ისმაილის მხატვრული სახის ინტერპრეტაციისათვის ჰერმან მელვილის რომანში მობი-დიკი

ავტორები

  • ედუარდ ციკოლია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

მხატვრული სახე, მთხრობელი, სიმბოლიკა, სიუჟეტური ქარგა

ანოტაცია

             ჰერმან მელვილის მობი-დიკი დამსახურებულად არის აღიარებული მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. ის უკვე თითქმის ორასი წელია უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ლიტერატურის მოყვარულებს, დაუვიწყარი, ძლიერ ემოციური შთაბეჭდილებებით იპყრობს მკითხველის გონებასა და თვალუწვდენელ ოკეანეში, თაბვრუდამხვევ მოგზაურობაში ითრევს მას. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილი ისმაილია, რომლის პირითაც მოგვითხრობს მწერალი სიუჟეტურ მოვლენებს. საკუთარი ბედისა და მატერიალური კეთილდღეობის მაძიებელი ისმაილი რომანის პირველივე წინადადებაში „შემოიჭრება“ მკითხველის გონებაში: “Call me Ismael.” ნანტაკენის იდუმალ, ნახევრად ჩაბნელებულ სანაპიროზე მოხეტიალე ბიჭი ვერც კი ხვდება, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს მას მომავალი. სასტუმრო “ვეშაპის შადრევანში” დაბინავებულს, პირველად შეიპყრობს შიშისა და დაურკვევლობის განცდა, როდესაც პოლინეზიელ მეჰარპუნე კვებეკს შეხვდება. უცნაურად დაწყებული კომუნიკაცია სამაგალითო მეგობრობაში გადაიზრდება, უფრო მეტიც, სწორედ კვებეკისათვის წინასწარ გამზადებული კუბო იქნება რომანის ეპილოგში ისმაილის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. რომანის ასეთი ფიანლი ისმაილს, როგორც პერსონაჟსა და ამბის მთხრობელს, კიდევ უფრო მეტ მნიშნელობას სძენს. იგი ხდება სიმბოლო ახალი შანსისა, ახალი ცხოვრების დაწყებისა. იგი განასახიერებს ახალი დროების ამერიკელს, რომელმაც წინაპართა დაშვებული შეცდომების გადაფასებით უნდა ააშენოს ახალი მომავალი.

         ისმაილი, როგორც პერსონაჟი, მისი ხასიათითა და ცხოვრებით  მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს ამერიკულ საზოგადოებაში არსებულმა მდგომარეობამ შვა, ეპოქამ, როდესაც ახალბედა ქვეყანა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვითმყოფადი კულტურის შექმნას დიდი მონდომებით ცდილობდა. ახლის შენებისა და საკუთარი „მე“-ს გამორკვევის რთულ, შრომატევად საქმეში საჭირო იყო ახალი ტიპის ახალგაზრდა გმირი, მართალია მწირი ცხოვრებისეული გამოცდილებით, თუმცა სიახლეებისა და გამოწვევების მიმართ კეთილგანწყობილი. ჰერმან მელვილი, ხანგრძლივი მოგზაურობებისა და ლიტერატურაში საკუთარი სახელის დამკვიდრების რამდენიმე წარმატებული მცდელობის შემდეგ, მისი შემქომედების გვირგვინად აღიარებულ მობი-დიკში გვთავაზობს ისმაილის პერსონაჟს, როგორც გზას ახალი რელობისაკენ და გარადჩენის გასაღებს

           ისმაილი, ისევე როგორც აქაბი, ბიბლიური სახელია. ძველი აღთქმის მიხედვით, ისმაილი აბრაამისა და აგარის, აბრაამის ცოლის, სარას მოახლის ვაჟია. აბრაამა დედა-შვილი ღია ცის ქვეშ, ბუნების ანაბარა მიატოვა. ვეშაპზე ნადირობა ქრისტიან და ებრაელ მკითხველს ბიბლიური იონას ამბავს მოაგონებს. რომანის უპირველესი ეპიგრაფიც ხომ ბიბლიური შესაქმის ალუზიაა: “And God created great whales”  და შემდეგ ასე გრძელდება: “Now the Lord has prepared a great fish to swallow up Jonah“. ეს ის იონაა, გემიდან რომ გადააგდეს მეზღვაურებმა - ავი თვალი გაქვს და უბედურება მოგაქვსო. ბიბლიის მიხედვით, იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა, შემდეგ კი ღმერთმა შეუნდო მას და გაანთავისუფლა.

               ისმაილი მთხრობელთა აბსოლუტური უმრავლესობისაგან განსხვავებით უბრალოდ ამბავს კი არ გვიყვება, იგი რომანის თანაავტორიც არის, რომელსაც არასოდეს ტოვებს მელვილი მარტოს. სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ მკითხველი კარგავს მისადმი, როგორც ინდივიდისადმი, ინტერესს და  აღიქვამს მას, როგორც აპათიურ პერსონაჟს, მეზღვაურს, რომელიც შინაგანად ეწინააღმდეგება მისი კაპიტნის მისწრაფებებს და მისგან განსხვავებით ხსნას ისევ ხმელეთზე მიბუნებაში ხედავს, თუმცა ამავდროლუად მისი კეთილი გული და გონება გონდაკარგულ აქაბს თანაუგრძნობს და უნებლიედ აჰყვება მას დასამარცხებლად განწირულ თამაშში. ისმაელი გადამწყვეტ მომენტებში ამჟღავნებს მორალურ პრინციპულობას და აღკვეთს საკუთარი გონების დამღუპველ მისწრაფებებს, თავისუფლდება შურისძიებისა და სიხარბისაგან. მართალია, იგი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ნათლად გაიაზრებს მოსალოდნელ საფრთხეებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • ედუარდ ციკოლია , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    დოქტორანტი

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-28

გამოცემა

სექცია

სტატიები