ორფევსისა და ევრიდიკეს მითის ინტერპრეტაცია სალმან რუშდის რომანში „მიწა მის ფეხქვეშ“
საკვანძო სიტყვები:
რუშდი, ინტერპრეტაცია, მითი, ორფევსი, ევრიდიკეანოტაცია
ნაშრომში განხილულია ორფევსის და ევრიდიკეს მითის ინტერპრეტაცია სალმან რუშდის რომანში „მიწა მის ფეხქვეშ“. სტატიის მიზანია წარმოაჩინოს ორფევსისა და ევრიდიკეს მითის გადააზრების მნიშვნელოვნება პოსტკოლონიალისტურ და პოსტმოდერნისტულ სამყაროში, რომლის ნაწილსაც თავად ავტორი წარმოადგენს.
რუშდი პოსტკოლონიალისტ მწერლად მოიაზრება, რომელმაც სრულიად ახალი თეორიებით შეცვალა არსებული აზროვნებისა და იდეების საფუძვლები კოლონიალიზმის, პოსტკოლონიალიზმის, ერის, ეროვნების, ნაციონალიზმის, ისტორიის, პოლიტიკის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ რუშდის შემოქმედების კვლევა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის ერთგვარ სიახელს წარმოადგენს.
პოსტკოლონიალისტი ავტორები ხშირად მიმართავენ მითებს და ფანტაზიას, მაგიურ-რეალისტურ ტექნიკასთან ერთად, იმისთვის რომ ამხილონ იმპერიები. ასეთი ტექსტები სავსეა ეგზოტიკური, მაგიური, მითიური ელემენტებით. მსგავსი ელემენტების გამოყენება ითვლება ერთგვარ რეგიონალურ ალტერნატივად და პროტესტად სამყაროს ევროცენტრული კლასიფიკაციის წინააღმდეგ. მწერლებს შეუძლიათ სამყაროს საკუთარი, კოლონიზატორების მიერ ჩაგრული ერების რეალური ისტორია გააცნონ, რათა მოხდეს დომინანტი, დამპყრობელი ერის მიერ დამკვიდრებული ვერსიის გადააზრება, ინტერპრეტაცია. მარგინალიზებულ, ჩაგრულ ჯგუფებს ეძლევათ თვითგამოხატვის საშუალება. სწორედ მითის გამოყენებით ცდილობს რუშდი ხელახლა განმარტოს პოსტკოლონიური მიგრანტის იდენტობის ფორმირების პროცესი.
მკვლევარების აზრით, ავტორის გადაწყვეტილება გარდაქმნას ორფევსი თანამედროვე პერსონაჟად სავსებით გამართლებულია. რომანის პროტაგონისტი მუსიკის ღმერთია, მასაც ორფევსის მსგავსად ხალხის მოჯადოება შეუძლია. რომლის ცხოვრებას და მუსიკას რუშდი გამუდმებით მიგრაციის იდეასთან აკავშირებს.
ძველ ბერძნული ქანდაკებიდან ოცდამეერთე საუკუნის ექსპერიმენტულ მუსიკალურ ფორმებამდე, ორფევსი ათობით სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშის ობიექტს წარმოადგენს. რუშდის მიერ ორფევსის მითით დაინტერესება სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს განმარტებული ერთის მხრივ, ორფევსის ჩასვლა ჯოჯოხეთში დაკარგული ევრიდიკეს საპოვნელად მოგვაგონებს იმიგრანტის მიერ გეოგრაფიული და კულტურული საზღვრების გადაკვეთის სარისკო გადაწყვეტილებას. ორფევსის ფიგურის გამოყენებით, ავტორი ცდილობს მუსიკა ტრანსცენდენტური და უნივერსალური კომუნიკაციის ფორმაში ჩართოს.
აშკარაა, რომ რუშდისთვის ორფევსის სახე გაანსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ის არღვევს უკიდურეს საზღვრებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მისი შერეული და ძნელად გასაგები გენიალოგია- ზოგიერთ წყაროში ნათქვამია რომ ის აპოლონის ძეა, სხვაგან ის ეგრუსის ძედ გვევლინება- მას ბერძენად, თრაკიელად, ევროპელად და აზიელად წარმოგვიდგენს, რომელიც ერთდროულად კაციცაა და ღმერთიც.
რუშდი მხარს უჭერს ჰიბრიდული სამყაროს მოდელს. სამყაროს, სადაც განსხვავებულობა და ჰეტეროგენულობა არა მხოლოდ მისაღები, არამედ აუცილებელი და კულტურის უნიკალურობისთვის მნიშვნელოვანია. ის ფაქტობრივად იზიარებს ჰომი ბაბას იდეას, რომელსაც სურს ჰიბრიდიზაციის საშუალებით, შექმნას თანასწორობა კულტურებს შორის. ჰიბრიდიზაციის პირობებში არ არსებობს კულტურული იერარქია, დისკრიმინაცია, ცრურწმენა და მიკერძობულობა კულტურებს შორის.
რომანი წარმოადგენს ერთგვარ თავისუფალ სივრცეს, სადაც უძველესი მითები ინაცვლებენ ახალ ფორმებში- ივითარებენ კომპლექსურ იდენტობებს და ამავდროულად, იბადება მიგრაციის თანამედროვე მითები, ჩნდება მეტაფორები. შეიძლება ითქვას, რომ მითი, მიგრაცია და იდენტობის საკითხი წარმოადგენს რუშდის მუსიკალური რომანის მთავარ თემებს, რასაც გავლენა აქვს თანამედროვე გლობალ სამყაროზე.