ლიტერატურული სიუჟეტების სცენური ინტერპრეტაციის საკითხისათვის ბენჯამინ ბრიტენის მუსიკაში
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-13საკვანძო სიტყვები:
ბ. ბრიტენი, ინტერპრეტაცია, უ. შექსპირი, თ. მანი, ოპერაანოტაცია
ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციები და შესაბამისად, მათი ადაპტაციები საოპერო ჟანრში, მეტად რთული და კომპლექსური პრობლემაა. თითქმის წარმოუდგენელია, თავიდან აცილება იმ პრობლემისა, რაც წარმოიშობა ორიგინალურ ტექსტსა და ახალ ვერსიას შორის. ეს კი ზოგჯერ კომპოზიტორს და ლიბრეტისტს იძულებულს ხდის რადიკალურად შეცვალოს ორიგინალური ტექსტი, რათა მოახდინოს მისი წარმატებული ადაპტაცია მუსიკის მედიუმში.
სტატიაში ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ლიტერატურული ტექსტის სცენური ინტერპრეტაციები ბ. ბრიტენის ორ ცნობილ ოპერაში: „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „სიკვდილი ვენეციაში“.
XX საუკუნის მსოფლიო კლასიკური მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინგლისელ კომპოზიტორს, პიანისტსა და დირიჟორს - ბენჯამინ ბრიტენს. მას ხშირად უწოდებენ „ინგლისური ოპერის მამას“, რომლის მრავალჟანროვანი შემოქმედება დღესაც აქტუალურია. ბ. ბრიტენის შემოქმედების თვალსაჩინო ნაწარმოებებს საფუძვლად უდევს უ. შექსპირის, გი დე მოპასანის, ჰ. ჯეიმსის, თ. მანის, ა. ტენისონის, უ. ბლეიკის, ბ. ჯონსონის, ჯ. კიტსის, პ. ბ. შელის, ს. ტ. კოლრიჯის, ჰ. ლონგფელოუს, რ. ბერნსის, ტ. ჰარდის და სხვათა ლიტერატურული ტექსტები.
უ. შექსპირის ცნობილი პიესა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ საფუძვლად დაედო ბ. ბრიტენის ამავე სახელწოდების ოპერას. ამ პიესის მუსიკალური ინტერპრეტაცია მე-17 საუკუნეში იწყება, როცა დიდმა ინგლისელმა კომპოზიტორმა, ჰენრი პერსელმა შექმნა ოპერა ‘The Fairy Queen”. შექსპირის ზემოხსენებული პიესა არაერთი კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა.
ბ. ბრიტენი 1959 წელს წერს ოპერას „ზაფხულის სიზმარი“. იგი დაიდგა 1960 წლის 11 ივნისს და მას თავად ბრიტენი დირიჟორობდა. ოპერას ბ. ბრიტენი ლიბრეტოს გარეშე ქმნის და პირდაპირ ეყრდნობა შექსპირის პიესას.
სერიოზული ცვლილებები მოხდა ლიტერატურულ ტექსტში. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ეს ცვლილებები I აქტში. საოპერო ვერსიაში თითქმის ვერ მოხვდა I აქტის დიდი ნაწილი. განსხვავებით პიესისგან მთელი მოქმედება გადატანილია ტყეში, შესაბამისად შეცვლილია პერსონაჟების ფუნქციები და მნიშვნელობა.
შექსპირის მსგავსად, რომელიც პერსონაჟებისთვის განსხვავებულ პოეტურ ლექსიკას იყენებს, ბრიტენის მუსიკალური მასალაც სხვადასხვაგვარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსონაჟი ობერონი, რომლის გამორჩეულობა გამოიხატებოდა, როგორც მის იმიჯში, ასევე მის მუსიკალურ პარტიაში. რომელიც დაწერილი იყო კონტრტენორისთვის. ეს კი აძლიერებდა ობერონის მაგიურობას და მისი პერსონაჟის როგორც უცხოს განცდას.
ობერონის პარტია ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპრესიული და დრამატული შესძლებლობების ნაკრებია. იგი ერთის მხრივ გვახსენებს გარდასული დროის მუსიკის ტრადიციებს, ხოლო მეორეს მხრივ კასტრატებს, რომლებიც ერთდროულად ძალასთანაც ასოცირდებოდნენ და ფემინურობასთანაც.
ტიტანიას მძლავრი სოპრანო ასრულებს, რომელიც თითქოსდა სჯაბნის დასაწყისში ობერონს დრამატულად და მუსიკალურად, თუმცა ოპერის მესამე აქტში ეს იცვლება. ტიტანიას ფრაზები მუსიკალურად უბრალო და უფერული ხდება.
ეს ოპერა მეტად აქტუალურია დღესაც, თუმცა ის პრობლემატიკა, რაც შექსპირის პიესაშია, ოპერაში ნაკლებად არის წარმოჩენილი და გადაჭრილი.
„სიკვდილი ვენეციაში“ - ბრიტენის ბოლო ოპერაა, რომელიც მის გარდაცვალებამდე არც თუ ისე ადრე შეიქმნა. სიკვდილის თემა მასში ყველაზე დომინანტურია. ლიბრეტოს საფუძვლად კომპოზიტორი სარგებლობს თომას მანის სახელგანთქმული ნოველით „სიკვდილი ვენეციაში“. გერმანულ ნოველა, რომელიც არის სავსე მძიმე ფილოსოფიური აზრებით, ბრიტენი ცდილობს გადააკეთოს ინგლისურ ყაიდაზე. მისი აშენბახი შეიძლება ითქვას არის ინგლისელი ჯენტლმენი-ინტელექტუალი, თავშეკავებული და ძალიან მგრძნობიარე, სიკვდილზე მოფიქრალი და მისტიკური ღრმა გააზრების გრძნობით.
ბ. ბრიტენის ზემოაღნიშნული ოპერები განსხვავდებიან უ. შექსპირის და თ. მანის პირველწყაროებიდან. ისინი წარმოადგენენ მთლიანი მასალის სპეციფიკურ ინტერპრეტაციას და კომპოზიტორის ჩანაფიქრის განხორციელებას. ეს ყველაფერი კი განაპირობებს მათ სხვაგვარად წაკითხვას, რაც მათ აშორებს ორიგინალი ტექსტებიდან. თუმცა, აღინიშნოს რომ ორივე ოპერა და მათი ახლებური წაკითხვა მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ყველაზე მდიდარი და ორიგინალური ინტერპრეტაცია.