შექსპირის „ქარიშხლის“ ასოციაციური დანიშნულება ტ.ს. ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-17საკვანძო სიტყვები:
ტ.ს. ელიოტი, შექსპირი, „ქარიშხალი“, „უნაყოფო მიწა“ანოტაცია
სტატიის მიზანია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტისა და თეორეტიკოსის ტ.ს. ელიოტის ადრეული შემოქმედების რენესანსული ჰუმანიზმის გადაფასების კონტექსტში მოქცევა, რომელშიც უილიამ შექსპირი უმთავრეს გავლენასა და წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, სტატიაში განხილულია შექსპირის „ქარიშხლის“ ასოციაციური დანიშნულება ტ.ს. ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“
შექსპირისეული ასოციაციებისა და ალუზიების გამოყენება ელიოტის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია და შედარების საფუძველზე გაანალიზებულია ის რთული ურთიერთდამოკიდებულება, რაც მდიდარ ინტერტექსტუალურ კავშირს ქმნის ორ, საუკუნეებითა და სხვადასხვა ლიტერატურული ტრადიციით დაშორებულ მწერალს შორის. შექსპირის პიესებიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი „ქარიშხლიდან“, აღებული მნიშვნელოვანი სახე-სიმბოლოების „უნაყოფო მიწაში“ გამოყენება ელიოტის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს, რათა მისი პოეზია ახალი და კონტრასტული მნიშვნელობებით გამდიდრდეს. აშკარაა თემატური კავშირი ორივე ნაწარმოებში სიკვდილთან, აღდგომასთან და შეწყალებასთან. ამ მხრივ, ვფიქრობ, „ქარიშხალი“ შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ნაყოფიერების მითად, რომელსაც ელიოტი იყენებს ლექსის სტრუქტურირებისთვის. მისი ფუნქცია კი ნათელია, იქმნება კონტრასტი ელიზაბეთანურსა და მე-20 საუკუნის ღირებულებებს შორის და დასმულია კითხვა - არის თუ არა აღორძინება, აღდგომა და ცოდვების გგამოსყიდვა შესაძლებელი თანამედროვე ეპოქაში. „ქარიშხალში“ სიკვდილი მოჩვენებითი და რეგენერაციულია, რასაც ვერ ვიტყვით „უნაყოფო მიწის“ ვერცერთ ეპიზოდზე. შექსპირის პიესაში აქცენტი კეთდება აღდგენასა და გამოსყიდვაზე - შეცდომები გამოსწორებულია, დანაკარგები აღარ არის და მეტიც, ძველი შეცდომების გამოსწორებით უკეთესი, მდიდარი მომავალი იქმნება. ელიოტის პოემაში კი აქცენტი დანაკარგსა და დავიწყებაზეა, „უნაყოფო მიწაში“ ვერავინ ვერაფერს იხსენებს. სტერილურ მიწაზე ერთ-ერთი წყევლა გმირთა უგონო მდგომარეობა და გაუგებრობაა, რომელიც მათ წარსულს და მომავლის ყველანაირ პერსპექტივას აშორებს. თუ დავუშვებთ, რომ „უნაყოფო მიწა“ თავის თავში იმედიანი დასასრულის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამ ეფექტის შესაქმნელი ალუზიები და რეფერენციები სწორედ „ქარიშხლიდანაა“ აღებული, რომლის ცენტრალური თემაა წარსულის შეცდომებზე სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და შეცდომების გამოყიდვა, რაც საბოლოოდ გასაღებია უნაყოფობისა და უბედურების გამოსასწორებლად. ამგავარად შექსპირის „ქარიშხლის“ ასოციაციების გამოყენებას პოემაში ისეთივე არაერთგვაროვანი ხასიათი აქვს, როგორიც ელიოტის დამოკიდებულება იყო დიდი ელიზაბეთანელი დრამატურგის მიმართ. „ფუნქციური ბუნდოვნების“ წყალობით, „უნაყოფო მიწა“ მუდმივად გარდაქმნად და აქტუალურ ტექსტად რჩება.
ელიოტისა და შექსპირის რთული ინტერტექსტუალური ურთიერთობის შესწავლით ჩანს თუ როგორაა ელიოტის ადრეული პოეზია არა მხოლოდ მე-20 საუკუნის ახალი ესთეტიკის ნიმუში, არამედ გაგრძელება და ტრანსფორმაცია იმ ლიტერატურული ტრადიციისა, რომელიც მას წინ უძღოდა შექსპირის სახით. დასკვნის სახით, ელიოტის „უნაყოფო მიწის“ მხატვრული ქსოვილის განხილვით აშკარა ხდება, რომ პოეტი შექსპირისეულ ასოციაციებს პაროდიული და კონტრასტული დანიშნულებით იყენებს.
საკვლევი თემის ანალიზით ნათელია თუ რაოდენ მრავალფეროვანი პოტენციალი აქვს ტ.ს. ელიოტის პოეზიის ახლებურ ინტერპრეტაციას ვინაიდან ახალი ეპოქა და ახალი გააზრება არა მარტო აფართოებს ამა თუ იმ ნაწარმოებისა და შემოქმედის ინტერპრეტაციის მასშტაბს, არამედ კვლევის პროცესს თანამედროვე, დიალექტიკურ და მრავალფეროვან ჩარჩოში სვამს.