ტექსტის ინტერპრეტაციის ზოგიერთითეორიული და მეთოდოლოგიური პრობლემა

ავტორები

  • ილია პაჭკორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-16

საკვანძო სიტყვები:

ტექსტი, ინტერპრეტაცია, ლიტერატურა, ჰერმენევტიკა, ავტორი, მკითხველი, კონტექსტი

ანოტაცია

ტექსტის ფენომენი თვით სამყაროს დასაწყისს სწვდება: ღმერთმა სიტყვით შექმნა სამყარო, ღვთისაგან წარმოთქმულმა ტექსტმა არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა იგი. როდესაც ღმერთმა პირველი სიტყვები, პირველი ზეპირი ტექსტი უთხრა ადამს, მაშინ პირველად მოხდა ადამიანის მიერ ტექსტის ინტერპრეტაცია.

ბიბლიური ჰერმენევტიკის მიზანია ბიბლიის ტექსტში გაცხადებული ჭეშმარიტების სწორად გააზრება, ლიტერატურული ჰერმენევტიკა კი ცდილობს მხატვრული ტექსტის დამაჯერებელ ინტერპრეტირებას სხვადასხვა ფარდობითი მეთოდითა და კრიტერიუმით, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა: ტექსტზე, ავტორზე, მკითხველზე თუ კონტექსტზე ორიენტირებული მიდგომები.

დღევანდელი თანამედროვეობა აშკარად უპირატესობას ანიჭებს კონტექსტზე, უფრო ზუსტად, თანამედროვე კონტექსტზე ორიენტირებულ მეთოდს, თუნდაც საქმე ეხებოდეს საუკუნეების წინანდელ ტექსტს. ეს კი უფრო კომენტარი გამოდის თანამედროვეობაზე, ვიდრე მხატვრული ტექსტის რეალური ინტერპრეტაცია.

ნებისმიერი ეპოქის მხატვრული ტექსტის გააზრება მეტ-ნაკლებად ყოველთვის ატარებს მკითხველის მსოფლმხედველობისა და მისი თანამედროვეობის გავლენას. ტ. ს. ელიოტის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნში, თემურ კობახიძე (2015, გვ. 10) აღნიშნავს, რომ შექსპირის შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაცია ძალიან განსხვავდება შექსპირის დროინდელი აღქმისგან. იგივე ელიოტი (1998, გვ. 57-58) შექსპირის „ჰამლეტს“ შემოქმედებით მარცხს უწოდებს, რადგან, მისი აზრით, ჰამლეტის ემოცია აჭარბებს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თემურ კობახიძე (2004, გვ. 41) ელიოტის ამ პოზიციას, მისი, როგორც მოდერნისტი ხელოვანის, ესთეტიკური ხედვის თავისებურებით ხსნის, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა რენესანსული ჰუმანისტური მსოფლხედვის მთლიანობა და მაღალი პათოსი. აქედან გამომდინარე, ჰამლეტის ტრაგიკული განცდები ელიოტს გაზვიადებული ეჩვენება.

მეტ-ნაკლებად ყოველი მკითხველი საკუთარი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის საზომებითაც ზომავს სამყაროს, აფასებს მოვლენებს, იაზრებს ტექსტს. მაგალითად, ზიგმუნდ ფროიდი (1992, გვ. 367-368) ჰამლეტში ოიდიპოსის კომპლექს ხედავს, მაგრამ ჰაროლდ ბლუმი (1994, გვ. 376) მიიჩნევს, რომ ჰამლეტს არ აქვს ოიდიპოსის კომპლექსი, არამედ ფროიდს აქვს ჰამლეტის კომპლექსი.

ჰამლეტის რელატივისტური მსოფლმხედველობის გამომხატველი ცნობილი მოსაზრება, რომ „არაფერია თავისთავად კარგი ან ცუდი, არამედ ფიქრი აქცევს მას ასეთად“ (შექსპირი, 2003, გვ. 141) – ალბათ განსაკუთრებით კარგად მიესადაგება მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის სუბიექტურ და ფარდობით ფენომენს.

ტექსტის ინტერპრეტაციის რეალურ შესაძლებლობას მთლად ეჭვქვეშ აყენებს აბსურდის ლიტერატურა, რომლისთვისაც ადამიანის ყოფიერების საზრისი გაუგებარია, სამყარო – აუხსნელი, სიტყვები და ტექსტი – ორაზროვანი. სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამ თვალსაზრისით. პიესა ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციის მრავალ შესაძლებლობას იძლევა, რაც მის მაღალმხატვრულ ღირებულებაზე შეიძლება მიანიშნებდეს, მაგრამ საბოლო ჯამში, მისი გააზრების ყოველგვარ მცდელობას არსად მივყავართ, და თუკი მაინც გვეგონება, რომ სადმე მივყავართ, – ამაზე ბეკეტი უეჭველად ასე მოგვიგებდა: ეგ არ მიგულისხმია.

ტექსტად შეიძლება გავიაზროთ არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ზეპირი დისკურსიც. ზეპირსიტყვიერ ლიტერატურას სწორედ რომ ზეპირი მხატვრული ტექსტები შეადგენს. მაგრამ ტექსტი შესაძლოა არც წერილობითი იყოს და არც ზეპირი. ასეთი ტექსტია ადამიანის ფიქრები, შინაგანი მონოლოგი, ცნობიერების ნაკადი, რაც ასახვას ჰპოვებს მხატვრულ ლიტერატურაშიც. წერილობითი და ზეპირი ტექსტისგან განსხვავებით, შინაგანი ტექსტის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მხოლოდ მის ავტორს აქვს, თუკი საკუთარ ფიქრებს დაუკვირდება. ხოლო გულთამხილავმა ღმერთმა სრულყოფილად იცის ყოველი მისი ცოცხალი ქმნილების ყველა ფიქრი, მათ გაფიქრებამდეც კი.

გლობალისტური ნარატივები და დისკურსი დიდ პროპაგანდისტულ ზეწოლას ახდენს დღეს ადამიანის ცნობიერებაზე, მის მსოფლაღქმაზე, მათ შორის თანამდეროვე მხატვრული ტექსტების შინაარსსა და ფორმაზე, ისევე როგორც მათ ინტერპრეტაციაზე. არადა, ინტერპრეტაცია პასუხისმგებლობაა უზენაესი შემოქმედის წინაშე, თვით მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციაც, და მით უფრო, წმინდა წერილისა – ღვთიური ტექსტისა.

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14

გამოცემა

სექცია

სტატიები