ბერნჰარდ შლინკის „წამკითხველის“ ქართული თარგმანები
საკვანძო სიტყვები:
ტოტალიტარიზმი, დანაშაული, სასჯელიანოტაცია
ბერნჰარდ შლინკი (1944) თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო წარმომადგენელია. წამკითხველი (Der Vorleser, 1995) მისი პირველი არადეტექტიური რომანია, რომელმაც მას მსოფლიო წარმატება და აღიარება მოუტანა. ბერნჰარდ შლინკი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული თაობის წარმომადგენელი, კარგად აცნობიერებს ნაციონალ სოციალისტური დიქტატურის შედეგებს გერმანიისთვის და ზოგადად, კაცობრიობისთვის, რაც მან ასახა კიდეც თავის რომანში „წამკითხველი“.
რომანში წამოჭრილი პრობლემატიკა თანაბრად საინტერესოა ყველა თაობისა და ეროვნების წარმომადგენლისთვის. ტოტალიტარიზმი და მისი შედეგები ხომ ერთი ქვეყნის, ერთი ერის ტრაგედია არ არის,- ის ზოგადი, გლობარული მნიშვნელობის პრობლემაა. „წამკითხველი“ სწორედაც იმითაა საინტერესო, რომ ავტორი დანაშაულს სხვა კუთხით აშუქებს,- მწერალი დამნაშავეს მსხვერპლად აქცევს.
მწერლის რომანების ქართული თარგმანების სწორი გაგებისთვის განსაკუთრებული ყურადღება ტექსტის ენასა და სტრუქტურაზე უნდა გამახვილდეს. ბერნჰარდ შლინკის თხრობის სტილი არის ზუსტი და მკაფიო. მწერალი უარყოფს კომპლექსურ და ძნელად გასაშიფრ ენას, რის გამოც მისი რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ხიბლავს მკითხველს. მწერლის თხრობის სტილი მკითხველს არწმუნებს, რომ ნაწარმოებში გადმოცემული ამბები რეალურია და ავტობიოგრაფიული. მის თითოეულ თავში ორიგინალურად მონაცვლეობს განმცდელი მე და მთხრობელი მეს თხრობის პერსპექტივები. დომინანტური სტილი არის თხრობითი, რომელიც გამოხატულია რეფლექსიებითა და დიალოგური ჩანართებით. სამნაწილიანი რომანის სტრუქტურა მიჰყვება ცენტრალურ სიუჟეტურ ხაზს. მასში არსებული ავტობიოგრაფიული ელემენტები თხრობას დამაჯერებელს და ავთენტურს ხდის. პირველ პირში მთხრობელი ახალგაზრდა მიხაელ ბერგი თავად ავტორს ბერნჰარდ შლინკს განასახიერებს რომანში და მის სათქმელს აჟღერებს. პროფესიული თანხვედრა მთავარ პროტაგონისტსა და მწერალს შორის უფლებამოსილებას ანიჭებს ახალგაზრდა მიხაელს შეაფასოს ჰანას დანაშაულებრივი წარსული. შლინკს კი შესაძლებლობას აძლევს, გადააფასოს მშობლების წარსული. აღსანიშნავია ისიც, რომ რომანში მოქმედება ხდება ჰაიდელბერგში, ქალაქში სადაც თავად ავტორი ადრეული ასაკიდან ცხოვრობდა.
საქართველოში რომანის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი სამი ქართული თარგმანი არსებობს. Der Vorleser პირველად 2005 წელს თარგმნა მაია მირიანაშვილმა, სახელწოდებით როცა უკითხავდა. იგი დაბეჭდა გამომცემლობაში „იბისი“. 5 წლის შემდგომ, 2010 წელს, მაია მირიანაშვილმა, რომანის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა სახელწოდებით წამკითხველი და იგი გამოსცა გამომცემლობა „ზებრამ“. მესამედ წამკითხველი ახალგაზრდა ქართველმა დებიუტანტებმა გვანცა შუბითიძემ და ნათია ლაფერაძემ თარგმნეს. ეს თარგმანი 2021 წელს გამოაქვეყნა გამომცემლობა „ინტელექტმა“.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ბერნჰარდ შლინკის წამკითხველის ქართული თარგმანების შედარება ორიგინალთან და იმის ჩვენება, თუ რამდენად ზუსტადაა გადმოცემული მათში ნაწარმოების პრობლემატიკა, ეპოქის მაჯისცემა, მთავარ მოქმედ პერსონაჟთა სულიერი განწყობილებები და ქცევები.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაგნიძე, ნ. (2017). ნარკვევები მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის გერმანულენოვანი ლიტერატურიდან. რედაქტორი ნანული კაკაურიძე, თბილისი: „სამშობლო“, 272-275.
ფანჯიკიძე, დ. (1988). თარგმანის თეორია და პრაქტიკა. თბილისი: „განათლება“.
შიშინაშვილი, ი. (2017). პოსტმოდერნიზმი და ბერნჰარდ შლინკის რომანი წამკითხველი, ქუთაისი.
შლინკი, ბ. (2005). როცა უკითხავდა. ავტორიზებული თარგმანი გერმანულიდან მაია მირიანაშვილისა. თბილისი: „იბისი“.
შლინკი, ბ. (2010). წამკითხველი. ავტორიზებული თარგმანი გერმანულიდან მაია მირიანაშვილისა. თბილისი: „ზებრა“.
შლინკი, ბ. (2021). წამკითხველი. ავტორიზებული თარგმანი გერმანულიდან გვანცა შუბითიძისა და ნათია ლაფერაძისა. თბილისი: „ინტელექტი“.
Schlink, B. (1997). Der Vorleser, Diogenes Verlag AG Zürich.