პოლიტიკური დისკურსი პოსტმოდერნისტულ და მეტაპოსტმოდერნისტულ ირლანდიურ დრამაში

ავტორები

  • თამარ გელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-6

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური დისკურსი, პოსტმოდერნიზმი მეტაპოსტმოდერნიზმი, ირლანდიური დრამა

ანოტაცია

პოლიტიკური დისკურსის როლი და ადგილი მხატვრულ ლიტერატურაში რთული და კომპლექსური პრობლემაა. არაერთგვაროვანია არა მხოლოდ მკვლევარების, არამედ თავად ავტორების დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რაოდენ დასაშვებია პოლიტიკური დისკურსის არსებობა ლიტერატურაში. მწერალთა ნაწილი ცნობილი ირლანდიელი მოდერნისტი მწერლის ჯეიმზ ჯოისის მსგავსად მიიჩნევს, რომ ლიტერატურა პოლიტიკისაგან დისტანცირებული უნდა იყოს, ან როგორც თავის ერთ-ერთი მოთხრობის (,,მკვდრების’’) მომქმედ პირს, გაბრიელ კონროის ათქმევინა ,,ლიტერატურა პოლიტიკაზე მაღლა დგას" (ჯოისი, 1968), თუმცა ამავე ნაწარმოებში ჯოისი უპირისპირდება გაბრიელის ამ ფრაზას და აჩვენებს, რომ ლიტერატურა ნებსით თუ უნებლიედ ყოველთვის არის გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი. თავად ჯოისის შემოქმედებაშიც მიუხედავად მისი ავტორის სურვილისა პოლიტიკიდან დისტანცირების, კარგად ჩანს მისი უკმაყოფილება ბრიტანული იმპერიალიზმისადმი, რომელმაც მისი აზრით ირლანდია დაბეჩავებამდე და პარალიზამდე მიიყვანა.

მეოცე საუკუნეში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე მნიშვნელოვნად გამოკვეთა ძლიერი პოლიტიკური დისკურსი მოდერნისტულ ლიტერატურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი, პოსტ-მოდერნიზმის ეპოქაში არ განელებულა და პირიქით პოლიტიკური მოვლენების რეტროსპექტულ, გადასხვაფერებულ და ახლებურ გაგებას გვთავაზობს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ფლენ ო'ბრაიენის "ფაუსტუს კელი", ფრენკ მაკგინესის "დააკვირდით სომისაკენ მიმავალ ალსტერის შვილებს" და ოუენ მაკკაფერტის "ჩუმად". სამივე პიესა საკმაოდ დიდი შუალედითაა შექმნილი (ო'ბრაინი - 1943, მაკგინესი - 1986, მაკკაფერტი - 2012), რაც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ არამხოლოდ პოლიტიკური დისკურსის განვითარების დიქოტომიას ირლანდიაში მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე არამედ იმასაც თუ როგორ სახეცვლილებას განიცდის ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟები თუ ისტორიული მოვლენები და რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილება და როგორია პოლიტიკური დისკურსი ადრეული პოსტ-მოდერნიზმიდან მეტა-პოსტმოდერნიზმამდე. სამივე პიესა პოლიტიკურ ელემენტებს შეიცავს და მაშინ როცა ფლენ ო'ბრაიენი კომიკურად ცვლის ყველასთვის ნაცნობი ფაუსტის მარადიულ სახეს და მას დუბლინელ პოლიტიკოსად წარმოგვიჩენს, რომელიც ერთნაირად აგიჟებს მეფისტოფელსაც და მის გარშემო ხალხსაც, მაკგინესი და მაკაფერტი პირველ მსოფლიო ომსა და ბელფასტში მიმდინარე წარსული მოვლენების რეტროსპექტივას გვთავაზობენ. ფაუსტუს კელი - ფაუსტის კომიკური პაროდიაა, სადაც ადგილობივი საბჭოს თავჯდომარე მეფისტოფელთან პაქტს არა მეტის შესამეცნებლად არამედ კარიერული წინსვლისათვის დებს. ამ მხრივ, ფლენ ო'ბრაიენის ფაუსტი უფრო ყვარყვარე თუთაბერისეულ პერსონაჟად წარმოგვიდგება ვიდრე იმ ფაუსტად რომელიც ჩვენს ცნობიერებაშია და რომელიც შემეცნებისაკენ მიისწრაფის. ირლანდიელ ფაუსტს მხოლოდ მაღალი თანამდებობა ანაღვლებს, და ამასთანავე როგორც ჯოისის მოთხრობაში "სუროს დღე" მსოფლიო პოლიტიკისა და მტრების განხილვისას თითქოს ერთგვარად ერთიანდებიან პიესის პერსონაჟები, თუმცა ამ "ერთიანობაშიც" ჩანს სრული გათიშულობა და ო'ბრაინის დამოკიდებულება ირლანდიელი პოლიტიკოსების მიმართ - ო'ბრაიენისთვის სწორედ მათი უუნარობის ბრალია ირლანდიის იმდროინდელი პრობლემებიცა და გათიშულობაც. ფრენკ მაკგინესი პიესაში "დააკვირდით სომისაკენ მიმავალ ალსტერის შვილებს" პირველი მსოფლიო ომისა და ერთ-ერთი უმძიმესი და ყველაზე სისხლიანი ბრძოლის, სომის, შესახებ მოგვითხრობს. პიესის მთავარი გმირი კენეტ ფაიფერი, რომელიც ალსტერის 36-ე დანაყოფის ერთადერთი გადარჩენილი წევრია ერთი შეხედვით იხსენებს სომის ბრძოლასა და თავის თანამებრძოლებს, თუმცა სომის ბრძოლის პარალელურად, რომელიც 1 ივლის მოხდა, საუკუნეებით ადრე ამავე თარიღზე მომხდარი ბოინის ბრძოლაც (1690) ტივტივდება, რადგან სწორედ ამ ორმა მოვლენამ განმსაზღვრელი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ირლანდიელი იუნიონისტების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. დონეგალში დაბადებული და გაზრდილი ფრენკ მაკგინესისათვის უდავოა, რომ ალსტერი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და ერთგვარად განსაზღვრა კიდევაც მისი დრამატურგად ჩამოყალიბება. პროტესტანტები და კათოლიკეები, იუნიონისტები და ნაციონალისტები - ეთნო-ნაციონალურ-რელიგიური დაპირისპირება ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის სახელით და შინაურულად "The Troubles"-ად წოდებული, რომლიც უშუალო მონაწილე თავის დროზე მაკგინესიც იყო, ოუენ მაკკაფერტის 2012 წლის პიესის "ჩუმად" მთავარი მოვლენაა. 50 წელს მიტანებული ორი ბელფასტელი მამაკაცი გადაწყვეტს რომ წლების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს და 1974 წელს ბელფასტში მომხდარი დამანგრეველი აფეთქება გაიხსენონ, როცა ორივენი 16 წლის იყვნენ და ერთი მათგანი ამ აფეთქების ერთ-ერთი მომწყობი იყო, ხოლო მეორე - დაზარალებული. მაკკაფერტის პიესა იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს წარსულის შეცდომები დღევანდელ ყოფასა და ცნობიერებას და რეალურად შესაძლებელია თუ არა ამ მასშტაბის მოვლენათა დავიწყება და წინ სვლა მომავლისაკენ. ორივე პერსონაჟი ერთსა და იმავე ისტორიულ მოვლენას საკუთარი პერსპექტივდან ყვებიან და თითქოს ისიც ნიშანდობლივია რომ იმ ლუდხანაში, რომელშიც ახლა ხვდებიან და სადაც ფეხბურთის თამაში გადის ჩრდილოეთ ირლანდიასა და პოლონეთს, ზუსტად ასეთივე საკვალიფიკაციო თამაში იყო 1974 წელს, მაშინ როცა ეს ინციდენტი მოხდა მათ შორის. თითქოს ერთგვარად ისტორია მეორდება, თუ არაფერი არ იცვლება და ციკლურია? ფლენ ო'ბრაიენისაგან განსხვავებით მაკგინესიცა და მაკკაფერტი რეალურ ისტორიულ მოვლენებზე წერენ, და მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან ამ ყველაფრის მონაწილეები აშკარად იკვეთება ის გავლენა, რომელიც ამ მოვლენებს ჰქონდათ ქვეყნისა და შესაბამისად მათი ცნობიერებაზე.

 

ლიტერატურა:

 

ჯოისი, ჯ. (1968). Joyce, James. Dubliners: New York: Viking Press.

მაკკაფერტი, ო., (2012). McCafferty, Owen. Quietly. London: Faber and Faber.

მაკგინესი, ფ. (1986). McGuinness, Frank. Observe the Sons of Ulster Marching Towards the Somme. London: Faber and Faber.

ნა გკოპალენი, მ. [ფლენ ო’ბრაიენი] (1943). NA gCOPALEEN, Myles [Flann O'Brien]. Faustus Kelly. Dublin: Cahill.

ავტორის ბიოგრაფია

  • თამარ გელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ასისტენტ-პროფესორი,

    ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-17

გამოცემა

სექცია

სტატიები