„თბილისური მაკამის“ უახლესი ინგლისური თარგმანი
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-15საკვანძო სიტყვები:
კლასიკური მაკამა, ინტერპრეტაცია, იდიში, ტრანსკულტურაციაანოტაცია
„თბილისური მაკამა“ არაბი კლასიკოსი მწერლის ალ-ჰარირის (1054-1122) კრებულის 33-ე ნოველაა, სადაც მაკამათა ციკლის ორი მუდმივი პერსონაჟი – მთხრობელი და მთავარი გმირი თბილისის მეჩეთში ხვდებიან ერთმანეთს. მაკამები უკვე არაერთხელ ითარგმნა ინგლისურად, თუმცა ეს გახლდათ ზედმიწევნითი თარგმანები, 2020 წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული „თაღლითობანი“ კი იმიტაციაა და დედნის მეტად საინტერესო ინტერპრეტაციას წარმოადგენს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ალ-ჰარირის ორმოცდაათი ნოველიდან ერთს „თბილისური“ ჰქვია. ჩანს, რომ თბილისი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სავაჭრო-კულტურულ ცენტრად მოიაზრებოდა, მაგრამ ამერიკელი მთარგმნელი ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. უახლეს თარგმანში ნახსენებია თბილისი და კომენტარებში მას შესაბამისი განმარტებაც ახლავს, თუმცა „თბილისური მაკამის“ სათაური ლ. როსტენის კლასიკად ქცეული ლექსიკონის The Joys of Yiddish მიხედვითაა გადაკეთებული – The Joy of Yarabic (იდიშისა და არაბულის მხიარულება) და მასში Yinglish-ზე ორმოცდაათი სიტყვა გვხვდება. Yinglish (Yiddish+English) ივრითიდან შემოსული ლექსიკური ერთეულებით გამდიდრებული სასაუბრო ინგლისურია. რა კავშირშია მე-13 ს-ის „თბილისურ მაკამასთან“ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებული იდიშისა და ინგლისურის ნაზავი?!
რაკი პრიმიტიული სიუჟეტითა და დიდაქტიკური ტონით, მაღალფარდოვანი ენითა და გარითმული პროზით, ჩახლართული სტილითა და ისლამამდელი პოეტების ლექსებით, ყურანიდან და ჰადისებიდან მოხმობილი ციტატებით შეუძლებელია 21-ე საუკუნის რიგითი მკითხველის დაინტერესება, მთარგმნელი მაიკლ კუპერსონი შეეცადა, ინგლისურნოვანი საზოგადოება გლობალური ენის შესაძლებლობებით მოეხიბლა. მის თარგმანში ინგლისური წარმოჩენილია ერთი მხრივ, როგორც კლასიკური მწერლობის მდიდარი ენა; და მეორე მხრივ, როგორც მთელს მსოფლიოში გავრცელებული სალაპარაკო, საკომუნიკაციო საშუალება. ორმოცდაათივე ნოველა განსხვავებული სტილითაა თარგმნილი. გამოყენებულია სხვადასხვა სლენგიცა და ინგლისურენოვანი კლასიკოსი ავტორების იდიომებიც. „ეს თარგმანი პირველ რიგში პერფორმანსია... ის უნდა წაიკითხო როგორც ენის ზეიმი,“ – განმარტავს მთარგმნელი.
„თბილისური მაკამის“ იმიტაცია გაჯერებულია მთარგმნელი ენისა თუ კულტურის ასოციაციური კავშირებით ნოველის შინაარსთან, მის პერსონაჟთან. კუპერსონმა ამერიკელ ებრაელთა სასაუბრო ენა იმიტომ შეარჩია, რომ ამ ეპიზოდში მთავარი პერსონაჟის მოთქმა-ჩივილი სიღარიბის, ავადმყოფობის გამო, მისი სიმულანტობა, თითქოს ის ინვალიდია და სხვ., მთარგმნელს მე-20 ს-ის ებრაელი წარმოშობის ამერკელი კომედიანტების – ჰენი იანგმენის, დონალდ რიქლსისა და როდნი დანგერფილდის შემოქმედებას მოაგონებს. მათ მონოლოგებში ჩვეულებრივი რამ იყო პუბლიკისათვის თავის შეცოდება. სცენზე სამივე მათანი Yinglish-ზე მეტყველებდა. შოუმენების ფრაზეოლოგიის გარდა თარგმანში გამოყენებულია ებრაელ მარკ ტვენად წოდებული შოლემ ალეიჰამის (1859-1916) იდიშზე დაწერილი მოთხრობა „იომ ქიფურის სკანდალი“, რომლის მთავარი პერსონაჟი მაკამების გმირივით მატყუარა მოგზაურია. აქვეა ალუზიები ძველი აღთქმიდან, სასიმღერო ტექსტები აშშ-ში იდიშზე დადგმული სპექტაკლებიდან... ზოგან დედანი მთლიანად გადაკეთებულია. ტექსტში ჩართული ლექსები ნათარგმნი კი არ არის, იდიშზე დაწერილი მზა ლექსებითაა ჩანაცვლებული, თუმცა შენარჩუნებულია განწყობა, კონტექსტი. კუპერსონი ეცადა, არაბული დედნის „ლინგვისტური აკრობატიკის“ ანალოგი შეექმნა. ამერიკელ ებრაელთა ენა გამოიყენა როგორც გლობალური ინგლისურის შემადგენელი ნაწილი.
შუა საუკუნეების ტექსტები ხშირად ითარგმნება ცალკე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო აუდიტორიისთვის მეტი სიზუსტითა და სკრუპულოზურობით, და ცალკე – არასპეციალისტი მკითხველისთვის გარკვეული ცვლილებებით. თუმცა „თბილისური მაკამის“ პოპულარულ თარგმანში დედნის ენის ინტერპრეტაცია ფართო საზოგადოებისთვის არანაკლებ განმარტებას მოითხოვს. ის შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ როგორც გაინგლისურება, არამედ როგორც ტრანსკულტურაცია – ტრანსფორმაციის ფორმა, როცა ორიგინალში არსებული კულტურული ელემენტები ახლითაა ჩანაცვლებული. კუპერსონი აღიარებს – მისი თარგმანი მოშინაურებაა, სხვა გზა მიმღებ კულტურულ სივრცეში მაკამების შემოსატანად ვერ გამონახა. ლინგვისტური და სტილური ეკლექტურობის, კლასიკური ნიმუშის ახლებური ინტერპრეტაციის გამო მას პოსტმოდერნისტული თარგმანიც შეიძლება ვუწოდოთ.