დროისა და სივრცის პერსონაჟებისეული აღქმა უ. ფოლკნერის „აგვისტოს ნათელში“
საკვანძო სიტყვები:
უილიამ ფოლკნერი, სივრცე, დრო.ანოტაცია
„აგვისტოს ნათელში“ უილიამ ფოლკნერი ე. წ. რეალური დროისა და სივრცისაგან განსხვავებულ განზომილებას ქმნის, რაც, ძირითადად, პერსონაჟების ერთმანეთისაგან განსხვავებულ პერსპექტივითაა განპირობებული. რომანის ყოველ პერსონაჟს დროის საკუთარი აღქმა აქვს. ლინა გროუვისათვის დრო მანძილის მზომი ცნებაა. ამავდროულად, მის გადაადგილებას მკითხველი უძრაობას ადარებს, რაც, თავის მხრივ, პერსონაჟს მარადიულობის სიმბოლოდ აქცევს. რომანის პეიზაჟი ერთდროულად მოძრაობასა და უძრაობას განასახიერებს. მოძრაობისა და უძრაობის სინთეზირების პრინციპი კი შესაძლოა რომანის მთელი მხატვრული სივრცე-დროისათვის დამახასიათებელ ძირითად ასპექტად მივიჩნიოთ.
ლინა გროუვი და გეილ ჰაითაუერი რომანში ერთმანეთთან დაპირისპირებულ, კონტრასტულ სახეებს ქმნიან. ჰაითაუერი მწერლის იმ ინტელექტუალ პერსონაჟებს მიეკუთვნება, რომელთაც დროის პრობლემატიკის განსხვავებული, გამძაფრებული აღქმა აქვთ. თუ ლინა ბუნების პეიზაჟებთან, გზასთან და გზაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ასოცირდება და აწმყო დროის განსახიერებაა, ჰაითაუერი „პატარა, ჩაჟამულ, შეუღებავ“, უბრალო, ბუნგალოს მსგავს სახლს ემსგავსება, რომელიც, თავის მხრივ, სტატიკურობასა და ცვლილებათა მიუღებლობას განასახიერებს. წარსულთან მიჯაჭვულობასა და მექანიკური დროისაგან გამიჯნულობას მოწმობს ისიც, რომ ჰაითაუერისათვის საათი საჭიროებას არ წარმოადგენს. ის რომანის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც რეალური დროის მომენტიდან ამოვარდნილობას მთელი თავისი არსებით აღიქვამს და ფიზიკური სივრცისა და მექანიკური დროის „განადგურების“ ინსტრუმენტად მუსიკას/გალობასა და ლეგენდად ქცეულ წარსულ მოვლენასთან შერწყმას მოიაზრებს, რაც ნაწარმოებში დროის მდინარებისაგან თავის დაღწევის ლევი-სტროსისეულ საშუალებებთან - მითოსური და მელოსური საწყისების გამოვლინებასთან - პოულობს საერთოს.
ჯო ქრისთმასისათვის დროის მსვლელობა ერთი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლით იზომება და გარდამტეხი ცხოვრებისეული მოვლენები უპირატესად გონებაში მკაფიოდ აღბეჭდილ სივრცეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ბავშვობის ასაკი, როდესაც გონება საგანთა და მოვლენების დამახსოვრებას იწყებს, პერსონაჟისათვის ობოლთა თავშესაფრის შენობის ცივ კედლებსა და რომანში ერთ-ერთ ხშირად ხსენებულ სივრცით სიმბოლოსთან - დერეფანთან - ასოცირდება, რომელიც, თავის მხრივ, გონებაში ღრმად აღბეჭდილ მოვლენასთან და ბავშვად ყოფნასთანაა ასოცირებული. შემდგომი, „კაცად გახდომის“ განმაპირობებელი მოვლენა კი მისთვის აღმზრდელი მშობლების ბოსელს უკავშირდება, სადაც რვა წლის ქრისთმასს მამობილი კატეხიზმოს უსწავლელობისათვის გონის დაკარგვამდე სცემს. ამგვარად, ფიზიკური ტანჯვის ატანის დღე ქრისთმასის მეხსიერებაში ინიციაციასთან, ბავშვობის ასაკიდან კაცობაში შებიჯებასთან ასოცირდება.
უილიამ ფოლკნერი „აგვისტოს ნათელში“ გარემომცველი სივრცისა და ინდივიდის მკაფიო ურთიერთქმედებასა და ურთიერთგანმსაზღვრელ ყოფას წარმოაჩენს. რომანის კითხვისას ცხადი ხდება, რომ პერსონაჟები მეტაფორულ სიახლოვეს ჰპოვებენ იოკნაპატოფას პეიზაჟებთან და მათთან ერთად, ერთ კონტექსტში აღიქმებიან. ისინი მხატვრული სივრცეების თვისებებს იძენენ, ემსგავსებიან მათ და თითქოს მათი ბედიც მუდამ ამ ადგილებთანაა დაკავშირებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
ფოლკნერი, უ. (2015). აგვისტოს ნათელი. თბ.: გამომცემლობა „არტანუჯი“. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.
Chase, R. (1970). Faulkner’s Light in August. . In. D. L. Minter (Ed.), Twentieth Century Interpretations of Light in August. A collection of Critical Essays. 17-24. New Jersey: Prentice-Hall, Inc.
Pitavy, F. L. (1970). The Landscape in “Light in August”. The Mississippi Quarterly, 23(3), 265–272. http://www.jstor.org/stable/26473865
Rice, J. C. (1975). ORPHEUS AND THE HELLISH UNITY IN “LIGHT IN AUGUST.” The Centennial Review, 19(1), 380–396. http://www.jstor.org/stable/23738051
Slabey, R. M. (1960). Joe Christmas, Faulkner’s Marginal Man. Phylon (1960-), 21(3), 266–277. https://doi.org/10.2307/273905