ბაროკოს ესთტიკის დუალისტური საწყისები ჯონ დონის პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.55804/jtsu-2960-9461-2023-10საკვანძო სიტყვები:
დონი, ბაროკო, კონსიტი, მეტაფიზიკური, დუალისტურიანოტაცია
XVII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ლიტერატურის კრიტიკოსები ჯონ დონის შემოქმედებას სხვადასხვა ჭრილში შეისწავლიან. „მეტაფიზიკოსი“ ავტორის პოეზიის სიღრმე და თემატიკის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, რომ იგი სხვადასხვა ეპოქასა და პერსპექტივას მოვარგოთ. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ჯონ დონის პოეზიას ლიტერატურის თეორეტიკოსები განიხილავენ რენესანსის, ბაროკოს, მოდერნიზმის ან თუნდაც პოსტმოდერნიზმის თვალთახედვიდან.
ჯონ დონის პოეზიის უნიკალური ხატოვანება და თვითმყოფადობა, რაც თანამედროვე ეპოქისთვის დიდ სიახლეს წარმოადგენდა, მეტაფიზიკური პოეზიის ვიზუალურ ხელოვნებასთან კავშირში შესწავლის შესაძლებლობასაც იძლევა. როგორც ეპოქის წარმომადგენელი, დონი თავად იყო იმ გრანდიოზული ცვლილებების თანამონაწილე, რამაც საბოლოოდ ბაროკოს ეპოქა განსაზღვრა; აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის საერთო კულტურულ-ესთეტკური ტენდენციები რაც ხელოვნების სხვადასხვა დაგრში ჯაჭვური რეაქციის მსგავსად ინერგებოდა, დონის პოეზიაშიც გამოიკვეთა.
ჯონ დონის პოეზიის შესწავლა შეუძლებელია ბაროკოს ესთეტიკის პერსპექტივის გათვალისწინების გარეშე, ისევე როგორც ბაროკოს ვიზუალური ხელოვნების შესწავლა იქნება არასრული მეტაფიზიკური პოეზიის მხედველობაში მიუღებლობის შემთხვევაში, ვინაიდან კავშირი სიტყვასა და ხელოვნებას შორის უდავოდ დიდია. ჩვენთვის საინტერესოა, თუ რა სახით იჩენს „მეტაფიზიკოსებთან“ თავს ბაროკოს, როგორც ხელოვნებათმცოდნეობითი საგნის პოეტიკა.
როგორც ჯონ დონის ლირიკის, ისე ბაროკოს, როგორც ვიზუალური ხელოვნების ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფერო სულისა და სხეულის დუალისტური ბუნებაა. შეპირისპირებული საწყისების აღსაწერად გამოყენებული გამოხატვის ფორმები ხელოვნების ორივე სფეროსთვის, როგორც პოეზიის, ისე ფერწერის ან სკულპტურის შემთხვევაში, თვისობრივად ერთიდაიგივეა. მეტაფიზიკურ ლექსში გამოხატვის ასეთ ფორმებად მიიჩნევა ჭარბი ხატოვანება, განსხვავებულთა ძალდატანებითი კავშირი - მახვილგონიერება, რთული გავრცობილი მეტაფორა - კონსიტი, პარადოქსი და სხვა. ვიზუალურ ხელოვნებაში გამოხატვის მთავარი ფორმებია: დინამიკურობა, გაზვიადება, პომპეზურობა, დრამატული განცდები, შეუთავსებელი კონტრასტების შეთავსება, სიტლანქე, ნატურალიზმი, მუდმივი მოძრაობა თუ ქაოტურობა. ამდენად, ლოგიკურია ბაროკოს ეპოქის ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებსა და მეტაფიზიკურ პოეზიას შორის არსებული მსგავსებაც. პარალელები თვალსაჩინოა. პრებაროკული პერიოდიდან - მანიერიზმიდან მოყოლებული ეპოქის ბოლომდე, ცივილიზებული ევროპის წარმომადგენელი ფერმწერები, მოქანდაკეები თუ მწერლები, ურთიერთდამოუკიდებლად, საერთო ღირებულებების ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ამ შეხედულების თვალსაჩინო მაგალითია პარმიჯიანინოს, ელ გრეკოს, არტემისა ჯენტილეჩის, კარავაჯოს, ბერნინის შემოქმედება, რომელიც თემატური და სიმბოლური თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია მეტაფიზიკურ ლექსთან. ხელოვნების ორივე სფეროს აინტერესებს ისეთი საკითხები როგორიცაა ფიზიკურ და „მეტაფიზიკურ“ სამყაროს შორის არსებული კავშირი, დროის წარმავალი ხასიათი, სულისა და სხეულის დუალიზმი, რელიგიური და საერო იდეოლოგიის ერთის მხრივ შეპირისპირება, მეორეს მხრივ კი მათი საერთო ხასიათის წარმოჩენა და ამაღლებული რელიგიური ემოციების გატრივიალურება.
წინამდებარე მოხსენებაში განხილულია ბაროკოს ესთეტიკის დუალისტური საწყისები ჯონ დონის შემოქმედებაში. ავტორის რამდენიმე ლექსის ანალიზისა და მათი ბაროკოს ეპოქის სახვითი ხელოვნების ნიმუშებთან შედარების საფუძველზე წარმოჩენილია ხელოვნების ორ სფეროს შორის არსებული პარალელები. გამოკვეთილია რელიგიური თემატიკისა და ხატოვანების ორაზროვანი კონტექსტის მნიშვნელობა დონის პოეზიასა და ბაროკოს სახვითი ხელოვნების ნიმუშებში. ხაზგასმულია ბიწიერისა და ღვთაებრივის, ხორციელისა და რელიგიურის ფიზიკურისა და „მეტაფიზიკურის“ არა ურთიერთშეპირისპირებულ, არამედ, კონცეპლტუალურად, საერთო ხასიათზე.