაში აქცენტირებული დეტალი ერგოთ- გრძელი დაშნები თუ ხმლები- ამ მოლაპლაპე და მრავალგზის გაშიშვლებულ ნივთს წარმოდგენაში დიდი დატვირთვა აქვს-როგორც შექსპირულ ტრაგედიას შეეფერება. სპექტაკლის მონაწილე  ქალების სამოსი კი სრულიად განსხვავებულია. თითქოს ანტიკური საბერძნეთის ქანდაკებიდან აღებული ზურგმოშიშვლებული ნიმფები თუ ქალღმერთები არიან. ეს სამოსი მშვენიერი ახალგაზრდა მოხდენილი მსახიობების სილამაზეს გამოკვეთს. მათი მოძრაობები წარმოდგენას მართლაც ეფექტურ სანახობად აქცევს. ოფელია ( ანუკა გრიგოლია), მსხვერპლი, რომელსაც ჩახუტებით აღრჩობს მასზე უზომოდ შეყვარებული და თავადაც ვერაგობის მსხვერპლი ოტელო (ნიკა კუჭავა). ვნებათა სიმძაფრე, უნებლიე დანაშაულის თანამონაწილეობა, დიდი ტკივილი და ასეთივე დიდი სიყვარული, შესაძლოა ხორციელიც- ემილია- ანა ვასაძის შესრულებულ როლებს შორის ალბათ საუკეთესო. ცოტათი დაბნეული, ნაზი და ქარფშუტა ბიანკა- მარიამ ღვინიანიძე).  ასულები ამგვარ გზას გადიან წარმოდგენაში.

ლევან წულაძის სპექტაკლში შექსპირის „ოტელოს“ პერსონაჟთა რიცხვი თითქმის განახევრებულია. ცხადია ტექსტმაც შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ვფიქრობ მსგავსი კუპიურები თანამედროვე თეატრში სრულიად გამართლებულია- 5 მოქმედებიანი ტრაგედია რთულად საყურებელი იქნებოდა.

ლევან წულაძის „ოტელო“ არავის ტოვებს გულგრილს. ვფიქრობ წარმოდგენის უპირატესად ფსიქოლოგიურ ასპექტში წარმოსახვამ ტრაგედია თანამედროვე მაყურებლისთვის უფრო გასაგები და ახლობელიც გახადა, მსახიობების შესრულებული სახეები კი ემოციურად მისაღები. პათეტიკა ხომ ოცდამეერთე საუკუნის თეატრში ტრენდულად აღარ ითვლება.

„მეფე ლირი” დავით დოიაშვილმა პირველად 1995 წელს, მარჯანიშვილის თეატრში დადგა. მაშინ რეჟისორი 24 წლის იყო, ლირს კი ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. საერთოდაც ლირის შემსრულებელთა სია ქართულ თეატრში სრულიად შთამბეჭდავია- მხოლოდ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და რამაზ ჩხიკვაძე კმარა ჩამონათვალში. იმავე აღმაშენებლს პროსპექტზე, იქვე. ახლოს მეფე ლირს კიდევ ერთი უბადლო შემსრულებელი ყავს, ასევე ნამდვილი ვარსკვლავი ზურაბ ყიფშიძ. რატომ გადაწყვიტა ამგვარ არაკონკურენტულ გარემოში რეჟისორმა „მეფე ლირის“ ხელმეორედ დადგმა და ამ როლზე იმგვარი მსახიობის, დავით ბეშიტაიშვილის  აყვანა, რომელიც ხსენებულ ვარსკვლავთა რანგს არ მიეკუთვნება? რით არის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თატრის წარმოდგენა მართლაც ახალი წაკითხვა შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრაგედიისა? კვლევა ამ საკითხების ერთობლიობას ეხება.

ოცდამეერთე საუკუნის ქართული სპექტაკლები რამდენადმე „კინემატოგრაფიულადაც“ შეიძლება მოვიაზროთ. თანამედროვე ქართულ თეატრში ვიდეოინსტალაცია ევროპული წარმოდგენების გავლენით შემოვიდა. ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის ინტერპრეტაციები შექსპირული ვნებების თანამედროვე ვერსიებად წარმოსახვას გულისხმობს. სავსე დარბაზებში, სადაც ბილეთს ერთი თვით ადრეც კი გაჭირვებით იყიდით, ოთხასი წლის წინანდელ ტრაგედიებს კვლავ კათარზისამდე მიყავს მაყურებელი.

 

ლიტერატურა:

ვასაძე, მ. (2023). „ოტელო“-შურისძიებასა და ეჭვებს შეწირული სიყვარული“, „თეატრი“N5.

ჩხარტიშვილი, ლ., (2016).  „მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში, მონოგრაფია, https://www.theatrelife.ge/_files/ugd/0fb0d1_13fdc729272a495b9a022050835791c0.pdf?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR2wcv8Y6muoiJZ5RA7v4JGpLQRL4UPWuEskJayOmsWPJmmVSZPbNf1-5dQ_aem_ATwgHUvCWSVWueZHzNAE_0TqRweLl9EGJlXs1kO3v539BrGgQI1luWkthi7Q9WVZkRIZ3l23PhUQukFfdv0fXu9L

 ჩერენცოვა, ა. (2023). სამყარო იაფფასიან შოუდ იქცა, „თეატრი“N6.

ტექსტი და ინტერპრეტაცია N2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-14

გამოცემა

სექცია

სტატიები