შექსპირული ალუზიები ჯუნა ბარნსის პიესაში „ანტიფონი“
საკვანძო სიტყვები:
ტრაგედია, შექსპირი, ჯუნა ბარნსი, პაროდირება, მოდერნიზმიანოტაცია
ჯუნა ბარნსმა მისი უკანასკნელი ნაწარმოები „ანტიფონი“ 1958 წელს გამოაქვეყნა. სამმოქმედებიანი ტრაგედია, რომელიც ჯუნა ბარნსის შემოქმედების უკანასკნელი აკორდი და ყოველივეს შეჯამებაა, შექსპირული ალუზიებითაა დატვირთული.
ტრაგედიის მოქმედების ადგილია ინგლისი, 1939 წელი, „ბერლი ჰოლი“, სადაც მკითხველი ჰობსების ოჯახის შეკრების მომსწრე ხდება. პიესის თითოეული პერსონაჟი პაროდიაა შექსპირის პერსონაჟებზე. წინარე ნაწარმოებების მსგავსად, ბარნსი „ანტოფონშიც“ განაგრძობს მამის სახელის ირონიულ კონტექსტში მოხსენიებას, როდესაც მის სრულ სახელს - ტიტუს ჰიგბი ჰობსი სალემიდან (Titus Higby Hobbs of Salem) - გვაცნობს. აღნიშნულ სახელში, ტიტუსი უილიამ შექსპირის სისხლიან ტრაგედიას, „ტიტუს ანდრონიკუსს“, უკავშირდება. ჰობსების ოჯახის შეკრების ორგანიზატორი, ჯერემი ჰობსი, ტრაგედიის ბოლომდე არ ამჟღავნებს საკუთარ ვინაობას. გარდა იმისა, რომ შექსპირის გმირებისთვის შენიღბვა ჩვეული მოვლენაა, ჯერემის სახე პირდაპირ კავშირშია ჰამლეტთან. ბარნსი ჰამლეტისეული ბრძოლის პაროდირებას გვთავაზობს ჯერემი/ჯეკის მოქმედებებით. „ჰამლეტის“ გარდა, ჯერემი/ჯეკი თავს თომა ბეთლემელად მოიხსენიებს რასაც ასოციაციურად „მეფე ლირთან“ და მე-17 საუკუნეში დაწერილ ანონიმურ ლექსთან მივყავართ.
პირველი მოქმედების დასაწყისში ნაჩვენები მირანდა ჰობსის აღწერილობა თანხვედრაშია თავად ავტორის გარეგნობასთან. ელეგანტურად, შავ მოსასხამში გამოწყობილი მირანდა ჯუნას ჩაცმულობას იმეორებს, ამასთან სიმბოლურ და ასოციაციურ კავშირს ამყარებს მირანდასთან „ქარიშხლიდან“. ბარნსის მიერ შექმნილი პროსპეროსა და მისი ქალიშვილის პაროდიული სახეები ერთი შეხედვით შექსპირისეული პერსონაჟების სრულ ანტიპოდებს წარმოადგენენ. პროსპეროს განზრახვა, რომელიც ქალიშვილისა და საკუთარი თავის გადარჩენისათვის უკაცრიელ კუნძულზე გადასახლებას გულისხმობს, იმთავითვე სიკეთისა და მშობლის ინსტინქტის გამოვლინებაა. ამ მოვლენის შედეგად გამოწვეული გარემოებები კი მამის ქმედების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს. მირანდა, რომელიც თორმეტი წელია იზოლაციაში ცხოვრობს და მამის გარდა ვერავის ხედავს, არ შეიძლება იყოს ჯანსაღი დამოკიდებულების ობიექტი. ცოდნა, რომელსაც შექპირისა და ბარნსის პერსონაჟი ახალგაზრდა გოგონები იღებენ - მხოლოდ მამებისგან ბოძებული ინფომაციაა. ტიტუსი, რომელიც სრულიად გაუნათლებელია და პროსპერო, რომლის განსწავლულობაც მირანდასთან მოქცევის კონტექსტში სრულიად უფასურია - განვითარების ერთ საფეხურზე მდგომ მამაკაცებად გვევლინებიან.
პიესაში ერთმანეთის გვერდიგვერდ, თითქმის ერთ კონტექსტში მოიხსენიებიან მირანდას ძმები - დადლი და ელიშა. ჯერემისგან განსხვავებით, ისინი ერთ აზრზე მყოფი, საერთო იდეოლოგიის მქონე პერსონაჟები არიან. „ანტიფონის“ მეორე მოქმედების კულმინაციაა დადლისა და ელიშას მიერ ვირისა და ღორის ნიღბების მორგება. მეტამორფოზის პაროდირებული აქტით ძმები დედასა და დაზე სექსუალური სახის ძალადობრივი ქმედების განხორციელებას იწყებენ. თუ შექსპირთან კენტი ლირთან დასარჩენად ინიღბება, ედგარი უსამართლობისგან თავის დასაღწევად, ვიოლა სამსახურისა და სიყვარულისთვის, ხოლო პორცია კეთილი საქმისთვის, - „ანტიფონის“ გმირები ნიღბებს დედისა და დის გასაუპატიურებლად ირგებენ. ამასთან, ვირის ნიღბის გამოყენება „ზაფხულის ღამის სიზმარში“ ფსკერას ვირად გადაქცევის ალუზიაა. სინამდვილეში „ანტიფონს“ შექსპირის მაგიასთან აღარაფერი აკავშირებს, ბარნსის გმირები ვერც პილველწყაროს გამეორებით და ვერც საკუთარი ძალისხმევით ვერ ახერხებენ ტრაგედიის კომედიად ქცევას.
გამოყენებული ლიტერატურა:
ბიბლია. (1989). საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა
შექსპირი, უ. (1970). ზაფხულის ღამის სიზმარი. თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ.
შექსპირი, უ. (1971). ქარიშხალი. თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ.
შექსპირი, უ. (2013). პერიკლე, მეფე ტვიროსისა. თბილისი: გამომცემლობა „პალიტრა L“. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ერისთავმა.
შექსპირი, უ. (2019). მეფე ლირი. თბილისი: გამომცემლობა „პალიტრა L“. ივანე მაჩაბლის და ილია ჭავჭავაძის თარგმანი.
Barnes, D. (1980).The Antiphon. New York:Farrar, Straus and Giroux.
Caselli, D. (2016). Improper Modernism. New York: Routledge.
Curry, L. (1991). “Tom, Take Mercy”: Djuna Barnes’ Drafts of The Antiphon. In Mary Linn Broe (Ed.), Silence and Power: A Reevaluation of Djuna Barnes. (pp. 286-298). Southern Illinois University Press Carbondale and Edwardsville.
Desalvo, L.A. (1991). “To Make Her Mutton at Sixteen”: Rape, Incest, and Child Abuse in The Antiphon. In Mary Linn Broe (Ed.), Silence and Power: A Reevaluation of Djuna Barnes. (pp. 300-315). Southern Illinois University Press Carbondale and Edwardsville.
Radia, P. (2017). Djuna Barnes and The Antiphon: From State Politics to Theatre Ideas. Journal of Modern Literature, Vol.40, No. 4, pp. 150-165. https://www.jstor.org/stable/10.2979/jmodelite.40.4.1.12