გოტიკური კონვენციების ტრანსფორმაცია (პროტო)მოდერნისტულ ტექსტში

ავტორები

  • თინათინ ფხალაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

DOI:

https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-20

საკვანძო სიტყვები:

გოტიკა, გოტიკური კონვენციები, გოტიკური მოდერნიზმი, ჯოზეფ კონრადი

ანოტაცია

მოხსენების მიზანია, წარმოაჩინოს გოტიკური კონვენციების ტრანსფორმაციის თავისებურენაბი მოდერნისტულ ტექსტში. ყურადღება გამახვილებული იქნება ჯოზეფ კონრადის წინარემოდერნისტულ მოთხრობაზე წყვდიადის გული, რომელიც ნიადაგს უმზადებს გოტიკურ მოდერნიზმს.

            გოტიკური ტრადიციის ჩამოყალიბება იწყება მე-18 საუკუნეში, როცა გამოქვეყნდა პირველი გოტიკური რომანი - ჰორას უოლპოლის ოტრანტოს ციხე-სიმაგრე (1764). ეს კონვენციები ტრანსფორმაციას განიცდის სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქაში, სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობის ესთეტიკური სისტემის შესაბამისად. ბუნებრივია, პროტომოდერნიზმი და მოდერნიზმი მათ მოდიფიკაციას ახდენს საკუთარი მხატვრულ-ესთეტიკური პარადიგმის მიხედვით. კერძოდ, გოტიკურ მოდერნიზმს ნიადაგს უმზადებს გოტიკური ტრადიციის, გოტიკის კონვენციური ენის, გოტიკური იდიომატიკის  მოდიფიკაციები ჯოზეფ კონრადის პროზაში, სადაც  გოტიკური ლიტერატურის საზარელი ურჩხულები, მოჩვენებები და ზებუნებრივი არსებები გარდაისახებიან ისტორიის ნარატივიზაციის ალტერნატიულ ვერსიად, რომელიც მანამდე რეპრესირებული იყო ისტორიის ავტორიზებული ვერსიით. ისინი იმ არამატერიალურ ფიგურებად გარდაიქმნებიან, რომლებიც ჩვენი ცნობიერების პერიფერიაში რჩება.

გო­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ის მო­დიფი­კა­ცი­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მხატ­ვრულ­-ეს­თე­ტი­კუ­რი ნი­შან­-თვი­სე­ბე­ბის სპექ­ტრი იმ­დე­ნად ფარ­თო­ა, რომ პრაქ­ტიკუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­თი სრუ­ლად აღ­ნუს­ხვა და კლა­სი­ფიცი­რე­ბა. ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს იმ ფაქტს, რომ კრი­ტი­კოსთა შო­რის დღემ­დე ცხა­რე დე­ბა­ტებს იწ­ვევს გო­ტი­კის, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ფე­ნო­მე­ნის, რა­ო­ბა და ბუ­ნე­ბა; არ­სე­ბობს უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო და ურ­თიერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი, მო­საზ­რე­ბა გო­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ის ცალ­კეულ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე.

გოტიკური ანუ „საშინელებათა“ რომანი ერთგვარი რეაქციაა „გონების საუკუნის“ იდეებზე, განმანათლებლური აზროვნების კრიზისის გამოხატულებაა. ლიტერატურული გოტიკა უკავშირდება რომანტიკულ მოძრაობას, რომელიც აქცენტს აკეთებს ინტენსიურ სუბიექტურ ემოციურ გამოცდილებაზე. გოტიკური ლიტერატურა გამოკვეთს ყოფიერების ბნელ მხარეებს, წინა პლანზე წამოსწევს ზებუნებრივი საშინელებისა და სიკვდილის მოტივებს. გოტიკურ პროზაში  გადამწყვეტ როლს ხშირად სამოქმედო გარემო ასრულებს. გოტიკური რომანი, ფაქტობრივად, გვთავაზობს შეფარულ პოლემიკას განმანათლებლურ რეალიზმთან. სიუჟეტში იკვეთება ჩახლართული ინტრიგა, „დაწყევლილი ოჯახი,“ ზებუნებრივი მოვლენები, საიდუმლოებების, შურისძიებისა თუ სიკვდილის მოტივები, სექსუალობისა და ინცესტის თემატიკა. გოტიკურ პროზას, როგორც წინარომანტიზმისა და რომანტიზმის მნიშვნელოვან წახნაგს, სააშკარაოზე გამოჰქონდა ზოგადსაკაცობრიო კონფლიქტები ბუნებრივსა და ზებუნებრივს, მისტიკასა და მატერიალურ სამყაროს, რელიგიასა და მეცნიერებას, თავად სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ლიტერატურული გოტიკა სპეციფიკური მხატვრული ფორმით გამოხატავდა ეპოქალურ ჭიდილს ტირანიასა და ჩაგრულთა, დრომოჭმულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემასა და თავისუფალ პიროვნებას, თავგასულ იერარქიასა და ინდივიდუალიზმს, მემკვიდრეობით მიღებულ  უფლებებსა და ინდივიდის პოტენციური განვითარების პერსპექტივას, ავტორიტარიზმსა და ლიბერალიზმს შორის. ბუნებრივისა და ზებუნებრივის, რეალურისა და წარმოსახვითის სინთეზით გოტიკური პროზა საფუძველს უყრის ახალ სტილს - წარმოსახვით რეალიზმს.

გოტიკური კონვენციის განუყოფელი ნაწილია სიზმრები, კოშმარები, ფანტასმაგორიული ხილვები, ჰალუცინაციები, ფოლკლორული ნარატივის და რეალობის ერთმანეთთან გადახლართვა. ისტორიის ნარატივიზაციით გამოწვეული ანტაგონიზმი ოსტატურად არის წარმოსახული გოტიკური იდიომატიკისა და კონვენციების მოდიფიკაციის საშუალებით ჯოზეფ კონრადის შემოწმედებაში. კონრადი მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროტომოდერნისტული მოთხრობის წყვდიადის გული თხრობაში გარკვეული მოდიფიკაციით იყენებს გოტიკური რომანისათვის დამახასაითებელ ბევრ დეტალს. მისთვის დამახასიათებელია პირობითობა, რეალურისა და წარმოსახვითის აღრევა, სიზმარ-ცხადისეული ატმოსფერო.  

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-14

გამოცემა

სექცია

სტატიები