გუსტავ მალერის რეცეფცია თომას მანის ნოველაში „სიკვდილი ვენეციაში“
საკვანძო სიტყვები:
Künstlernovelle, „მალერის ნიღაბი“, ქოლერაანოტაცია
თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ (1911/12, გამოქვეყნდა 1913 წელს) განეკუთვნება ხელოვანის რომანის ჟანრს (Künstlernovelle/ხელოვანის ნოველა) და მოგვითხრობს ფიქტიური პერსონაჟის, 50 წელს გადაცილებული, კარგა ხნის დაქვრივებული ცნობილი მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის, უცნაური სიყვარულის ამბავს პოლონელი არისტოკრატიული ოჯახის ვაჟ ტაძიოსადმი, რაც ვენეციაში დასასვენებლად წასული ხელოვანის სულიერი და ფიზიკური განადგურების მიზეზია.
ვინ არის გუსტავ აშენბახის პროტოტიპი, კომპოზიტორი გუსტავ მალერი (1860-1911) თუ თავად თომას მანი? როგორ ხდება გუსტავ მალერის რეცეფცია თომას მანის ნოველაში „სიკვდილი ვენეციაში“? სწორედ ამ საკითხთა კვლევა წარმოადგენს ჩვენს მთავარ მიზანს. მრავალ ავტობიოგრაფიულ ფაქტთან ერთად ნაწარმოებში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა გუსტავ მალერისა და თომას მანის შეხვედრის ისტორია და, ასევე, კომპოზიტორის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი, რომელიც ვენეციაში დასასვენებლად მყოფმა თომას მანმა გაზეთებიდან შეიტყო. სწორედ მისი ფოტო გახდა ერთ-ერთი ინსპირაცია გუსტავ ფონ აშენბახის მხატვრული სახის შექმნისთვის.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ გუსტავ აშენბახი ლაპარაკობს ნაწარმოებებზე, რომლებიც იდენტურია თომას მანის იმ ტექსტებისა, რომელთა დაწერასაც ის მომავალში აპირებს. მართალია, მათი სათაურები ცოტათი შეცვლილია, მაგრამ მწერლის გეგმები ნათელია. თომას მანმა მიზანმიმართულად მოარგო გუსტავ აშენბახს „მალერის ნიღაბი“, გამოიყენა რა ორივე, ფიზიკური და სიმბოლური ელემენტები. ამასთან ხაზგასმულია აშენბახის აღტაცება „უცხოს“ სილამაზითა და ნიჭიერებით.
გუსტავ აშენბახის როლის საკითხის კვლევისას თომას მანის ნოველაში „სიკვდილი ვენეციაში“ უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან: განათლება, მუსიკალური კარიერა, ოჯახური ურთიერთობები, ჯანმრთელობის პრობლემები და საბოლოოდ გარდაცვალება. მანი ოსტატურად გადაკვეთს პერსონაჟის პირად ვნებებს, კლასიკურ ლიტერატურულ და ესთეტიკურ იდეალებს და პერსონაჟის პირად მოსაზრებებს, რომლებიც ქოლერას ეპიდემიით გავლენით იქნენ ფორმირებულნი.
თომას მანის კლასიცისტური ტრაგედიის ფორმით აგებული Künstlernovelle (ხელოვანის ნოველა) მითოლოგიური და დეკადანსის მოტივებით აღიქმება როგორც ხელოვნების ნიმუში, რომელშიც არსებითია „თავაშვებულობისთვის გაჩენილი“ ხელოვანის ტრაგედია. ეს ხელოვანი კი თავად თომას მანია გუსტავ მალერის ნიღბით.
გამოყენებული ლიტერატურა:
კაკაბაძე, ნ. (1973). თომას მანი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
კაკაურიძე, ნ. (2001). თომას მანი და მუსიკალური რომანტიზმი, ქუთაისი: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მანი, თ. (2015). „სიკვდილი ვენეციაში“. წიგნში: თომას მანი, მოთხრობები. თბილისი: გამომცემლობა პალიტრა L.
ფირცხალავა, ნ. (2013). „გოეთეს ,ნოველა‛ და თომას მანის ,სიკვდილი ვენეციაში’“ (შოპენჰაუერის მოძღვრების შუქზე)“. კრებულში: თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ჯინორია, ო. (1966). „თომას მანი“. წინასიტყვაობა წიგნისა თომას მანი, მოთხრობები. თბილისი: გამომცემლობა საბჭოთა საქართველო.
Hage, V. (2002). „Tadzios schönes Geheimnis“. In: Der Spiegel. Nr. 52, 2002, S. 152 ff. (online – 20.12.2002). Tadzios schönes Geheimnis - DER SPIEGEL
Harpprecht, K. (1995). Thomas Mann. Eine Biographie, Reinbek: Rowohlt.
Mann, Th. (2007). „Chamisso“, In: Gesammelte Werke, zehnter Band Berlin: Aufbau-Verlag.
Mann, Th. (1930). „Lebensabriß“. In: Die Neue Rundschau, 6. Heft Juni 1930, 41. Jg., S. 732 – 769.
Mann, Th. (2007). Der Tod in Venedig. (Sonderausgabe). Frankfurt am Main: S. Fischer.