ნარცისის მითის ინტერპრეტაციისათვის ფერწერაში

ავტორები

  • შორენა Shorena აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ტექსტის ინტერპრეტაცია, კარავაჯო, დალი, უოთერჰაუსი

ანოტაცია

ტექსტის ინტერპრეტაციის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. განსაკუთრებით საინტერესო ეს საკითხი ინტერდისციპლინარულ ჭრილშია, როდესაც ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში ხდება ფაბულის გადატანა. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ნარცისზე მითისა და მის ფერწერაში ინტერპრეტაციის საკითხს.

მითი ნარცისის შესახებ მოგვითხრობს, რომ ის იყო ზღვის ღმერთის, კეფისოსის და ნაიადა ლირიოპეს ვაჟი. ნარცისმა თავისი გამოსახულება იხილა წყალში, შეიყვარა და ამ სიყვარულით დალია სული. ღმერთებმა იგი ყვავილად გარდასახეს და ამ მშვენიერ ყვავილს მისი სახელი უწოდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც. ვარაუდობენ, რომ ნარცისი იყო მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების ძველი მცენარეული ღვთაება. მითი ასახავს პირველყოფილი მაგიისათვის ნიშანდობლივ შიშს, რომელიც ეუფლებოდა ადამიანს საკუთარი გამოსახულების ხილვისას. ნარცისის მითის მიხედვით არის შექმნილი კალდერონის დრამები, გლუკისა და სკარლატის ოპერები და სხვა.

ნარცისის მითი ჯერ ბერძენი ისტორიკოსის, პავსანიუსის, მოგვიანებით კი ოვიდიუსის გაცილებით რთული ვერსიის მიხედვით გახდა ცნობილი. „მეტამორფოზებში“ თავმოყრილი და მაღალი მხატვრული პოეტური ხერხებით დამუშავებულია 250-მდე ბერძნული და ნაწილობრივ იტალიურ-რომაული მითოლოგიური თქმულებები. ოვიდიუსის მიერ პოეტურად დამუშავებული ყოველი მითის ფინალური ნაწილია ადამიანის გარდაქმნა-გარდასახვა ახალ სულიერ სხეულად თუ უსულო საგნად: ცხოველად ან მცენარედ, ქვად, წყაროდ, ან ციურ მნათობად. ასეთი გარდასახვა თეორიულად გამაგრებულია პითაგორას მოძღვრებით სულთა გადასახლების თაობაზე, რაც XV წიგნის დასაწყისშია გადმოცემული. გარდასახვის ჟანრი პოეტმა ელინისტური ხანის ბერძნული მწერლობიდან აიღო და უმაღლეს მხატვრულ დონრზე აიყვანა.

კარავაჯოს „ნარცისი“ დაზგური ფერწერის ნიმუშს წარმოადგენს. ფორმატით ვერტიკალური მართკუთხედია. შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე. ზომებიდან გამომდინარე კარგად აღიქმება საშუალო დისტანციიდან. გამოსახულია ნარცისი, რომელიც უნუგეშოდ იხედება წყალში. პერსონაჟი რეალისტურ გარემოშია ასახული. ჟანრობრივად მითოლოგიური ფერწერის ნიმუშს წარმოადგენს. გამოსახულება პირობითია და იდეალიზაციისაკენ იხრება. კომპოზიციის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ ნარცისი, წყალი და მისი ანარეკლი წყალზე. ობიექტი თითქმის მთლიანად ფარავს ფონს. კომპოზიცია გაწონასწორებულია და სტატიკურობისაკენ უფრო იხრება, ვიდრე დინამიკურობისაკენ. მოძრაობა არ შეინიშნება - ნარცისი უძრავია, ერთ პოზაში „გაყინული“ ჩაჰყურებს წყალს. მხატვრის მიერ ამორჩეული ხედვის წერტილი ფრონტალურია. სასურათო სიბრტყეზე გამოსახული ობიექტები მნახველთან ახლოს არის განთავსებული. სურათზე ხაზობრივი საწყისი არ იკითხება. სივრცობრივი ფენა ჩაკეტილია. სივრცობრივი ილუზია საგნების მოცულობის ჩვენებით იქმნება. საგნების კონტურები ხაზგასმულია. მოცულობა გადმოიცემა შუქ-ჩრდილის მეშვეობით. განათება კონტრასტულია. არ იკითხება განათების წყარო, მაგრამ იკითხება შუქის მიმართულება - მარცხნიდან მარჯვნივ.

ქრონოლოგიურად შემდეგი ნამუშევარი ამ თემაზე არის ჯონ უილიამ უოტერჰაუსის „ექო და ნარცისი“, რომელიც 1903 წელს შეიქმნა. ნახატი ლივერპულში, უოკერის სამხატვრო გალერეაში ინახება. სურათი დაზგური ფერწერის ნიმუშია და ჰორიზონტალზე გაშლილ მართკუთხედს წარმოადგენს. შესრულებულია ზეთის საღებავებით ტილოზე. კარგად აღიქმება საშუალო დისტანციიდან. კარავაჯოს ნამუშევრისაგან განსხვავებით, მასზე ორი ფიგურაა წარმოდგენილი: ნარცისი და ექო. ექო უიმედოდ შესცქერის ნარცისს, რომელიც, თავის მხრივ, წყალში იხედება და საკუთარ გამოსახულებას თვალს ვერ აშორებს. პერსონაჟები რეალისტურ გარემოში არიან გამოსახული. გამოსახულება პირობითია და იდეალიზაციისაკენ იხრება. კომპოზიციის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ პეიზაჟი ფონზე, ექო, ნარცისი და ასევე ყვავილი, რომელიც, როგორც ჩანს, ნარცისის პერსონაჟის გარდასახვის მომასწავებელია. კომპოზიცია გაწონასწორებულია და დინამიკური. მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეინიშნება: ექო, რომელიც იხრება ნარცისისაკენ და თავად ნარცისი გადახრილია წყლისაკენ. მხატვრის მიერ ამორჩეული ხედვის წერტილი ფრონტალურია. ასახული ობიექტები მნახველთან საკმაოდ ახლოს არის გამოსახული. სურათზე ხაზობრივი საწყისი არ იკითხება. მაყურებელი ჩართულია გამოსახულების აღქმისას. რაც შეეხება სასურათო სივრცის აგებას, შექმნილია ღრმა სივრცე. სივრცობრივი ილუზია საგნების მოცულობის ჩვენებით იქმნება. საგნების კონტურები ხაზგასმულია. მოცულობა, რომელიც შუქ-ჩრდილის მეშვეობით იქმნება, კარგად არის გადმოცემული. განათება თანაბარია.

მესამე და მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც ნარცისზე მითის ინტერპრეტაციას წარმოადგენს, სალვადორ დალის ეკუთვნის და მას „ნარცისის მეტამორფოზი“ ეწოდება. 1938 წელს დალიმ ფროიდი გაიცნო. მხატვარი მასთან შეხვედრას ვენაშიც ცდილობდა, თუმცა, საბოლოოდ ლონდონში, საკუთარ სახლში ესტუმრა. ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგიც ინგლისის დედაქალაქში ცხოვრობდა და ის დალის პოეტ ედვარდ ჯეიმზთან ერთად ფროიდთან გაჰყვა. დალიმ სხვა სიურრეალისტებისაგან განსხვავებით, ფროიდზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მომდევნო დღეს ფროიდმა შტეფან ცვაიგს წერილი გაუგზავნა, სადაც სტუმრობისათვის მადლობას უხდიდა.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • შორენა Shorena, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

     

text

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-28

გამოცემა

სექცია

სტატიები