გზის მითოლოგემა კორმაკ მაკარტის რომანში "გზა"
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-18საკვანძო სიტყვები:
მითოლოგემა, ძიება, პოსტაპოკალიპტური პროზა, პოსტჰუმანიზმი, ანთროპოსინიანოტაცია
გზა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ცენტრალური მითოლოგემაა. მას, როგორც საყრდენ ღერძს, უამრავი მითისა თუ მხატვრული ნაწარმოების მხატვრული სტრუქტურა ეფუძნება. გარკვეული აზრით, სწორედ გზის მითოლოგემისა და მასთან მჭიდრო დაკავშირებული ძიების მოტივის სიუჟეტური გაშლა-ხორცშესხმაა, მაგალითად, სიზიფეს მითი, გილგამეშის ეპოსი, ჰომეროსის ოდისეა, ვოლფრამ ფონ ეშენბახის პარციფალი და სხვა სარაინდო რომანები გრაალის მაძიებელი გმირის შესახებ, დანტეს ღვთაებრივი კომედია, სერვანტესის დონ კიხოტი, გოეთეს ფაუსტი, ჯეიმზ ჯოისის ულისე, ტომას სტერნზ ელიოტის მოგვთა მგზავრობა და ბერწი მიწა და მსოფლიო ლიტერატურის უამრავი სხვა შედევრი - ყველას ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ცხადია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გზის მითოლოგემის მხატვრული განსხეულების თავისებურება განისაზღვრება ავტორის ინდივიდუალური ესთეტიკურ-კონცეპტუალური პოზიციით და იმ მხატვრულ-ესთეტიკური პარადიგმით, რომლის ფარგლებშიც მოცემული ავტორის მხატვრული მეთოდი შეუიძლება მოვიაზროთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გზის მითოლოგემის ხორცშესხმის მხატვრული ფორმები ლიტერატურული ეპოქიდან ლიტერატურლ ეპოქამდე ვარირებს და ამოუწურავად მრავალფეროვანია, თუმცა, როგორც თემურ კობახიძე აღნიშნავს, საბოლოო ანგარიშით, ყველა დროის ლიტერატურაში ორი ტიპის გზა შეიძლება არსებობდეს - ისტორიული და სპირიტუალური. პირველ შემთხვევაში ძიება პროფანულ დროსა და სივრცეში ანუ ყოფით რეალობაში ხორციელდება, ხოლო მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს სულიერ ძიებასთან საკრალურ დროსა და სივრცეში, რაც მითოპოეტიკურ ქრონოტოპს წარმოქმნის (კობახიძე 2008: 94).
გზის მითოლოგემა განსაზღვრავს თხრობის სტრუქტურას კორმაკ მაკარტის პოსტაპოკალიპტურ რომანში გზა (2006). მამა-შვილი „მოგზაურობს“ პოსტაპოკალიპტურ, გადამწვარ-გადაბუგულ, ფერფლით დაფარულ ამერიკაში, სადაც მუდამდღე ბნელა, ყინვა ქვას ხეთქავს, გზებზე კი მოროდიორები და კანიბალები დაძრწიან. მამა-შვილის ერთადერთი მიზანია, შიმშილითა და სიცივით სიკვდილსა თუ კაციჭამიებს თავი დააღწიონ და ზღვის სანაპიროს მიაღწიონ, თუმცა მთელი ეს მოგზაურობა სიზიფეს შრომას ჰგავს - მათ არ იციან, სად მიიყვანთ გზა ან რა ელით, თუ ზღვას მიაღწევენ. ფაქტობრივად, თხრობა სიზიფეს მითის მიხედვითაა მოდელირებული - ესაა ერთი და იგივე დაბრკოლებების დაუსრულებლად დაძლევა გაურკვეველი მიზნის მისაღწევად, ან ყოველგვარი მიზნის გარეშე, ან თავის გადარჩენის მიზნით, რასაც ასევე არა აქვს აზრი, რადგან დაკარგული სულიერი საწყისის პოვნის, ადამიანური ყოფისა და ჰუმანიზმის აღორძინების ყოველგვარი იმედი გადაწურულია. ამავე დროს, ესაა ელიოტისეული „ბერწი მიწის“ მეტაფორული ხატის აქტუალიზაცია - ანთროპოსინისა თუ პოსტჰუმანიზმის ხანაში ტოტალურად გაუდაბურებული სამყაროს აპოკალიპტური ხილვა. რომანის პერსონაჟებს სახელები არა აქვთ - მაკარტი ზოგადადამიანურ მდგომარეობას გვიხატავს.
რომანში არ ჩანს, თუ რა კატაკლიზმამ გამოიწვია ინდუსტრიული ცივილიზაციის ასეთი ტოტალური განადგურება, თუმცა, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, ეს ანთროპოსინის შედეგია - ახალი გეოლოგიური ერისა, როცა ადამიანმა დამღუპველი გავლენა გავლენა მოახდინა გეოლოგიასა და ეკოსისტემებზე და კატასტროფული ანთროპოგენული კლიმატური ცვლილება გამოიწვია. ანთროპოსინს კი გარდაუვალად მოჰყვება პოსტჰუმანიზმის ეპოქა, რომელიც აღარ არის ანთროპოცენტრისტული, არარ ემყარება კარტეზიანულ დუალიზმს და სადაც წაშლილია ტრადიციული საზღვრები ადამიანურსა დ არაადამიანურს, ადამიანსა და ბუნებას, ადამიანსა და ცხოველს, ადამიანსა და ტექნოლოგიებს შორის, ანუ, ის პოსტაპოკალიპტური სამყარო, რომელიც რომანშია დახატული.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკარტი პოსტჰუმანისტური ეპისტემოლოგიის ტოტალიზაციას გვთავაზობს. გზა, ფაქტობრივად, მედიტაციაა ადამიანის ბუნებისა და ქმედების დესტქრუქციულობაზე, თუმცა ხსნა მაინც არსებობს - ესაა მამა-შვილის სიყვარული ერთმანეთისა და ადამიანების მიმართ, ადამიანური თანაგრძნობის უნარი, რომელიც მათ შეინარჩუნეს პოსტაპოკალიპტურ სამყაროში.