ვენდელ რაიდერის, როგორც ახალი ადამის ინტერპრეტაცია ჯუნა ბარნსის რომანში „რაიდერი“
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-9საკვანძო სიტყვები:
ჯუნა ბარნსი, ახალი ადამი, მოდერნიზმი, ახალი რელიგია, პაროდირებაანოტაცია
ამერიკელი მოდერნისტი მწერლის, ჯუნა ბარნსის 1928 წელს გამოქვეყნებული „რაიდერი“ მისი შემოქმედების პარიზულ პერიოდს უკავშირდება. ტექსტი, რომელმაც ცენზურის გამო პირვანდელი სახით ვერ მოაღწია, ზედმიწევნით ეხმიანება მიმდინარეობის მხატვრულ ესთეტიკას. ,,ჰორას ლაივრაითის“ გამომცემლობამ ტექსტს ცენზურა დაადო, ორიგინალი ხელნაწერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. 1979 წელს, ,,სენტ მარტინის“ გამომცემლობამ ჯუნა ბარნსს ტექსტიდან ამოღებული მონაკვეთების აღდგენის შესაძლებლობა მისცა, თუმცა მწერალმა უარი განაცხადა. იგი თვლიდა, რომ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში თავისი სათქმელი თქვა და მეტად აღარაფრის დამატება სურდა. რეალურად, ბარნსს არცერთი სიტყვა თუ წინადადება არ ამოუღია ტექსტიდან, მან ისინი ვარსკვლავებით შეცვალა და კიდევ უფრო მეტად მიმართა მკითხველის ყურადღება აკრძალული მონაკვეთებისკენ.
რომანის ცენტრალური გმირი, ვენდელ რაიდერი, წარმოადგენს ახალი ადამის მოდერნისტულ სახეს. ავტორი მას „ამქვეყნიურ იესოდ“ მოიხსენიებს, რომლის მთავარ მიზანს ახალი რელიგიის შექმნა წარმოადგენს.ვენდელის სიმბოლურ კავშირს იესოსთან, მისი მუცლად ჩასახვის ისტორიაც ამყარებს. ვენდელის დედა, სოფია გრივ რაიდერი ამბობს, რომ იგი მას შემდეგ დაორსულდა, რაც სიზმარში იხილა ბეთჰოვენი. ამ შემთხვევაში, სოფია გვევლინება ღვთისმშობელი ქალწულის ამპლუაში, რომელმაც უბიწო ჩასახვის გზით მოავლინა ამ ქვეყნად „ერისკაცი იესო“. ბარნსისეული ახალი ადამისრელიგია, წინა პლანზე აყენებს ხორციელ სიამოვნებასა და პოლიგამიური ურთიერთობის გზით რაც შეიძლება მეტი ქალის განაყოფიერებას. ჰედონისტური შეხედულების მქონე რაიდერი უარყოფს რელიგიისა და კანონის მიერ დადგენილ წესს და ცხოვრობს ორ ცოლთან ერთად, თუმცა მათ გარდა არაერთ ქალთან აქვს ურთიერთობა.რაც შეიძლება მეტი ქალის განაყოფიერების იდეის განსახორციელებლად „ახალი ადამი“ ძალის გამოყენებასაც არ ერიდება, რაც მას უფრო მოძალადე ნიმფომანიაკის სტატუსს ანიჭებს, ვიდრე გამრავლებისათვის მებრძოლი ღმერთის ძის სახეს. ავტორის მხრიდან ამგვარი მიდგომა, ვიქტორიანული ეპოქის წინააღმდეგ გალაშქრებასა და მის პაროდირებაზე მიგვანიშნებს, სადაც აუცილებელი იყო ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალშვილიანობაც ნორმად მიიჩნეოდა. მეორე მხრივ კი ბარნსი დასცინის რელიგიურ დოგმებსა და მის ნიადაგზე აღმოცენებულ, გადაგვარებულ თანამედროვეობას, რომლისთვისაც ოჯახის ცნებამ ღირებულება დაკარგა.
ვენდელის მხრიდან ბუნების ფენომენის განდიდება, ამჟღავნებს ტრანსცენდენტალისტთა გავლენას და ამავდროულად განასახიერებს სამოთხის მიმართ ნოსტალგიას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იგი ცხოველთათვის დამახასიათებელ, ერთგვარ პირველყოფილ ბუნებას ავლენს, მისი ფილოსოფია სამყაროს მიმართ უფრო გროტესკულ ჭრილში აღიქმება. ვენდელის შესახებ მწერალი ჩოსერისეული ენითაც კი გვყვება: ,,ვენდელის საქმიანობანი“ პირდაპირ ეხმიანება „კენტერბერიული მოთხრობებიდან“ „სერ თოპასის ამბავს“. შეიძლება ითქვას, რომ იგი ზედმიწევნით იმეორებს მის რითმს და სტრუქტურას. არქაული სიტყვების განსამარტავად ავტორი სქოლიოებსაც იყენებს და მკითხველს საკუთარი მონათხრობის გაგებაში ეხმარება. ტექსტის ამგვარად წარმოდგენით, ბარნსი ითვისებს როგორც მწერლის, ისე ფილოლოგის და რედაქტორის როლს; ამასთანავე, იკვეთება მისი ირონიული დამოკიდებულებაც, რადგან მკითხველს შინაარსის გასაგებად სქოლიოებისთვის უწევს თვალის მიდევნება. ჯუნა ბარნსი ერთგვარ ჯაჭვისებურ რეაქციას ამყარებს საკუთარი ტექსტის ჯეფრი ჩოსერის პოემასთან მიმართებაში, რადგან „სერ თოპასის ამბით“, ჩოსერმა დასცინა არაფრისმთქმელ, ერთფეროვან რაინდულ რომანებს; მოდერნიზმის ეპოქაში მოღვაწე მწერალმა კი მე-14 საუკუნის ნაწარმოებზე დაყრდნობით მოახდინა არა მხოლოდ აღნიშნული ტექსტის, არამედ „ერისკაცი იესოს“, ვენდელ რაიდერის პერსონაჟის პაროდირებაც.